მონღოლეთის ტურნირი: რევაზ ლაშხს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
22 აპრილს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა მორიგი ოლიმპიური საგზური მოიპოვა, რომელიც რევაზ ნადარეიშვილის (98) ანგარიშზეა. ქართველი ფალავანი მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირის ფინალში გავიდა, რითაც ოლიმპიური საგზური გაინაღდა.

ნადარეიშვილმა ფინალამდე ოთხი მეტოქე: ნორვეგიელი მარტინ ნიელსენსი 3-1, ყირგიზი უზურ ძუძურბეკოვი და პოლონელი რადოსლავ გრიბიცკი 6-0, ნახევარფინალში შვედი ფრედრიკ შოენი 4-1 დაამარცხა, ფინალში კი ბელორუს ალექსანდრ ჰრაბოვიკს შეხვდება.

დღესვე ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (59), რობერტ კობლიაშვილი (85) და იაკობ ქაჯაიაც (130) გავიდნენ, თუმცა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს.

ლაშხს ერთი
გამარჯვება დააკლდა ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად - პირველივე შეხვედრაში მომავალ ფინალისტთან, ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგესთან 2-6 დამარცხდა და დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც მოლდოველი ვიქტორ ჩიობანუ 6-1 დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოსთვის კი უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკს 4-2 მოუგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ლიცენზიის მოსაპოვებლად, რომელიც მხოლოდ ერთი ბრინჯაოსპრიზიორისთვის იყო განკუთვნილი, ოქროს მესამე ადგილისათვის კი ჩვენებური უზბეკ ელმურატ ტასმურადოვთან 0-4 დამარცხდა.

მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) პუერტორიკოელი ედგარდო ლოპეს მორელი 8-0, მომდევნო წრეში კი შვედი იოჰა ეურენი 3-0 დაამარცხა, ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებდა, თუმცა ჩინელ ქიანგ მენგთან 1-2 დათმო შეხვედრა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი არ გაუმართლა ბულგარელ მეროსლავ მეტოდიევთან, როდესაც ჩოქმბჯენიდან მეტოქის დატრიალებისას თავად მოყვა ილეთზე და სუფთად წააგო.

რობერტ კობლიაშვილმა (85) პოლონელ დამიან იანიკოვსკის 8-3 და იტალიელ ფაბიო პარისტის 4-3 სძლია, მეოთხედფინალში გერმანელ რამსინ აზიზსირთან დამარცხდა და რადგან მეტოქეც ვეღარ გავიდა ფინალში, ჩვენებურიც გამოეთიშა ასპარეზობას.

ამდენად, საქართველოს ბერძნულ-რომაულ ნაკრებს სამი ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ რომ წინა კვირაში სერბეთში, ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ლიცენზიები შმაგი ბოლქვაძემ (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (75) მოიპოვეს, ახლა კი მესამე ლიცენზია რევაზ ნადარეიშვილმა (98) დაისაკუთრა.

ოლიმპიური საგზურების მოპოვების ბოლო შანსი კი ჩვენს ნაკრებს 6-8 მაისს, სტამბულში გასამართ მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირზე ექნება, სადაც ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

24 აპრილს კი მონღოლეთში ზურაბ იაკობიშვილი (65) იასპარეზებს და თავისუფალთა ნაკრებისთვის დარჩენილი ერთი ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება.

wrestling.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული