თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონად გამოცხადებული ორივე ფინალისტი, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, პოლიციის ჩარევა, მსაჯისთვის თავში გარტყმული ბოთლი, დაღესტნის ნაკრების პროტესტი, რომელმაც პირველივე დღეს მიატოვა ჩემპიონატი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ არეულობებისა, რაც რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჩემპიონატზე მოხდა.

ეს ტურნირი 29 მაისს დაიწყო იაკუტსკში და 30-ში დამთავრდა. ის საოლიმპიადოდ რუსთათვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენი კი არა, მსოფლიოს საჭიდაო სამყაროს ყურადღების ცენტრში იყო. სანაცვლოდ დიდი ცირკი შეგვრჩა ხელთ.

არეულობა ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო წონაში - 57 კილოგრამში დაიწყო, სადაც საოლიმპიადოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე
უნდა გამოვლენილიყო. სხვებთან ერთად გამარჯვებისთვის მისი ძველი მეტოქე, ოლიმპიური და ევროპის ჩეჩენი ჩემპიონი ჯამალ ოთარსულთანოვიც იბრძოდა, უმთავრეს ფავორიტთა შორის კი მასპინძელთა ლიდერს, ეროვნებით იაკუტ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ვიქტორ ლებედევს და ზედა წონიდან ჩამონაცვლებულ (მოგეხსენებათ, 61 კილოგრამი არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში) ბურიატთა ევროპული თამაშების გამარჯვებულ ალექსანდრ ბოგომაევსაც ასახელებდნენ.

ლებედევი-მუსუკაევი: სკანდალის დასაწყისი
პირველი არეულობაც ლებედევის მეოთხედფინალურ შეხვედრას მოჰყვა დაღესტნის სახელით მოჭიდავე ყაბარდოელ ისმაილ მუსუკაევთან.

ლებედევი, ვისაც ამ შეხვედრაში სეკუნდანტად გორელი მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ მოდოსიანი ეჯდა, სახა-იაკუტიის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა და მისგან განუზომელი ფინანსურ-მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერით სარგებლობს.

სადაც სამართალია, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ შორეულ ციმბირში ჭიდაობის აღორძინება დიმიტრი მინდიაშვილის სახელთან ერთად (რომელმაც კრასნოიარსკში საჭიდაო აკადემია ჩამოაყალიბა) სიძე-სიმამრის ამ ტანდემსაც უკავშირდება, თუმცა ფულიანი სიმამრი თანხებს არც მაქინაციებისთვის ზოგავდა და ლებედევს ყოველთვის წითელ ხალიჩას უფენდა...

ახლაც არავის ეეჭვებოდა, რომ ციმბირელები ყველაფერს გააკეთებდნენ მისი გამარჯვებისთვის. მით უფრო, 28 წლის სპორტსმენისთვის, ვისაც ძალიან უჭირს წონის დაკლება, ეს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსია. მას ახლაც ეძნელება რუსეთის ნაკრებში მოხვედრა, ხოლო მომავალ ოლიმპიურ ციკლზე ზედმეტია ლაპარაკი...

ლებედევს აქამდე არასოდეს უჭიდავია ოლიმპიადაზე. ლონდონის წინ ისიც იყო თამაშებზე წასვლის კანდიდატი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის ფინალი წააგო ოთარსულთანოვთან. სხვათა შორის, ოლიმპიადის წინ ვრცელდებოდა ჭორები, რომ ციმბირელებმა ჩეჩენს ნაკრებში ადგილის დათმობის სანაცვლოდ დიდი ფული შესთავაზეს...

ბუნებრივია, ამაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კულუარულ ბრძოლაზე მოგვიანებით ჩეჩენის ოსმა პირადმა მწვრთნელმა ანატოლი მარგიევმაც მიანიშნა, რომელმაც ოპონენტებს ნიშნისმოგებით უპასუხა, აი, ზოგიერთები რომ ამბობდით, ოთარსულთანოვს თამაშების მოგება არ შეუძლია, ახლა ხომ დარწმუნდითო.

თუმცა დავუბრუნდეთ ლებედევი-მუსუკაევის შეხვედრას, რომელშიც პირველი ქულა დაღესტნელმა მოიპოვა - მეტოქე წრის გარეთ გადააგდო და 2:0 დაწინაურდა. ცოტა ხანში უკვე ლებედევმა გაიყვანა ის წრიდან და აი, აქ მოიქცა მსაჯი უცნაურად: ლებედევს ილეთი არ დაასრულებინა, ჩასტვინა და 2 ქულა მისცა. ბუნებრივია, ეს დაღესტნელებმა გააპროტესტეს, რაც მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს და ლებედევს ერთი ქულაც დაუმატეს: 3:2.

მუსუკაევმა ანგარიში მეორე პერიოდში გაქვითა მეტოქის წრიდან გაყვანით, ფრე კი მას აძლევდა ხელს. ალბათ, ამიტომ ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ჭიდაობა და ბოლო წუთზე მსაჯმა პასიურობისთვის სრულიად სამართლიანად ჩაურთო 30-წამიანი საჯარიმო დრო. მუსუკაევმა ქულა ვერ მოიპოვა და ლებედევი 4:3 დაწინაურდა. დაღესტნელმა ანგარიშის გაქვითვა ვერ შეძლო, რადგან შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც ორიოდე წამი რჩებოდა.

სამაგიეროდ, გაცეცხლებულმა მუსუკაევმა გვარიანად უბიძგა ციმბირელს, იმანაც ხურდა დაუბრუნა და აი, მაშინ ატყდა რამდენიმეფაზიანი ჩხუბი, რომელიც რამდენჯერმე მინავლდა და იფეთქა, პოლიციამ კი ძლივს შეძლო ლეიბის გათავისუფლება ზედ შეჭრილი ხალხისგან.

მსაჯსაც სწორედ ამ დროს მოხვდა თავში ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი.

ეს იყო და დაღესტნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საჯიდ საჯიდოვმა შეჯიბრებიდან მოხსნა იმ დღეს მოჭიდავე თავისი ყველა ფალავანი, ხოლო გუნდმა შაბათ-კვირას ჭიდაობაზეც უარი განაცხადა. ამიტომ ტურნირს დააკლდნენ ისეთი ცნობილი ფალავნები, როგორებიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შამილ კუდიამაგომედოვი (86), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97) და ორივე სტილში მოჭიდავე ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის და მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ბილიალ მახოვი (125) და კიდევ უამრავი ანგარიშგასაწევი ფალავანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაით რა, რაებს იძახით. მაგის მერე ლებედევი გამოვიდა და თვითონვე აღნიშნა რომ მის მიმართ გადახრები იყო და თქვენ კიდე მაგ გადახრებზე არაფერი გითქვიათ. ლებედევმა ისიც თქვა რო ოლიმპიადაზე არ იჭიდავებს მიუხედავად იმისა რო ეს მისი ოცნება იყო. არ გეკადრებათ ეს.
just me
18:16 01-06-2016
0
ამავე იმ ქართველებისაც ვინც იქ აკადემიებს ხსნის!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული