დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

AutoSharing Option
ფოტოზე: ძველი და ახალი პრეზიდენტები, მანუჩარ კვირკველია და გეგა გეგეშიძე
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყრილობა მთლიანად საარჩევნო გამოდგა, საანგარიშო მომენტები იქ ნაკლებად იყო. სამაგიეროდ, "რედისონში" გამართულმა ამ სხდომამ ყველა რეკორდი მოხსნა - 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა ჩაშლასაც ძლივს გადაურჩა.

საკუთრივ პრეზიდენტის არჩევნების გარდა, საკამათო ბევრი სხვა საკითხიც გახდა, რაც ძირითადად გაუმართავმა დებულებამ გამოიწვია.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები: დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

საბედნიეროდ, საბოლოოდ მშვიდად ჩამთავრებულ ყრილობას საკმაოდ "ცხელი" პრელუდია უძღვოდა წინ და დაძაბული მოლოდინი იგრძნობოდა, რის დასტურადაც რეგისტრაციის
პროცესიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც 3 საათი გაგრძელდა და საბუთების მოუწესრიგებლობის თუ რიგი სხვა საბაბით ბევრს არ მისცეს მანდატი.

მათ შორის მანუჩარ კვირკველიას პირველი მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილიც აღმოჩნდა - მას თავიდან კი ჰქონდა უფლებამოსილება, მაგრამ მერე თურმე ოზურგეთის აიპ-ს წარმომადგენელი შეუცვლია (!). საბოლოოდ რეგისტრაცია 79 დელეგატიდან 74-მა გაიარა, ანუ ყრილობას უფლებამოსილება მიეცა.

ნახევარსაათიანი დაგვიანებით, დიდთოვლობის გამო გზაში შეფერხებული 2 დელეგატი კიდევ გამოცხადდა ჩოხატაურიდან, მაგრამ ისინი რეგისტრაციაში აღარ გაატარეს.

ყრილობა დღის წესრიგის დამტკიცებით დაიწყო, რასაც კამათის დასაწყისიც ავტომატურად მოჰყვა - დღის წესრიგი პრეზიდენტამდე პრეზიდიუმის არჩევას ითვალისწინებდა და საკამათოც ეს მომენტი გახდა, თუმცა განაწესი უცვლელად დატოვეს და შემოთავაზებული ვარიანტი დაამტკიცეს.

ყრილობაზე არაერთხელ შეეხნენ სპორტის კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ვის უნდა მიეცეს ხმის უფლება და დადგინდა, რომ ამ პრივილეგიით ისარგებლებენ მხოლოდ ფედერაციის წევრები - კლუბები, აიპ-ები და სხვა. როგორც ყველა ნოვაციამ, ამან გაუგებრობებიც გამოიწვია - სასწრაფოდ დაიწყეს დარეგისტრირება, რაც ბევრმა ვერ მოასწრო, ამან კი ყრილობაზე დელეგატთა რეგისტრაციის პროცესსაც შეუშალა ხელი, ბევრს არასწორად ჰქონდა საბუთები გაფორმებული.

სხდომის თავმჯდომარე რომან რურუამ არც დამალა, რომ ახალმა კანონმა საგონებელში ჩააგდო მთელი ფედერაცია, საქმეში გასარკვევად კი სპორტის სამინისტროს იურისტს მოუხმეს. მისივე განმარტებით, ამ კანონით ყრილობის დელეგატთა 70 პროცენტი რეგიონებს წარმოადგენდა, დავით გობეჯიშვილმა კი კანდიდატურის მოხსნის მთავარ მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი და ეს კანონი დაასახელა - შეიძლება, აიპ-მა ფუნქციონერი გამოაგზავნოს დელეგატად და არა მოჭიდავე.

ამ თემაზე იმდენი კამათი გაიმართა, რომ ამ საკანონმდებლო ჩასწორების ავტორი, საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი საგანგებო განმარტებითაც კი გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ეს კანონი მისი ინიციატივაა და შემოიღო იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს ფედერაციის წევრის სტატუსი, გადაიდგას ნაბიჯი კლუბების ჩამოსაყალიბებლად, რაც ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობა ხომ იქნება, გამორიცხავს ბევრ ისეთ მანკიერ მოვლენას (ყოველ შემთხვევაში, წინ აღუდგება მაინც), როგორიცაა მოვარჯიშე ბავშვების მიტაცება სხვა მწვრთნელების მიერ, რაიონებში მომუშავე მწვრთნელებს მისცემს გარანტიას, რომ მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და შეგირდთა წარმატების შემთხვევაში მათაც ერგებათ პრემია, სახელი, დიდება, რაც დღევანდელი მდგომარეობით ძალიან ხშირად არ ხდება.

ყრილობაზევე გაიხსენეს მაგალითები, როცა რაიონებში მომუშავე მწვრთნელებს პრემიიდან კუთვნილი წილი არ მისცეს და მერე ის თანხა მავანთ ფედერაციის ჩარევით დააბრუნებინეს. თუმცა დამაჯერებელი არგუმენტების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ეს ცვლილება ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებამ მიიღო, რადგან მართლაც ბევრი იყო არამოჭიდავე და უცხო ადამიანი.

თავის საანგარიშო გამოსვლაში ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა კვირკველიამ გაიხსენა ის უმძიმესი პერიოდი, როცა პრეზიდენტად მოვიდა (შეგახსენებთ, რომ ეს იყო იმ დაპირისპირების ფონზე, როცა მოჭიდავეები მაშინდელ პრეზიდენტს დაუპირისპირდნენ და არ ტარდებოდა ვარჯიშები), შემდეგ კი წვრილად ისაუბრა ყველა იმ წარმატებაზე, რაც მისი ორწლიანი პრეზიდენტობისას ჰქონდა ფედერაციას როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე - ასაკობრივ გუნდებში: ოლიმპიური ოქრო 8-წლიანი პაუზის შემდეგ; "თავისუფალთა" ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში; ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ზედიზედ ორწლიანი ჰეგემონია ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა, წლის საუკეთესო სპორტსმენები უფროსებსა და ახალგაზრდებში, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო მსაჯი და სხვა...

აქვე კვირკველიამ ერთი ძალიან სასიამოვნო და საყურადღებო ფაქტიც გაახმოვანა - აღადგინა და ჭიდაობის გაერთიანებულ მსოფლიოს ფედერაციას 2017 წლის კალენდარში უკვე შეატანინა გივი კარტოზიას და ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირები.

ყრილობამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს წესდებაში, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს მიეცა უფლება, თავად დანიშნოს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი. თუმცა წესდების პროექტი ვერ წარმოადგინეს, რადგან შემუშავება ვერ მოუსწრიათ. გადაწყვიტეს, რომ პრეზიდიუმმა ერთი წლის განმავლობაში განახორციელოს ეს ცვლილებები. ამ საკითხმაც დიდი კამათი გამოიწვია - რატომ ერთი წელი, რა საჭიროა ამდენი დროო, სვამდნენ კითხვას დარბაზში.

ასევე საკამათო გახდა ის თემა, თუ პრეზიდიუმის შემადგენლობის რა ნაწილს მინიჭებოდა გადაწყვეტილების მიღების უფლება - 2/3-ს თუ დამსწრეთა ნაწილის "50+1" ხმა?

ასევე დიდხანს იკამათეს მრჩეველთა საბჭოს საჭიროებაზე. ხაბელოვის თქმით, როცა არსებობს პრეზიდიუმი, პარალელური სტრუქტურა არაა საჭიროო; კურტანიძემ კი განაცხადა, მე მაგას გადამაყოლეთო, თუმცა ყრილობამ მაინც დატოვა ეს საბჭო.

თუმცა პრეზიდიუმთან დაკავშირებით არა მარტო წესდება, არამედ ლამის ყველაფერი საკამათო გახდა. უწინარესად - შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა. ისევ და ისევ გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდიუმში უნდა იყოს ყველა ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. ამის საწინააღმდეგოდ გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდიუმი უნდა დაკომპლექტდეს მუშა ხალხით, ამიტომ წევრები ამ ნიშნით უნდა შეარჩიონ და არა რეგალიებით. საბოლოოდ მაინც ძველი მიდგომა დარჩა და არც რაოდენობა შეამცირეს. არადა, იყო მოსაზრება, რომ ძველი რიცხვი - 37 ძალიან ბევრია და აჯობებს შეამცირონ (ძირითადად 19-მდე ითხოვდნენ დაყვანას). ამ მოსაზრების მომხრეების არგუმენტი ის იყო, რომ დიდი შემადგენლობის შეკრება ვერ ხერხდება და რაკი პრეზიდიუმი ფედერაციის უმაღლესი ორგანოა, ფედერაცია ვერ ახერხებდა ნორმალურად მუშაობას.

როგორც გითხარით, საბოლოოდ მაინც 37 წევრი დატოვეს, თუმცა ყრილობაზე ყველა ვერ დაასახელეს. სხდომაზე ფედერაციამ, ზემოხსენებული ნიხრის გათვალისწინებით, პრეზიდიუმის წევრთა სია წამოაყენა, რაც 27 კაცს უდრიდა, დანარჩენებზე კი გადაწყვიტეს, რომ ვაკანსიები ახალმა პრეზიდენტმა შეავსოს. ოღონდ იმ 27-დანაც რამდენიმემ იუარა წევრობა.

ყრილობაზე ყველაზე დიდი ვნებათაღელვა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფორმას მოჰყვა - ღიად გამართულიყო თუ დახურულად. საბოლოოდ ეს საკითხი წილისყრაზე გაიტანეს და ღია ფორმულის მომხრეებმა 28:22 გაიმარჯვეს, მაგრამ ამას დარბაზის მეორე ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს საჭიდაო ოჯახში დაპირისპირებას გამოიწვევდა და დახურულ პროცედურას მოითხოვდნენ.

ლუკა კურტანიძემ პირდაპირ განაცხადა, არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს არც ერთი კანდიდატისადმი, მაგრამ კენჭისყრა თუ დახურულად არ ჩატარდება, არც არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და პრეზიდიუმიდანაც გავალო.

დახურულ ფორმატს აქტიურად უჭერდა მხარს დავით ბედინაძეც, თუმცა, ცხადია, ამას მეორე მხარე არ ეთანხმებოდა.

ყველაზე მეტად აქ "აირია მონასტერი". არა, მოჭიდავეთა სასახელოდ უნდა ითქვას, ფიზიკური დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა არ ყოფილა, საქმე ემოციურ ლაპარაკს არ გასცილებია, მაგრამ ყრილობა კარგა ხნით შეფერხდა. რომან რურუა მის ჩაშლაზეც კი ალაპარაკდა, თუმცა საქმე აქამდე არ მისულა - პრეზიდენტობის სამივე კანდიდატმა მოილაპარაკა და გადაწყვიტეს, დახურულად ჩაეტარებინათ.

საბოლოოდ ასეც მოხდა, სადაც გეგა გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, კვირკველიამ - 24, ესტატე გოგლიჩიძემ - 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აქაც კალაზე ურევია
kaxa
16:41 20-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული