ბოლო ხუთ შეხვედრაში, რომელიც სერიაში რიგით მესამე მატჩი იყო, ლუნდკვისტი აუცილებლად ახერხებდა გამარჯვებას და ამ ხუთი სერიიდან "რეინჯერსმა" სამში გამარჯვება მოიპოვა. მოყვანილ იქნა სწორედ ამ მესამე მატჩების ფანტასტიკური სტატისტიკა: 1.01 გაშვებული გოლი და მოგერიების 96.6 პროცენტი.
ლუნდკვისტი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იყო მთელი მესამე მატჩის განმავლობაში, მაგრამ "ბოსტონს" მაინც ვერ გაუმკლავდა, რადგან "დათვებს" მთელი 60 წუთი მიჰყავდათ თამაში.
გამარჯვების გოლი, რომელიც დანიელ პეიმ გაიტანა, კურიოზული გამოდგა. გრეგორი კემპბელმა შორი მანძილიდან დაარტყა, შაიბა კარის წინ მდგარი შონ ტორნტონის ყვანჯს მოხვდა და რიკოშეტით შეეხო ჯერ ლუნდკვისტის ჩაფხუტს, შემდეგ ძელს და ყინულზე დავარდა, რის შემდეგაც პეიმ ის ცარიელ კარში შეაცურა.
სერიაში ანგარიში გახდა 3:0, რაც უდიდესი უპირატესობაა, მაგრამ ბოსტონელ ჰოკეისტებს სიტყვაც არ დაცდენიათ იმის შესახებ, რომ სერია თითქმის მოგებულია. ბევრს კარგად ახსოვს 2012 წლის ისტორიული სერია, როცა "ფილადელფიამ" სწორედ 0:3-დან მოახერხა "ბოსტონის" სტენლის თასიდან გაგდება.
რეინჯერსი-ბოსტონი 1:2
0:0, 1:0, 0:2
გოლები: 1:0 პიატი-2 (მაკდონაჰი-2), 1:1 ბოიჩაკი-4 (პეი-2, შ. ტორნტონი-1), 1:2 პეი-2 (შ. ტორნტონი-2, გ. კემპბელი-2).
სერია: 0-3
* * *
"სან ხოსემ", რომელმაც სტუმრად ორი სასტარტო შეხვედრა წააგო, მოახერხა სერიაში თანაფარდობის აღდგენა - მან მეორე საშინაო მატჩიც მოუგო სტენლის თასის მოქმედ მფლობელს. მოკრძალებული ანგარიშის მიუხედავად, ამჯერად "ზვიგენები" გაცილებით აღემატებოდნენ მეტოქეს, რომელსაც პირველ ორ პერიოდში თითქმის არ ჰქონია შეტევა.
21:9 - ასეთი იყო დარტყმების შეფარდება საწყისი 40 წუთის შემდეგ, თუმცა მესამე პერიოდი, აქტივობის მხრივ, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. "სან ხოსემ" უკან დაიხია და საშუალება მისცა მაიკ რიჩარდსს, დამატებაზე გაეტანა ერთი საპასუხო შეტევა, თუმცა მასპინძლებმა მაინც შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში.
სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ბერნსი-2 (ჯ. ტორნტონი-8, გალიარდი-1), 2:0 კუტური-5 (დ. ბოილი-4, პაველსკი-6), 2:1 მ. რიჩარდსი-2 (ჯ. კარტერი-3, კკოპიტარი-4).
სერია: 2-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. პლეი ოფი: "დეტროიტი" ჩემპიონს დაემუქრა