გედევანიშვილი ფინალური გრან პრის მიღმა

AutoSharing Option

მოკლე პროგრამის ჩაფლავების შემდეგ ელენე გედევანიშვილმა ოდნავ უკეთ იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და "სკეიტ ამერიკა" მე-7 ადგილზე დაასრულა. რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც იმიჯშეცვლილი ქართველი მოციგურავისგან ველით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრანპრის სერია ელენემ ჩააგდო. რობინ ვაგნერთან ერთად ახალშემუშავებული პროგრამები (ეს განსაკუთრებით მოკლე პროგრამაზე ითქმის) არ გამოადგა. 

 გრან პრის სერიის 6 ტურნირიდან თითოეულ სპორტსმენს ორ შეჯიბრებაში ეძლევა გამოსვლის უფლება. ამ ორში უნდა მოახერხო და იმდენი ქულა დააგროვო, რომ ფინალურ გრანპრიზე მოხვდე. ამის პატივი ელენეს კარიერაში ჯერ არ

ჰქონია. გადაწყვეტილია, რომ გედევანიშვილი ვერც 9-12 დეკემბერს იასპარეზებს პეკინში ფინალურ გრან პრიზე.

ჩვენებურს წილად NHK ტროფი და "სკეიტ ამერიკა" ერგო. სწორედ იაპონიაში შედგა ელენეს ახალი პროგრამების დებიუტი: მოკლეში "ჩიკაგოს" საუნდტრეკი, თავისუფალში - "ოპერის მოჩვენება". ნაგოიაში გედევანიშვილმა ძალიან ცუდად ისრიალა მოკლე პროგრამაში (44,51 ქულა, მე-9 ადგილი) და ძალიან კარგად - თავისუფალში (97,01 ქულა, მე-3 ადგილი). ჯამში იაპონიაში მე-6 ადგილით (141,52 ქულა) დაკმაყოფილდა, 180-ათასიანი საპრიზო ფონდიდან არაფერი ერგო (მხოლოდ პირველი ხუთეული ჯილდოვდება), მაგრამ 5 სარეიტინგო ქულა შეიმატა.

ელენესგან პორტლენდში იაპონური შედეგის გაუმჯობესებას ველოდით, რადგან იქ შედარებით სუსტი შემადგენლობა იყო თავმოყრილი, ვიდრე ნაგოიაში. მაგრამ "სკეიტ ამერიკამაც" გული დაგვწყვიტა: ელენეს მოკლე პროგრამა ისევ უნიათო გამოდგა (45,27 ქულა, მე-8 ადგილი), გუშინწინ კი, გვიან ღამით თავისუფალში გედევანიშვილმა 94,09 ქულა მიიღო (იაპონური შედეგი გაუარესდა) და საბოლოოდ 139,36 ქულით მეშვიდე ადგილს დასჯერდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ ელენეს საუკეთესო მონაგარი ორი პროგრამის ჯამში 164,54 ქულაა. ამ ქულებით იანვარში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საქართველოსთვის ისტორიული. პორტლენდში გედევანიშვილმა 4 ქულა მიიღო, ჯამში 9 ქულით კი ფინალური გრან პრის მიღმა დარჩა, რადგან უკვე 13 მოციგურავე უსწრებს, არადა, წინ კიდევ ორი ტურნირია, მოსკოვისა და პარიზის.

"სკეიტ ამერიკა" კი 16 წლის იაპონელმა კანაკო მურაკამიმ მოიგო, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე იყო. მურაკამის გამარჯვებას ხელი კაროლინა კოსტნერის ძალიან ცუდმა სრიალმა შეუწყო, ევროპის სამგზის ჩემპიონმა ლიდერობა ისე უმოწყალოდ გაანიავა, რომ საბოლოოდ ამერიკელმა რეიჩელ ფლეტმაც გაასწრო. 

სკეიტ ამერიკა, ქალები
საბოლოო მდგომარეობა

1. კანაკო მურაკამი იაპონია 164,93
2. რეიჩელ ფლეტი აშშ 162,86
3. კაროლინა კოსტნერი იტალია 154,87
4. ჯოში ჰელგესონი შვედეთი 146,90
5. ამელი ლაკოსტი კანადა 146,68
6. ვიქტორია ჰელგესონი შვედეთი 142,26
7. ელენე გედევანიშვილი საქართველო 139,36
8. მაე მეიტე საფრანგეთი 137,05
9. კაროლინ ჟანგი აშშ 132,49
10. ჯენა მაკკორკელი ბრიტანეთი 127,76
11. მინ-იეონ კვაკი კორეა 125,21
12. ალექს ჯილსი აშშ 122,46


 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული