სამთო თხილამურები: ლიგეტი ლეგენდა გახდა

AutoSharing Option
ამერიკელი გახდა პირველი მამაკაცი მოთხილამურე ბოლო 45 წლის განმავლობაში, ვინც ერთ ჩემპიონატზე სამი ოქროს მოპოვება მოახერხა. თუ ლიგეტი კვირას სპეციალური სლალომის სტარტსაც მოიგებს, ის გვერდით ამოუდგება ფრანგ ლეგენდას ჟან-კლოდ კილის, რომელმაც 1968 წლის პირველობაზე ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა.

ლიგეტის განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია - მან მოიგო დისციპლინა, რომელშიც ამ სეზონში ისედაც დომინირებს. უფრო გასაკვირი მისი წინა ორი ტრიუმფი იყო სუპერგიგანტსა და სუპერკომბინაციაში. ეს სახეობები არასოდეს მიიჩნეოდა ამერიკელის ვიწრო სპეციალიზაციად.

რაც შეეხება ახალ სტარტს, იქ ლიგეტიმ უბრალოდ კარგად გააკეთა თავისი საქმე. ორმა
შესანიშნავმა ცდამ მას თითქმის წამიანი უპირატესობა მოუტანა ავტრიელთა კერპზე მარსელ ჰირშერზე, რომელმაც საუკეთესო მეორე ცდა აჩვენა, მაგრამ ამერიკელის გასწრება მაინც ვერ მოახერხა.

მესამე ადგილი დაიკავა იტალიელმა მანფრედ მოელგმა. ის, როგორც იქნა, დაუბრუნდა თავის საუკეთესო ფორმას და ამ სეზონში პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია.

გიგანტური სლალომი

კაცები
1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2:28.92 (1:13.14+1:15.78); 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 2:29.73 (1:14.45+1:15.28); 3. მანფრედ მოელგი (იტალია) - 2:30.67 (1:14.58+1:16.09); 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 2:30.71 (1:14.44+1:16.27); 5. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 2:30.86 (1:15.09+1:15.77); 6. დავიდე სიმონჩელი (იტალია) - 2:31.00 (1:14.91+1:16.09)...

* * *

შლადმინგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გმირობას ქალთა სეზონის ლიდერს, სლოვენიელ ტინა მაზეს უწინასწარმეტყველებდნენ. მართალია, ტინას ასევე სამი მედალი აქვს, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთია ოქროსი, თანაც, მან ვერ აასრულა დანაპირები და ყველა დისციპლინაში მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.

მესამე მედალი მაზემ სწორედ გიგანტურ სლალომში მოიპოვა - ის პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა, თუმცა მეტს გეგმავდა. სლოვენიელმა უკვე პირველ ცდაზე წააგო სტარტი, რადგან წამით ჩამორჩა მომავალ ტრიუმფატორს, ფრანგ ტესა ვორლის. ასე რომ, ტინამ დათმო წინა ჩემპიონატზე ამ სახეობაში მოპოვებული ტიტული.

ვორლის სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მით უმეტეს, რომ სტარტამდე ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიგანტურ სლალომში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა და მხოლოდ მე-11 აღმოჩნდა საბოლოო ოქმში.

საფრანგეთის ქალთა ნაკრებმა კი ამ ჩემპიონატზე მეორე ოქრო აიღო. შეგახსენებთ, რომ მანამდე სწრაფდაშვება მოიგო მარიონ როლანმა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ორი კომპლექტი დარჩა გასათამაშებელი: შაბათს და კვირას, სპეციალური სლალომი გაიმართება ქალებსა და მამაკაცები შორის.

გიგანტური სლალომი

ქალები
1. ტესა ვორლი (საფრანგეთი) - 2:08.06 (1:04.90+1:03.16); 2. ტინა მაზე (სლოვენია) - 2:09.18 (1:05.99+1:03.19); 3. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:09.24 (1:05.75+1:03.49); 4. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 2:09.60 (1:05.42+1:04.18); 5. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი) - 2:10.34 (1:06.55+1:03.79); 6. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 2:10.36 (1:06.55+1:03.81)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ავსტრიის პირველი ოქრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული