სამთო თხილამურები: ტრაგედია ავსტრიულ ალპებში

AutoSharing Option
ტრაგედია დატრიალდა ავსტრიის ალპებში. კურორტ ზოლდენში ზვავის ჩამოწოლის გამო აშშ-ის სამთო მოთხილამურეთა ნაკრების ორი ახალგაზრდა წევრი - 19 წლის ბრაის ესტლი და 20 წლის რონი ბერლაკი დაიღუპა.

ესტლი და ბერლაკი ექვსი მოთხილამურისგან შემდგარ ჯგუფში იყვნენ, რომლებიც დაშვებას ახორციელებდნენ რეტენბახის ტრასაზე. ოთხმა სპორტსმენმა თავიდან აიცილა სტიქიასთან შეჯახება, მაგრამ ორი ამერიკელი თოვლის სასიკვდილო ნაკადმა ჩაითრია.

"ისინი დიდებული მოთხილამურეები იყვნენ, რომლებიც პროფესიულად უდგებოდნენ ვარჯიშებს", - განაცხადა აშშ-ის სათხილამურო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტმა ტაიგერ შოუმ.

* * *
ამერიკელი მოთხილამურეების საპატივცემულოდ, წუთიერი დუმილით დაიწყო მსოფლიოს
თასის მორიგი ეტაპი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში. იქ მამაკაცები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ეტაპის ტრიუმფატორი გახდა ავსტრიელი მარსელ ჰირშერი. თავის საყვარელ დისტანციაზე მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა პირველივე ცდაზე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, ორი დაშვების ჯამში კი მთელი 81 მეასედი წამით დაამარცხა უახლოესი მდევარი. ეს იყო სეზონში მეოთხე მოგება ჰირშერისთვის და ამით მან პირველი ადგილი დაიბრუნა გენერალურ კლასიფიკაციაში. ავსტრიელმა გაუსწრო ჩქაროსნული დისციპლინების ოსტატს, ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს.

მეორე ადგილი ეტაპზე გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა დაიკავა, რომელმაც შეინარჩუნა პირველობა სლალომის ჩათვლაში. პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა ნორვეგიელი სებასტიან-ფოს სოლევაგი. ეს მისი პირველი საპრიზო სამეულია კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული