ის საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა - მასში 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები გამოდიოდა, რასაც რუსეთის რეგიონებიც ემატებოდნენ. ციმბირში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულსაც (125) ელოდებოდნენ, მაგრამ თურქებს ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.
იაკუტსკში ჩვენგან ქუთაისელი მოჭიდავეები წავიდნენ მასპინძელთა პერსონალური მიწვევით. წინასწარი მონაცემებით, იქ სამ ქართველს უნდა ეჭიდავა, მაგრამ დავით ნიშნიანიძეს (57) რატომღაც არ უასპარეზია და ორი ათლეტის ამარა
57 კილოგრამში ტრისტან ჩირგაძემ ორი პაექრობა მოიგო - 1/16-ფინალში მასპინძელი აისენ პოტაპოვი 14:4 დაამარცხა, მერე კიდევ ერთ ადგილობრივს - გიორგი ოკოროკოვს 5:2 უგებდა, როცა ბეჭებზე დააწვინა, მეოთხედფინალში კი უკვე თავად დამარცხდა ისევ სახას ავტონომიის წარმომადგენელ ალექსანდრ პასადინთან: 1:12. სამწუხაროდ, ნახევარფინალში პასადინმაც წააგო და ჩვენებური სანუგეშო წრეში ვერ გადავიდა.
მძიმე წონაში თორნიკე ხიდეშელი ჭიდაობდა და მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - საკვალიფიკაციო წრეში ოსი ვიტალი გოლოევი დაამარცხა. ეს მისი ბოლო წარმატება გამოდგა, რადგან მომავალ ჩემპიონთან, ბურიატ ბალდან ციჟიპოვთან 0:4 წააგო. მან თავი ვერც დამამშვიდებელ წრეში გამოიჩინა, სადაც პირველივე პაექრობა დათმო უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკისთან.
მედალოსანთა შორის ეროვნებით ქართველი კი მოხვდა, მაგრამ უკრაინის სახელით გამოდის - ერთ დროს ჩვენი ნაკრების წევრ გურამ მჭედლიძის შვილი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი მურაზ მჭედლიძე მეორეზე გავიდა. მან ფინალი კრასნოიარსკელ იური ბელონოვსკისთან 0:5 დათმო.
შეგახსენებთ, რომ წინა უქმეებზე ჩვენი სპორტსმენები კემეროვოში გამოვიდნენ საერთაშორისო ტურნირში - "მეშახტეთა სიტყვა", თუმცა მედალი ვერც იქ მოიპოვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"