ჰენრიკ კრისტოფერსენი - ამ სახეობის ამომავალი ვარსკვლავია. გასულ სეზონში 20 წლის ნორვეგიელმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე; აგრეთვე, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა სოჭის ოლიმპიადაზე. ახლა კი ლევიში მოგებით პრეტენზია გამოაცხადა წელს სლალომში ბროლის მცირე გლობუსის მოპოვებაზე.
კრისტოფერსენს გამარჯვება მოუტანა აბსოლუტურად საუკეთესო მეორე ცდამ, რის წყალობითაც გაუსწრო მსოფლიოს თასის მოქმედ გამარჯვებულს, ავსტრიელ მარსელ ჰირშერს.
ამ უკანასკნელმა ორივე ცდა უშეცდომოდ შეასრულა და ფინიშის შემდეგ გაკვირვებას ვერ
სამეულში მოხვდა სლალომის კიდევ ერთი ოსტატი, გერმანელი ფელიქს ნოიროიტერი, რომელმაც გამარჯვებულთან 31 მეასედი წამი წააგო.
* * *
გასულ ზამთარს ტინა მაზემ განაცხადა, რომ სამთო-სათხილამურო სპორტში გამოსვლის მოტივაცია დაკარგა. როგორც ჩანს, ახლა ამ მხრივ მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ლევიში ტინამ მსოფლიოს თასის ეტაპებზე 24-ე გამარჯვება მოიპოვა.
სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული ორი ოქრო რომ არა, სლოვენიელისთვის შარშანდელი სეზონი ჩავარდნილი იქნებოდა. მაგრამ დღეს მაზეს მტკიცედ აქვს დაგეგმილი ბროლის დიდი გლობუსისთვის ბრძოლა. ფინეთში დამაჯერებლად მოგებული სლალომი ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი იყო. მაზემ პირველივე ცდაზე აბსოლუტურად საუკეთესო დრო აჩვენა და უპრობლემოდ შეინარჩუნა უპირატესობა მეორე დაშვების შემდეგ.
"სეზონებს შორის შესვენებისას ყველაზე დიდი ყურადღება სლალომს მივაქციე და მოხარული ვარ, რომ ეს მონდომება პირველივე რბოლაში დამიფასდა", - თქვა ფინიშის შემდეგ ტინამ.
ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა ზოლდენში მოიგო გიგანტური სლალომი, მაგრამ ლევიში თავის საყვარელ სლალომში მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა. თუმცა ეს ჩავარდნა მაინც არ ართმევს 19 წლის ამერიკელს ამ დისციპლინაში ფავორიტის სტატუსს. შეგახსენებთ, რომ სლალომში მას უკვე ბროლის ორი მცირე გლობუსი აქვს მოპოვებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"