კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, მან 100 ქულამდე აიყვანა პლეი ოფში თავისი მონაგარი. ის მეხუთე მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, ვისაც ამ ზღვარის მისაღწევად 75 მატჩის ჩატარება დასჭირდა. კროსბიზე უფრო სწრაფად პლეი ოფში 100 ქულა დააგროვეს: უეინ გრეტცკიმ (46 მატჩი), მარიო ლემიემ (50), იარი კურიმ (67) და მაიკ ბოსიმ (74).
"პიტსბურგი" სრულ უპირატესობას ფლობდა
* * *
უფრო რთულად აქვს საქმე დასავლეთის პირველ გუნდს "ჩიკაგოს", რომელსაც, როგორც ჩანს, რთული სერია ელის "დეტროიტის" წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა უკვე გამოთიშა ბრძოლას დასავლეთის მეორე გუნდი "ანაჰაიმი", ახლა კი საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
სტუმრებმა, პირველ რიგში, დაცვაში კარგი თამაშით მიაღწიეს წარმატებას, მხოლოდ 20-ჯერ დაარტყმევინეს მეტოქეს კარში, საკუთარი შანსები კი კარგად გამოიყენეს და 4:1 მოიგეს.
* * *
"ლოს ანჯელესისა" და "სან ხოსეს" სერიაში ჯერჯერობით მხოლოდ მასპინძლები იმარჯვებენ. "კინგზმა" საკუთარ არენაზე ორი მატჩი მოიგო, ახლა კი "სან ხოსემ" შინ შეძლო სერიაში ანგარიშის შემცირება.
კალიფორნიელები 19 მაისის შეხვედრას ექვსმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ და ამჯერადაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა, მაგრამ ოვერტაიმში არ გაუმართლათ - დამატებითი დროის მეორე წუთზე ლოგან კუტურმა გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგან ოვერტაიმის სტარტზე "ზვიგენებს" ორი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე და "კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკმა ვეღარ გაძლო; არადა, მანამდე 38 დარტყმა მოიგერია.
სხვათა შორის, გამარჯვების გოლის ავტორმა კუტურმა ნახევარი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლოს დაბრუნდა მოედანზე და საბოლოოდ, სერიას ინტრიგა დაუბრუნა.
პიტსბურგი-ოტავა 4:3
2:1, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 კროსბი-4 (პ. მარტინი-6, ნისკანენი-2), 1:1 ტარისი-4 (ალფრედსონი-5, გონჩარი-5), 2:1 კროსბი-5 (კუნიტცი-5, ლეტანგი-6), 3:1 კროსბი-6 (ლეტანგი-7, მალკინი-11), 3:2 გრინინგი-2 (ზ. სმიტი-1, კ. ნილი-3), 4:2 მოროუ-1 (ჯ. ნილი-2, პ. მარტინი-7), 4:3 პაგო-4 (ლატენდრესი-1, კონდრა-5).
სერია: 2-0
ჩიკაგო-დეტროიტი 1:4
1:0, 0:2, 0:2
გოლები: 1:0 პ. კეინი-1 (ჰანზუში-3, შარპი-4), 1:1 ბრუნერი-4 (კინდლი-3, ჟ. ანდერსონი-3), 1:2 ბ. სმიტი-2 (ზეტერბერგი-6, ქლირი-4), 1:3 ფრანცენი-4 (ჯ. ერიქსონი-3, კრონვალი-2), 1:4 ფილპულა-2 (ზეტერბერგი-7).
სერია: 1-1
სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1 (ო)
1:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 დ. ბოილი-2 (მარლო-2, პაველსკი-5), 1:1 ტოფოლი-1, 2:1 კუტური-4 (მარლო-3, ჯ. ტორნტონი-7).
სერია: 1-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: პატარა სასწაული კალიფორნიაში