13-18 სექტემბერს თბილისი ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც, უდავოდ, წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა იქნება საქართველოში. ის სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდება და ჩვენი გუნდები სამივე დისციპლინაში გამოვლენ, ანუ ბიჭებთან ერთად გოგონებშიც გვეყოლება გუნდი.
ჯერჯერობით შემადგენლობა სწორედ გოგონების მთავარმა მწვრთნელმა ბესარიონ გუჩაშვილმა დაასახელა, რომელმაც მსოფლიოსთვის ოთხი შეგირდი შეიგულა: გულიკო არუთინიანი (40), მარიამ კარელიძე (43), თამუნა სამხარაძე (46) და თამარ ხოჯაშვილი (52).
ამათგან ყველაზე გამოცდილი ხოჯაშვილია, ვინც ორიოდე თვის წინ თურქეთში საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა
თუმცა, რასაც თავად არიდებენ, იმას მეტოქე არ მოერიდება და ღირს კი განა მისი ჭიდაობა? ექიმების დასკვნით, საბოლოოდ ოპერაცია სჭირდება და მის გაკეთებას მსოფლიოს შემდეგ აპირებენ, ამ ეტაპზე კი თავად სპორტსმენის სურვილიც ყოფილა, რომ მსოფლიოს პირველობაზე იჭიდაოს და მერე გაიკეთოს ოპერაცია.
დღეისათვის სამივე ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზეა გადასული. თავისუფალ სტილში მოჭიდავეები - გოგონებიც და ბიჭებიც დუშეთში გადიან შეკრებას, "ბერძენ-რომაელები" კი ბორჯომში ვარჯიშობენ. ბიჭების გუნდების მთავარ მწვრთნელებს - "თავისუფლებში" გიორგი იანტბელიძეს და "ბერძენ-რომაელებში" დავით ბედინაძეს ჯერ მსოფლიოზე გასაყვანი შემადგენლობები არ დაუსახელებიათ.
ამ კვირაში ორივე მწვრთნელი საკონტროლო შეხვედრების ჩატარებას გეგმავს და გუნდებსაც იმის მიხედვით დააკომპლექტებენ.
შეგახსენებთ, რომ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე "ბერძენ-რომაელები" დიდი წარმატებით გამოვიდნენ და 7 მედალი მოიპოვეს: თითო ოქრო-ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი გიორგი შოთაძე (50) გახდა, ირაკლი ძიმისტარაშვილი (54) მხოლოდ ფინალში დამარცხდა, გიორგი ჩხიკვაძე (42), ლერი აბულაძე (58), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63), გიორგი ქაცანაშვილი (85) და საბა ცეცხლაძე (100) კი მესამეზე გავიდნენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მხოლოდ ერთ ბრინჯაოს დასჯერდნენ, რაც გიორგი ელბაქიძემ (58) მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, რომლებიც 13-14 სექტემბერს იჭიდავებენ. 15-16-ში ასპარეზი გოგონებს დაეთმობათ, ბოლო ორი დღე - 17-18 სექტემბერი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭების განკარგულებაში იქნება.
"ბერძენ-რომაელთაგან" პირველ დღეს 50, 54, 58, 63 და 100 კილოგრამების მოზარდები იჭიდავებენ, მეორე დღეს კი დანარჩენები, ანუ 42, 46, 69, 76 და 85-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
გოგონებიდან პირველ დღეს ხალიჩაზე 38, 43, 49, 56 და 65 კილოგრამების ათლეტებს, 40, 46, 52, 60 და 70-კილოგრამიანებს კი 16-ში ვიხილავთ არენაზე. "თავისუფალთაგან" თავდაპირველად 42, 50, 58, 69 და 85-კილოიანები შეეცდებიან მედლების მოპოვებას, ხოლო 46, 54, 63, 76 და 100-კილოიანებს ბოლო დღეს, 18 სექტემბერს დაეთმობათ სპორტის სასახლე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"