ეს იყო ბუნდესლიგის განმეორებითი პაექრობა, რომელიც 30 დეკემბერს აალენში გაიმართა და ჩვენებურის კლუბმა "ისპრინგენს" უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ორთაბრძოლა 26 დეკემბერს გაიმართა, როცა "აალენმა" სტუმრად ფრეს მიაღწია - 11:11. ამდენად, მათ განმეორებით პაექრობაში გამარჯვების ჩინებული შანსი ეძლეოდათ, რაც ვერ გამოიყენეს და შინაურ კედლებში 7:13 წააგეს.
არადა, დასაწყისი სულაც არ მოასწავებდა არაფერს ასეთ
თუმცა მეოთხე შეხვედრაში თურქი სალაჰეტინ კილიჩსალაიანი დიდი ანგარიშით - 3:12 დამარცხდა მიჰალ სავასთან, ვინც სამი ქულა გაქვითა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 4:3. აალენებს შანსი დამიან ჰარტმანმა გაუზარდა, როცა ფაბიან ფრიტცს 5:4 მოუგო და ტექნიკური ანგარიში 5:3 გახადა. თუმცა მეტოქემ სწრაფადვე არათუ გაქვითა სხვაობა, არამედ დაწინაურდა კიდეც, რაშიც ლომის წილი საქართველოდან ვლადიკავკაზში წასულმა კახაბერ ხუბეჟტიმ დაიდო, ვინც დიდი ანგარიშით, 16:0 დაამარცხა რუჰულაჰ გიურლერი და ერთბაშად 4 ქულა შემატა ისპრინგენელებს, ტექნიკური ანგარიში კი 7:5 გახდა უკვე მათ სასარგებლოდ.
ამას შვედმა ზაკარიას ბერგმა კიდევ 2 დაუმატა, რაც მატეუშ ვოლნისთან 5:0 გამარჯვების საფასურია და ანგარიში 5:9 გახდა. აალენელებმა ბოლო წარმატებას ამის შემდეგ მიაღწიეს - რადოსლავ მარცინკიევიჩმა 4:0 სძლია მიხაელ კაუფმელს და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა - 7:9. სამწუხაროდ, ხინჩეგაშვილის თანაგუნდელებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს - ჯერ არაბული წარმოშობის გერმანელი რამზინ აზიზსირი დამარცხდა ესტონელ არდო არუსაართან (1:6), ბოლოს კი უნგრელმა დანიელ ლიგეტიმაც 1:5 დათმო გერმანელ ნიკ მატუჰინთან და ანგარიში 7:13 გახდა ისპრინგენელთა სასარგებლოდ. სხვათა შორის, მათ რიგებშიც ირიცხება ქართველი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთარ გოგავა (570, თუმცა გერმანელებს მისი დახმარება კარგა ხანია, არ დასჭირვებიათ.
ამ წაგებულ შეხვედრაში იყოჩაღა ქართველმა ოლიმპიურმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, თუმცა ხინჩეგაშვილი ჯერ შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან. ამის მიუხედავად, დიდი ნიჭისა და გამოცდილების დამსახურებით, მაინც ახერხებს გაბრწყინებას და ულამაზესი ფანდებით ატკბობს მაყურებელს.
გიუდიასთან შეხვედრაში ის თავიდან ჩამორჩა, რაც ფორმაში არყოფნითაა გამოწვეული, თორემ მზადების პროცესში მყოფი ხინჩეგაშვილი ისეთ შეცდომებს არ უშვებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მას ოლიმპიადის შემდეგ ჯერ კიდევ არ განუახლებია მიზანმიმართული და დატვირთული მზადება. ჯერ ის მსუბუქად ვარჯიშობს და გასაკვირი არაა, ფორმაში თუ არ არის. მან ორჯერ გაატარა მეტოქე შესვლაზე. აქედან პირველ შემთხვევაში გუიდიამ მოძრაობაზე დაიჭირა, როცა ჩვენებურმა კოორდინაცია დაკარგა და ვერ გააკონტროლა თავისუფალი სივრცე. ამით კარგად ისარგებლა გუიდიამ და ილეთზე გადაიყვანა, მეორე შესვლა კი დიდი დამსახურება უფროა, ვიდრე - გამართლება.
ხინჩეგაშვილი ამ შეხვედრაში 0:6 ჩამორჩა, თუმცა მერე თავადაც გააქტიურდა, ოღონდ პირველი ქულის მოპოვებისას ერთი ისეთი შეცდომა დაუშვა, რასაც მზადების პროცესში ჩართული არ უშვებს - მეტოქე ფეხიდან კი აიყვანა (ზოგადად, ამ შეხვედრაში ის ყველაზე ხშირად ფეხში შესვლას ცდილობდა, თუმცა არცთუ წარმატებით), მაგრამ ვერ გადააგდო, მეტოქე წრის გარეთ გაექცა და ჩვენებურმა 1 ქულა მიიღო.
ამის შემდეგ ქართველმა ფალავანმა თავგანწირული შეტევით ორჯერ კი ჩაიყვანა ჩოქბჯენში, მაგრამ იქ დატრიალება უჭირდა. სამაგიეროდ, ბოლო წამებზე ჩოქბჯენიდან, ჯვარედინ მოვლებაზე ზურგსუკან ჩინებული გდებით გადააგდო და გაიმარჯვა. მეტოქემ ეს გდება გააპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ.
ლადოს აღნიშნული შეხვედრა პირად აქტივში კი ჩაეწერა, მაგრამ აალენელები წაგებისგან ვერ იხსნა. არადა, ამ წყვილში ფავორიტი "აალენი" იყო, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი. სხვათა შორის, ამ გამარჯვებას თავად "ინსპრინგენის" ოფიციალურმა საიტმაც კი სენსაციური უწოდა, ხოლო ხინჩეგაშვილმა მორიგი საკლუბო ტრიუმფის შანსი დაკარგა - ირანის ლიგაში და მსოფლიოს საკლუბო თასზე ამერიკული "ტიტან მერკურის" შემადგენლობაში გამარჯვების შემდეგ გერმანიის ჩემპიონობაც შეეძლო, თუმცა წლევანდელ სეზონზე მას საყვედური არ დასცდება, რადგან კარიერის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ბუნდესლიგის ფინალში "ისპრინგენის" მეტოქე "ვაინგარტენი" იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალური შეხვედრაც მოუგო "ნენდინგენს", 11:6, პირველი კი სტუმრად 14:8 ჰქონდა მოგებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"