გერმანული დუბლი ავსტრიაში

AutoSharing Option

გერმანული დუბლით დაიწყო ახალი სამთოსათხილამურო სეზონი ავსტრიის კურორტ ზოლდენში. პირველი ეტაპი ქალებს შორის გიგანტური სლალომი იყო. შარშან ამ ტრასაზე ფინელმა ტანია პოუტაინენმა გაიმარჯვა, ერთი წლით ადრე კი პირველი იყო ავსტრიელი კატრინ ცეტელი. ეს მოთხილამურეები შაბათის დაშვების ფავორიტები იყვნენ, თუმცა სერიოზული კონკურენტებიც ჰყავდათ - გიგანტურ სლალომში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კატრინ ჰიოლცლი, რომელმაც ამ დისციპლინაში მსოფლიოს თასიც მოიგო და კიდევ ერთი გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი - ვანკუვერის ოლიმპიადის სენსაციური ჩემპიონი.

რაც შეეხებათ ბოლო წლების ლიდერებს - გერმანელ მარია რიშსა და ამერიკელ ლინდსი ვონს,

გიგანტური სლალომი მათი დისციპინა არ არის. ვონი აქ ძირითადად მესამე ათეულში ასრულებს ეტაპებს, სამაგიეროდ, რიშმა გამოასწორა შედეგები და შაბათს პირველი ცდის შემდეგ მეორე ადგილს იყოფდა რებენსბურგთან. თუმცა მარიას მეორე ცდა არ გამოუვიდა და ჯამური მეხუთე ადგილი დაიკავა.
საერთო ჯამში, გერმანიის ნაკრებმა ბრწყინვალე ეტაპი ჩაატარა. ძალიან წაადგა ამ გუნდს მწვრთნელის შეცვლა - ქალ ჩოგბურთელებს ტომას შტაუფერი ჩაუდგა სათავეში და მისი მუშაობის შედეგი თვალნათლივ გამოჩნდა.

პირველი ცდის შემდეგ ლიდერთა სამეულში სამი გერმანელი იყო - რებენსბურგი, რიში და ჰიოლცლი. საბოლოოდ, რებენსბურგმა ბრწყინვალედ გაიარა მეორე დაშვება და გამარჯვება მოიპოვა, ჰიოლცლი მეორე იყო, რიში - მეხუთე, ხოლო ნორჩი ლენა დიური საუკეთესო ოცეულში მოხვდა. სეზონის უკეთესო სტარტი წარმოუდგენელი იყო.

იმედი გაუცრუეს გულშემატკივრებს ავსტრიელმა მოთხილამურეებმა - ვერც ანდრეა ფიშბახერი, ვერც ელიზაბეტ გიორგლი და ვერც ცეტელი ათეულში ვერ შევიდნენ. პოდიუმი შეავსო იტალიელმა მანუელა მოელგმა, რაც სენსაციად მოინათლა - აპენინელისგან ასეთ შედეგს რ ელოდნენ. შარშანდელი გამარჯვებული პოუტაინენი მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ზოლბერგი (ავსტრია)
გიგანტური სლალომი
ქალები
1. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2.26,39; 2. კატრინ ჰიოლცლი (გერ) - +0,4; 3. მანუელა მოელგი (იტა) - +0,86; 4. ტანია პოუტაინენი (ფინ) - +0,93; 5. მარია რიში (გერ) - +1,10; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - +1,13...

 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული