პირველი გამარჯვებების უქმეები

AutoSharing Option

სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშებამ ოკეანის გაღმა გადაინაცვლა. ქალები სახელგანთქმულ ამერიკულ კურორტ ასპენში შეიკრიბნენ, სადაც გიგანტურ სლალომსა და სლალომში გათამაშდა პირველობები.

ორივე ეტაპზე ფავორიტებად გერმანელი მოთხილამურეები მიიჩნეოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ორივე დისციპლინაში გამარჯვება სხვა ქვეყნის სპორტსმენებს ხვდათ წილად. გიგანტურ სლალომში პირველი ცდა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიგო, სამაგიეროდ, ხელი მოეცარათ სხვა გერმანელებს - ამ სახეობაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კატრინ ჰიოლცლსა და სეზონის მთავარ ფავორიტ მარია რიშს - ისინი მე-15 და მე-10 ადგილებზე იყვნენ.

მაგრამ ჰიოლცლი დაუბრუნდა ეტაპის ფავორიტთა რიცხვს მას შემდეგ,

რაც მეორე ცდაზე აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა. ფრანგ ტესა ვორლიმდე გერმანელის შედეგის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო. მოგვიანებით კი თავად ფრანგის დრო დარჩა პირველი ცდის ლიდერებისთვის გადაულახავი ბარიერი. აღსანიშნავია საბოლოო შედეგების სიმჭიდროვე - ვორლიმ მეორე ადგილზე გასულ რებენსბურგს ერთი მეათედი წამი მოუგო, მესამეადგილოსან ჰიოლცლს კი - 2 მეასედი!

მეორე დღეს სპეციალურ სლალომშიც პოდიუმზე გერმანელი ვიხილეთ, ოღონდ ამჯერად მარია რიშის ჩამორჩენა გამარჯვებულთან ნახევარ წამზე მეტი იყო. რიში პირველი ცდის შემდეგ საერთოდ მეშვიდე იყო, მაგრამ მეორე ცდაზე ნაჩვენები საუკეთესო დროის წყლობით მეორე ადგილზე გადავიდა. ტრიუმფატორი კი პირველად კარიერაში შვედი მარია პიტელი-ჰოლმნერი გახდა.

ამ ორი სტარტის შემდეგ საერთო ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა მარია რიშმა, რომელსაც 234 ქულა აქვს და 38 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ფინელ ტანია პოუტიაინენს.


* * *
ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები კანადურ ლეიკ ლუისში ჩქაროსნულ დისციპლინებში არკვევდნენ ურთიერთობას.

თავდაპირველად პირველობა სწრაფდაშვებაში გათამაშდა და ეტაპის სტარტზე სენსაცია მოახდინა ყველასთვის უცნობმა ფრანგმა იოჰან კლერიმ, რომელსაც ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე ჰქონდა პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და არც ტექნიკა დაეწუნებოდა.

როცა უძლიერესთა ჯგუფის გამოსვლა დაიწყო, ცხადი გახდა, რომ კლერის შედეგი ძალიან მაღალი იყო. მის დროს ვერაფერი მოუხერხეს აღიარებულმა ფავორიტებმა დიდიე კუშმა და კარლო იანკამ. მოგვიანებით ფრანგს ჯერ აქსელ ლუნდ სვინდალმა და შემდეგ ორმა ავსტრიელმა გაუსწრეს.

მარიო შაიბერმა და მიხაელ ვალჰოფერმა ბრწყინვალედ გაიარეს დისტანცია, ვალჰოფერს კი ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა და მან ავსტრიას გამარჯვება მოუტანა, შაიბერმა და სვინდალმა კი მეორე ადგილი გაიყვეს. რაც შეეხება ეტაპის სენსაცია კლერის, მას სილვენ ცურბრიგენმაც გაუსწრო და ფრანგი მეხუთეზე გავიდა.

შვეიცარიელ ტობიას გრიუნენფელდერის გვარი მხოლოდ სამთო-სათხილამურო სპორტის ნამდვილი გულშემატკვირებისთვის არის ცნობილი, ახლა კი მას უფრო ფართო აუდიტორია გაიცნობს. 33 წლის ვეტერანმა მეორე დღეს სენსაციური გამარჯვება მოიპოვა გიგანტურ სლალომში. ის ერთ-ერთი პირველი გავიდა ტრასაზე და სხვებისთვის საორიენტაციო დრო დააფიქსირა. მან სულ ცოტათი მოუგო ავსტრიელ რომედ ბაუმანს, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ასევე ბრწყინვალე დრო აჩვენა.

როგორც წესი, ჩქაროსნულ დისციპლინებში ფავორიტთა ჯგუფი 16-22 ნომრებად გამოდიან. მაგრამ ისინი ერთი მეორის მიყოლებით დაეშვნენ ტრასაზე, მაგრამ გრიუნენფელდის პოზიცია უცვლელი რჩებოდა. ყველაზე ახლოს მის დროსთან თანამემამულე კარლო იანკა მივიდა, მაგრამ სულ რვა მეასედი წამი არ ეყო ლიდერობის ხელში ჩასაგდებად.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასზე თავის პირველი ტრიუმფის დღეს გრიუნენფელდერი იუბილარი იყო - მას 33 წელი შეუსრულდა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული