ისე, როგორც ავსტრიულ ფესტივალზე

AutoSharing Option

სენსაციურად დასრულდა გარმიშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცებს შორის სწრაფდაშვება. კანადელმა ერიკ გუიემ არაფრად ჩააგდო ფავორიტთა კარგი მომზადება და ოქროს მედალი დაიმსახურა.

გარმიშის ტრასა ერთ-ერთი ყველაზე რთულია. თუ ავსტრიის კიტცბუელში დიდია წაქცევისა და ტრავმის მიღების შანსი, გერმანიის ამ კურორტზე სხვა პრობლემებია - აქაური ტრასა მომქანცველია, რასაც ფინიშის შემდეგ სპორტსმენთა გამომეტყველებაც ადასტურებდა. თვით ნორვეგიელმა აქსელ-ლუნდ სვინდალმა ფინიშის შემდეგ თავი ვერ შეიმაგრა და სარეკლამო ბანერს შეასკდა.


ორი საწვრთნელი დაშვების შემდეგ ასე თუ ისე გამოიკვეთა ფავორიტთა ჯგუფი. ცხადი გახდა, რომ პირველობისთვის ორი მოთხილამურე იბრძოლებდა

- შვეიცარიელი დიდიე კუში და იტალიელი კრისტოფ ინერჰოფერი, რომელმაც სამი დღის წინ სუპერგიგანტი მოიგო.


ამ დუეტიდან პირველი ტრასაზე ინერჰოფერი გავიდა. კრისტოფმა ძალიან კარგი დრო აჩვენა და აშკარად ჩანდა, რომ მინიმუმ პოდიუმზე ასვლის უფლება მოიპოვა. დიდიე კუშს წესით გაუჭირდებოდა ამ შედეგის გაუმჯობესება. გაუჭირდა კიდეც, მაგრამ მაინც დაამარცხა იტალიელი, მაგრამ...

ინერჰოფერის შემდეგ სტარტზე კანადელი ერიკ გუიე გავიდა. ამ მოთხილამურეს ჩქაროსნული დისციპლინების სპეციალისტად იცნობენ. ერთ დროს ის უძლიერესთა ჯგუფში შედიოდა, პოდიუმებზეც ადიოდა და ეტაპებიც აქვს მოგებული, მაგრამ ამ სეზონში კანადელს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. თავად განსაჯეთ: გუეიმ აქამდე ჩატარებულ მსოფლიოს თასის ეტაპებზე ერთხელაც ვერ შეაღწია ათეულში. შაბათს კი მან გარმიშის ტრასის რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიგო.


ვერაფერი მოუხერხეს კანადელის დროს მიხაელ ვალჰოფერმა და სვინდალმა, არც ბოდე მილერს გამოუვიდა დაშვება. კუშმა და ინერჰოფერმა მედლები მოიპოვეს, მაგრამ გუეისთან ბრძოლა წააგეს.

 


* * *
მსოფლიოს ჩემპიონატის ქალთა ნაწილი ნამდვილ ავსტრიულ ფესტივალს დაემსგავსა - მესამე სტარტი და ამ ქვეყნის ქალთა ნაკრების მესამე ოქრო.

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ იმის შესახებ, რომ ამერიკელი ლინდსი ვონი და გერმანელი მარია რიში ბოლომდე ჯანმრთელები არ არიან, ამიტომაც გუშინდელ სწრაფდაშვებაში მთავარ ფავორიტად ელიზაბეტ გიორგლი მოიაზრებოდა, რომელმაც გარმიშში ბრწყინვალე სტილში მოიგო სუპერგიგანტი და სუპერკომბინაციის სწრაფდაშვების ნაწილი.

გიორგლმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი. ბრწყინვალე სიჩქარემ და შესანიშნავმა ტექნიკამ ელიზაბეტს ტრასის რეკორდის დამხობის საშუალება მისცა. ამ შედეგის გაუმჯობესებას მხოლოდ ვონი ან რიში თუ შეძლებდნენ.

გრიპით დასნეულებული მარია ბევრს ეცადა და იმ დღეს ყველაზე მეტი აპლოდისმენტი დაიმსახურა. მას სულ ოდნავ არ ეყო ძალა ფინალურ მონაკვეთზე, მაგრამ გუშინდელი მესამე ადგილი გერმანელისთვის გამარჯვების ტოლფასია.

ლინდსი ვონმა კი მაინც მოიპოვა ამ ჩემპიონატზე პირველი და ალბათ, უკანასკნელი მედალი. ამერიკელმა კარგად ისრიალა, განსაკუთრებით ფინალურ მონაკვეთზე, მაგრამ გიორგლისთვის კონკურენციის გაწევა მაინც ვერ მოახერხა.

ამ ჩემპიონატზე აშკარად არ უმართლებს შვეიცარიელ ლარა გუტს, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და ისევ მედლების გარეშე დარჩა. უნდა აღვნიშნოთ ტინა მაზეს მაღალი მეხუთე ადგილი დისციპლინაში, რომელიც არ ითვლება სლოვენიელის სტიქიად. ჯულია მანკუზოსგან კი პირიქით, მედალს ელოდნენ, მაგრამ ამერიკელი მხოლოდ მეექვსე იყო.


სწრაფდაშვება
კაცები
1. ერიკ გუიე (კან) 1:58.41
2. დიდი კუში (შვეიც) +0.32
3. კრისტოფ ინერჰოფერი (იტა) +0.76
4. რომებ ბაუმანი (ავსტრია) +1.10
5. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) +1.42
6. ანდრეი სპორნი  (სლოვენ) +1.84


ქალები
1. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) 1:47.24
2. ლინდსი ვონი (აშშ) +0.44
3. მარია რიში (გერ) +0.60
4. ლარა გუტი (შვეიც) +0.94
5. ტინა მაზე (სლოვენ) +0.98
6. ჯულია მანკუზო (აშშ) +1.06.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული