ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება - ინტერვიუ მორის ყვითელაშვილთან

AutoSharing Option
მორის ყვითელაშვილი, ისევე როგორც ქართულ სპორტში, მსოფლიოს ფიგურული ციგურაობის სამყაროშიც ელვისებური სისწრაფით შეიჭრა. ორიოდე თვის წინათ მან შესანიშნავად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც თავის სადებიუტო ტურნირზე მეექვსე ადგილზე გავიდა. ახლახან, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, მომავალ წელს სამხრეთ კორეაში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

საქართველოში მას კარგად არ იცნობენ. ამიტომ, მოდით, ვცადოთ, გავიცნოთ მორის ყვითელაშვილი.

- ჩემი მშობლები თბილისელები არიან. მე კი მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. დედა, ლიანა თათარაშვილი, ფიგურული ციგურაობით იყო დაკავებული. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი
იყო. საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დიდი ხანია იცნობს. ერთად უწევდათ საწვრთნელ შეკრებებზე ყოფნა.

მამა მიხეილ ყვითელაშვილი ველოსპორტსმენი იყო. ცუდი რამ შეემთხვა. ავტოკატასტროფაში მოყვა. ისე მძიმედ დაშავდა, რომ სახეზე 20 ოპერაციის გადატანამ მოუწია. ცხადია, ამის შემდეგ სპორტს თავი დაანება.

მყავს უფროსი ძმა - ანრი. ის ჯერ მოცურავე იყო, მერე წყალბურთზე გადაბარგდა, მაგრამ მალევე დაანება თავი. ერთი სიტყვით სპორტული ოჯახიდან ვარ.

- გასაკვირი არ არის, ფიგურული ციგურაობით რომ დაკავდით, მაგრამ მაინც საინტერესოა, რამ მიგიზიდათ, რამ განაპირობა რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყევით?
- როგორ ვთქვა. გაცნობიერებული არ მქონდა. უბრალოდ ფიგურულ სრიალზე დავდიოდი და მორჩა.

ოთხი წლის ვიყავი მშობლებმა ცეესკას საციგურაოზე რომ მიმიყვანეს. როგორც კი ციგურებზე დავდექი, ეგრევე თავისუფლად გავსრიალდი. მწვრთნელმა გაკვირვებით ჰკითხა ჩემზე არანაკლებად გაოცებულ მშობლებს, აქამდე სადმე დაგყავდათო? არადა, ნამდვილად პირველად მაშინ დავდექი ციგურებზე. ეტყობა გენებით დამყვა.

ათი წელიწადი ცსკა-ში ვვარჯიშობდი. მერე ეთერი თუთბერიძესთან გადავედი და აგერ უკვე ცხრა წელიწადია, მასთან ვვარჯიშობ.

- ეთერი თუთბერიძე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მაინც, როგორია ის?
- ძალიან ძლიერი მწვრთნელია. მკაცრია, მომთხოვნი ჯერ საკუთარი თავის მიმართ და მერე ზუსტად იმავე დოზით სხვების მიმართაც. არასდროს გაგრძნობინებთ, რომ ცუდად არის. არიან მწვრთნელები, რომლებიც ავად თუ გახდებიან, შეუძლიათ ვარჯიში გააცდინონ. არ მახსოვს ეთერის ვარჯიში გაეცდინოს. ავადაც ყოფილა, მაგრამ ვარჯიშს ისე ატარებს, ვერც კი ხვდები, რა ცუდად არის. არაფრით გაგრძნობინებს. მორალურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია.

მას ასევე გვერდში უდგანან ძალიან კარგი სპეციალისტები. შესანიშნავი გუნდი ჰყავს: სერგეი დუდაკოვი ტექნიკაზე მუშაობს, დანიელ ლეჰენჰაუზი კი, ქორეოგრაფია. ძალიან კარგი გუნდია. ისინი ეთერისთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევასაც ავარჯიშებენ.

ძალიან გამიმართლა ეთერის ხელში რომ მოვხვდი. საკითხი ასე იდგა, ან უნდა დამენებებინა სპორტისთვის თავი, ან ეთერისთან გადავსულიყავი. მეორე ვარჩიე და, როგორც ხედავთ, არ შევმცდარვარ.

- საინტერესოა, როგორ მოხდა თქვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს ნაკრებში გადმობირება?
- განსაკუთრებული არაფერი იყო. უკვე გითხარით, რომ მაკა გიორგობიანს დიდი ხანია ვიცნობთ. ადრე რუსეთის სახელით გამოვდიოდი, ფართო ასპარეზის შესაძლებლობა მქონდა.

ერთ დღეს კი, დავსხედით და ოჯახმა გადავწყვიტეთ საქართველოს სახელით ასპარეზობა - რატომაც არა? და, აი, დღეს უკვე ისტორიული სამშობლოს სპორტულ ღირსებას ვიცავ. ეთერიც დაეთანხმა ჩვენს გადაწყვეტილებას. რაც უნდა იყოს, მასაც ხომ ქართული ფესვები აქვს.

- საქართველოში ნამყოფი არ ხართ?
- ვერაფრით მოვახერხე. მშობლები დროდადრო ჩადიოდნენ ხოლმე თბილისში. ძალიან მინდა ჩავიდე. ამბობენ, ძალიან შეიცვალა და გალამაზდა თბილისი და ბათუმიო.

- ფიგურული ციგურაობის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული, რა გიტაცებთ?
- აბა, რა გითხრათ. დრო არ მაქვს, რომ ციგურაობის გარდა სხვა რამით დავკავდე. ჩემი დღის რეჟიმი არის ასეთი: სახლი-ფიზკულტურის ინსტიტუტი-საციგურაო-სახლი. სამწუხაროდ, საციგურაოდან ძალიან შორს ვცხოვრობ. მარტო გზაში დღის განმავლობაში ოთხ საათს ვკარგავ.

ისე, მომწონს, როცა ადამიანი მღერის. ცუდი არ იქნებოდა, ვოკალის გაკვეთილებზე თუ ჩავეწერებოდი. სმენა მაქვს, ხმას კარაოკეს დონეზე არა უშავს. ზოგს ბავშვობიდანვე აქვს სიმღერის ნიჭი, ზოგიც შრომით აღწევს წარმატებას. შეიძლება მეცადინეობით რაღაც დონეზე მიხვიდე.

- ჰელსინკიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე მცდელობა წარმატებული გამოდგა. თქვენ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვეთ...
- მინდა, ეს ლიცენზია ჩემს მშობლებს მივუძღვნა. ძალიან მინდა ოლიმპიადაზე ისინი ჩემთან ერთად იყვნენ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, რომელმაც დიდ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მომცა. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც რაიმე წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში.

ახლა, ახალ პროგრამას გავაკეთებთ და ვეცდები, ოლიმპიადაზე კიდევ უფრო უკეთესად წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული