11:20 11-07-2016
მადრიდის ტურნირი: სანდრო ამინაშვილმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
მადრიდში გამოსვლის ერთადერთი მიზანიც ეს იყო - გარკვეულიყო კონკურენცია ამ წონაში, სადაც ორი ძლიერი კონკურენტი აცხადებდა პრეტენზიას, თორემ ეს ტურნირი არც შედიოდა ჩვენი გუნდის გეგმებში. იქ წასვლაც ბოლო პერიოდში გადაწყდა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი მოჭიდავეებს ნაკრების მწვრთნელ დავით პოღოსიანთან ერთად პირადი მწვრთნელებიც თან ახლდნენ.
ესპანეთში გამოსვლის ერთადერთ მიზეზზე ისიც მიუთითებს, რომ მწვრთნელთა შეთანხმებით ამინაშვილმა აღარ გააგრძელა გამოსვლა ტურნირში. ამით მარსაგიშვილმა სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი კი დაკარგა, მაგრამ იქ ჭიდაობა და თუნდაც ბრინჯაოს მედლის მოპოვება არაფერს ცვლიდა - მთავარი ურთიერთშეხვედრა იყო, სადაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
შესაძლოა, მწვრთნელები ამინაშვილის დატვირთვასაც მოერიდნენ. ეს არ იყო ძლიერი ტურნირი, მაგრამ როგორც გითხარით, ის არ შედიოდა ჩვენებურთა გეგმებში. ამიტომ ამ ეტაპზე არც სპორტსმენთა სატურნირო დატვირთვა იყო გათვალისწინებული, მზადება სულ სხვა გეგმით მიდიოდა და ახლანდელი ჭიდაობა დისონანსს შეიტანდა ფალავანთა სადღეისო მდგომარეობაში.
ჩვენები პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და ორთაბრძოლა თითქოს მარსაგიშვილის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ამინაშვილი არა მარტო კარგად იცავდა თავს, დაწყებიდან მალევე კონტრშეტევით კინაღამ ქულასაც გამორჩა. თუმცა მალევე ისარგებლა დგომში მოპოვებული ტაქტიკური უპირატესობით და წელში შევიდა, საიდანაც კარგად გადაიყვანა 2-ქულიანზე. სამი ეპიზოდიდან მალევე მეტოქეს ფეხში შესვლის მცდელობაც დაუხურა და არც ზურგიდან შემოვლა დაანება.
მოგვიანებით ამინაშვილმა კარგად შეურჩია მომენტი და ისევ წარმატებით შევიდა წელში, კარგადაც შეკრა და დგომიდან საკმაოდ მაღალი ტრაექტორიით გადააგდო. იქვე ბეჭებზე დაწვენასაც ცდილობდა დიდხანს, თუმცა ვერ შეძლო, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა, მიზანს მაინც მიაღწია.
ამის შემდეგ შანსი მარსაგიშვილსაც მიეცა, როცა ფეხიდან აიყვანა კონკურენტი, მაგრამ ამინაშვილმა ჩინებულად დაიცვა თავი და "ფეხი არ ააღებინა". ზოგადად, ამინაშვილმა დაცვაში უაღრესად ყურადღებით იჭიდავა - ეტყობოდა, რომ თავდაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ცდილობდა, დისტანციაზე ეჭიდავა, თუმცა, პარალელურად, შეტევასაც დიდ ადგილს უთმობდა და მცირეოდენ შანსს იყენებდა საამისოდ. ოღონდ ძალიან ფრთხილად კი ირჯებოდა და შეცდომა, ფაქტობრივად, არ დაუშვია.
შეგახსენებთ, რომ ამ წონაში ლიცენზია სწორედ ამინაშვილმა მოიპოვა შარშან, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა, მანამ კი ევროპულ თამაშებზე დაიმსახურა ბრინჯაო.
მადრიდში ჩვენგან სამი მოჭიდავე გამოვიდა ბერძენ-რომაელთა ტურნირშიც, თუმცა მათგან არც ერთი არ ყოფილა ნაკრების ლიდერი. წონების ფავორიტები ახლა მინსკში არიან შეკრებაზე, ესპანეთში კი სათადარიგო ფალავნები გამოვიდნენ: მინდია წულუკიძე (75), გელა ბოლქვაძე (80) და ლაშა გობაძე (85). ყველა მათგანი აჭარის წარმომადგენელია, მათ კი ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე ხელმძღვანელობდა. ამ ტრიოს მონაგარი 2 მედალია - ოქრო და ბრინჯაო. ტურნირის ჩემპიონი ბოლქვაძე გახდა, მესამეზე კი გობაძე გავიდა.
ბოლქვაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია, თუმცა აქამდე ის ქვედა წონაში გამოდიოდა. ვერ გეტყვით, არაოლიმპიურ წონაში - 80 კილოგრამში დროებით იჭიდავა თუ რეალურად აპირებს იქ გადასვლას, მაგრამ ეროვნული ნაკრების სახელით პირველი ტიტული კი მოიგო.
თავდაპირველად მან მასპინძელი ადრიან ფორტუნი წმინდად, 12:0 დაამარცხა, უნგრელ ლასლო საბოს 6:3, ფინალში კი ფაზი მაჰმუდის 8:2 მოუგო.
გობაძეც ზედა წონაში გამოვიდა. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი მოთელვაა ამ წონაში გადასვლისკენ, რადგან, როგორც გითხარით, 80 კილოგრამი არაოლიმპიური წონაა. არადა, საცოდაობაა, გობაძის დონის მოჭიდავე, ვინც ძალიან ტექნიკურად და მართლაც გამორჩეულად ლამაზად ჭიდაობს, ოლიმპიადის გარეშე დარჩეს. ის აქამდეც აინაცვლებდა ზევით, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წონა არ უწყობს ხელს და ამიტომ ამ ციკლში თავი შეიკავა, თუმცა არც მწვრთნელები არიან უარზე, მომავალ ოლიმპიურ ციკლში 85 კილოგრამში იხილონ.
შეიძლება ითქვას, მანაც წარმატებით ჩააბარა ტესტი ახალ წონაში. 23-წლიანებში ევროპის ორგზის ჩემპიონმა მექსიკელი ალფოსო ლეივა გაანადგურა - 13:0, შემდეგ კი რუსეთის სახელით მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან 2:11 წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩვენებურმა იტალიელი ფაბიო პარისი 12:3 დაჯაბნა.
წულუკიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ილიას მაგომედოვთან და გავარდა, რადგან რუსმაც მალევე წააგო და ქართველს სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი არ მიეცა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წრმატებით გევლოს მთელი ცხოვრება.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული