ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ოდიკაძემ ბრინჯაოთი განაგრძო [VIDEO]

AutoSharing Option
რიგაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღესაც ჩვენმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რომელსაც ელიზბარ ოდიკაძე (97) დაეუფლა. ოღონდ, პირველი დღისგან განსხვავებით, გუშინ ჩვენმა ორივე ფალავანმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის, თუმცა ზურაბ იაკობაშვილი (65) დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ორივე წონაში მოვლენები ლოგიკურად განვითარდა - ჩვენებმა მოსაგები პაექრობები მოიგეს და რეალურად ძლიერებთან წააგეს.

ოდიკაძემ პირველი ორი პაექრობა იოლად, წმინდად მოიგო - შვეიცარიელ ფილიპ მარსელ ჰუტერთან 10:0, ხოლო სლოვაკ იოჟეფ იალოვიართან 11:0 იმარჯვა.

აი, ამის შემდეგ მოსალოდნელი მარცხის დრო დადგა - მისი მეტოქე რუსთა ჩეჩენი
მსოფლიოს მესამეპრიზიორი და ამ ტურნირის მომავალი გამარჯვებული, რამზან კადიროვის პირადი დაცვის წევრი და სპეცრაზმში გამობრძმედილი ანზორ ბოლტუკაევი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენი ფალავანი მასთან პირწმინდად, 0:12 დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადავიდა. იქ ჯერ პოლონელ რადოსლავ ბარანს 5:1 მოუგო, დამამშვიდებლის ფინალში კი უკრაინელთა ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვალერი ანდრეიცევი 3:1 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


შეგახსენებთ, რომ ოდიკაძე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია, ეს კი მის კარიერაში მორიგი სოლიდური მედალია.

ამავე წონაში ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავა კიდევ ერთმა ქართველმა, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ჩიქოვანმა, მაგრამ გერმანელ ერიკ სვენ ტილესთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ჩემპიონი, როგორც გითხარით, ბოლტუკაევი გახდა, ვინც ფინალში ბელორუსთა ევროპის მედალოსანი ივან იანკოუსკი პატარა ბავშვივით აბურთავა - 11:0 მოუგო.

პირველი შეხვედრა იაკობაშვილმაც იოლად მოიგო - რუმინელ გეორგე ბუცურს 4:1 აჯობა. სამაგიეროდ, თურქთა ევროპული თამაშების მესამეპრიზიორ მუსტაფა კაიასთან 1:7 დათმო. საბედნიეროდ, თურქი ფინალში გავიდა და იაკობაშვილსაც სანუგეშოს გზა გაეხსნა, სადაც სლოვაკ დავიდ ჰაბატს 6:0 კი მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს ისრაილ კასუმოვთან 4:13 წააგო.

კუბელი ფრანკ მერკეზ ჩამიზო ევროპელთა ჭირად გადმობარგდა იტალიაში - ყველა აქაურს უგებს და ახლაც დამაჯერებლად დაჯაბნა თურქი კაია.

ამდენად, ორი დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაგარი ორი მედალია, ორივე - ბრინჯაოსი. თუმცა დღეს ჩვენი მთავარი იმედი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, ვინც ახალ წონაში - 61 კილოგრამში იასპარეზებს.

ის ტურნირში პირველივე წრიდან ჩაებმება, სადაც მაკედონიელ იასინ რეჯალარის ხვდება. ბადის ამავე ნახევარშია აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგები და ევროპის ჩემპიონი ჰაჯი ალიევიც. ვნახოთ, შეუშლის თუ ვერა ხელს ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებაში ხინჩეგაშვილი, თუმცა მათი შეხვედრა ერთგვარი პრინციპული პაექრობაც იქნება, რადგან ორი წონის მსოფლიოს ჩემპიონები შეერკინებიან ერთმანეთს. საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჩემპიონი დამხვდურის განდევნას 61-ის ტახტიდან.

დღეს ჩვენგან იაკობ მაქარაშვილიც (74) ჭიდაობს, თუმცა წილისყრამ დიდად არ გაუმართლა - პირველ შეხვედრას აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსან ჯაბრაილ ჰასანოვთან გამართავს. ამ წყვილის გამარჯვებულს მეორე წრეში ერთ-ერთ შესაძლო მეტოქედ უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის მედალოსანი გია ჩიხლაძეც ელოდება.

ჭიდაობა. თავისუფალი. ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები
65 კგ
1. ფრანკ მერკეზ ჩამიზო (იტალია)
2. მუსტაფა კაია (თურქეთი)
3. ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)
სემენ რადულოვი (უკრაინა)
5. ზურაბ იაკობაშვილი (საქართველო)

97 კგ
1. ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)
2. ივან იანკოუსკი (ბელარუსი)
3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)
ერიკ სვენ ტილე (გერმანია)

ქალები
53 კგ
1. სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი)
2. ირინა კურაჩკინა (ბელარუსი)
3. ნინა ჰემერი (გერმანია)
იულია ხავალჯი-ბლაჰინია (უკრაინა)

60 კგ
1. პეტრა მაარიტ ოლლი (ფინეთი)
2. ოქსანა ჰერჰელი (უკრაინა)
3. იულია რატკევიჩი (აზერბაიჯანი)
იულია პრონცევიჩი (რუსეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა საჭიროა ასეთი დაკომპლექსებული აღფრთოვანება? მართლა ყველაფერი ხომ არ უნდა დაგიწეროს სხვამ, თუნდაც ქრთველებისადმიარამთლადკარგადგანწყობილ /:)/ პუტინელზე?!
წინა მსოფლიოზე "მშვენივრად მოახერხა" წაგება კადიროველმა.
17:56 10-03-2016
0
არის "რაღაცეები"(!) რასაც ზედმეტად და უამრავჯერ(!) ხაზგასმა არ სჭირდება და მიუღებელია. შენ თუ ყურადღებას არ აქცევ, სხვისთვის სულერთი არაა! ისე, "კადიროვის დაცვის წევრი" სად წაიკითხე?!
გიო-ს
17:51 10-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული