U23. თავისუფალი ჭიდაობა: დიდი სპორტი ამბროლაურში

AutoSharing Option
დიდი სპორტი ამბროლაურსაც ეწვევა - დღეს იქაურ საჭიდაო კლუბ "ფალავანში" თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რომელიც, ასაკობრივი ტურნირის კვალობაზე, საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება.

წინასწარი მონაცემებით, მასში მონაწილეობას ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი გენო პეტრიაშვილიც (125) აპირებს, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ისე კი, არაა გამორიცხული, მას პირდაპირ დაუჯავშნონ ადგილი ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატზე.

პეტრიაშვილის გარდა, ჩემპიონატში ბლომად გამოვლენ პერსპექტიული მოზარდები, რომლებიც ან ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები არიან, ან უკვე გადავიდნენ ეროვნულში და სათადარიგო ფალავნებად იქცნენ. მაგალითად, ირაკლი მწითური (86),
ავთანდილ კენჭაძე
(66) და მისი ძმა ნიკოლოზ კენჭაძე (74), ტარზან მაისურაძე (74), გივი მაჭარაშვილი (97) და სხვები.

ამბროლაურში გუშინ აწონვები გაიმართა იმ წონებში, რომლებიც პირველ დღეებში იჭიდავებენ. ესენია 57, 65, 74 და 97 კილოგრამები, 61, 70, 86 და 125-ის ფალავნები კი ხვალ იასპარეზებენ. ქვეყნის პირველობას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც დაესწრება, რომლისთვისაც ეს პირველი სპორტული ღონისძიებაა.

23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი 28 მარტს დაიწყება უნგრულ სომბათჰეიში და 2 აპრილს დასრულდება. "ბერძენ-რომაელთა" ანალოგიური ტურნირიც იქვე და იმავე ვადებში გაიმართება, მაგრამ ისინი საქართველოს ჩემპიონატს ჯერ არ ატარებენ. ამისათვის მათ საპატიო მიზეზი აქვთ, თუმცა ამავე მიზეზით ჯერ თავს იკავებს მთელი ქართული საჭიდაო ოჯახი.

საქმე ისაა, რომ 20 იანვარს ჭიდაობის გაერთიანებული მსოფლიოს ფედერაციის კონგრესი იმართება, სადაც უნდა იმსჯელონ წესებში შესატან ცვლილებებზე და ახალი წონების შემოღებაზე ან ძველი სისტემის უცვლელად დატოვებაზე.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახლა ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას ელოდება და მანამდე ტაიმ-აუტი აიღო. სავსებით მართებულადაც, რადგან თუ შეიცვლება წესები და წონები, მაშინ შიდა ტურნირებსაც ამის მიხედვით ჩაატარებენ. მანამ, მინიმუმ, იანვრის ბოლომდე გადაიდო ქვეყნის ეროვნული პირველობები "ბერძენ-რომაელებსა" და "თავისუფლებს" შორის, 23-წლამდელ "ბერძენ-რომაელთა" ჩემპიონატი და სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები. ეგ კი არა, ამ გაურკვევლობაში არც 23-წლამდელ "თავისუფალთა" ზემოაღნიშნული შეჯიბრებაა მიზანშეწონილი, მაგრამ დებულებები უკვე დაგზავნილი იყო, ფალავნები ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლს ამთავრებდნენ, უმეტესობას წონაც დაკლებული ჰქონდა და გადადება არ ეგებოდა, თორემ ამასაც გადასწევდნენ თებერვლისკენ.

არადა, ქვეყნის ეროვნული პირველობებიც ძალიან საინტერესო იქნება ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში, ვინაიდან ახალი ოლიმპიური ციკლის დაწყებას თან ახლავს საკადრო გადაადგილებები წონიდან წონაში, ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოსული ახალი კადრების გამოჩენა და სხვა...

აბა, ვის არ დააინტერესებს "ბერძენ-რომაელთა"  შორის მძიმე წონაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელებული და საერთაშორისო არენაზე ასაკობრივ გუნდებში ოთხი წლის მანძილზე წაუქცეველი ზვიად პატარიძის გამოსვლა, თუმცა საინტერესო ფალავნები სხვებიც ბლომად იქნებიან.

ამასობაში, ისევ გაურკვეველია საკუთრივ ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა. 17 დეკემბერს უსაშველოდ გაჭიანურებულ, ლამის 9-საათიან საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად გეგეშიძე კი აირჩიეს, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის შესახებ არ უმსჯელიათ. გეგეშიძე მათ კანდიდატურებს აღმასკომს წარუდგენს, რომლის სხდომაც არაუგვიანეს 15 იანვრისა უნდა გაიმართოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი დაუმარცხებელი
მაცაცო
17:49 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული