წუხელ გვიან ღამით ელენე გედევანიშვილი ISU-ს გრან პრის მეორე ეტაპზე (ქართველი სპორტსმენისთვის პირველი) "სკეიტ ამერიკაზე" ასპარეზობას დაასრულებდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ პირველი დღის მოკლე პროგრამის შედეგები მოგახსენოთ: სასიხარულო არაფერია - ელენე ონტარიოში 10 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა.
21 წლის ქართველს ახალი მწვრთნელი ჯერჯერობით ვერ გამოადგა - კანადელი ბრაიან ორსერი, 1984 და 1988 წლების ოლიმპიადების ვერცხლის პრიზიორი, 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ორსერმა რობინ ვაგნერი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გედევანიშვილმა საქართველოსთვის ისტორიული მედალი, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა.
ონტარიოში ჩვენებურმა მხოლოდ 42,51 ქულა დააგროვა, რაც
თითქმის 20 ქულით ჩამორჩება მის საუკეთესო შედეგს. პირველი დღის შემდეგ "სკეიტ ამერიკაზე" ამერიკელი ალისა შჩისნი ლიდერობს - 64,20 ქულით, მეორეა კაროლინა კოსტნერი (იტალია) - 60,23. მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მესამეადგილოსანი კაროლინ ჟანგი (აშშ) - 55,05 ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"