წლეულს, გაზაფხულზე ჩვენმა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი - უკრაინელი ევგენი ალიპოვი) ლუქსემბურგში ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში იასპარეზა ("გაზეთი "ლელო" წერდა ამის შესახებ).
მას შემდეგ რამდენიმე თვემ განვლო და, მართალი გითხრათ, ძალიან მესიამოვნა, ორიოდე დღის წინათ ბატონი ალექსანდრე ვაშაკიძე რომ შემეხმიანა - ბათუმში საქართველოს ჩემპიონატს ვიწყებთო.
- წლეულს შეჯიბრებაში ოთხი გუნდი ჩაებმება,
ჩემპიონატი რამდენიმერაუნდიანი იქნება და თითოეული გუნდი 18-18 მატჩს ჩაატარებს. მეორე ეტაპს იანვარში ბაკურიანი უმასპინძლებს.
გვინდა, რომ ჰოკეისტებმა საშეჯიბრო გამოცდილება შეიძინონ. სახელმწიფოსგან ოდნავი ხელშეწყობა მაინც თუ გვექნება, შესაძლოა, ჩვენს მეზობლებთან ამხანაგური შეხვედრებიც გავმართოთ.
გაისად (აპრილი) იზმირში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის პირველობა გაიმართება.
მეტოქეობას გაგვიწევენ ჰონკონგი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთი კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, მეორე დივიზიონიდან დაქვეითებული თურქეთი და ჩემპიონატის დებიუტანტი ბოსნია-ჰერცეგოვინა.
მეორე ლიგის ერთი საგზური გათამაშდება. ცხადია, ამ ეტაპზე ზედა ეშელონში აღზევებაზე არ ვფიქრობთ. მთავარია, მესამე დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ, რადგან ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმებიან...
ახლა კი, გასულ უქმეებზე ბათუმის ყინულის დარბაზში გამართული ორთაბრძოლების შესახებ.
პირველ მატჩში ბაკურიანის "მიმინო" და თბილისის "რუხი მგლები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბულ პაექრობაში ბაკურიანელებმა გაიმარჯვეს - 5:3 (1:1. 3:1, 1:1). გოლები: "მიმინო" - გოგიჩაშვილი (2), ჯეირანაშვილი, გეფერიძე, ოგანეზიანი, "რუხი მგლები" - კოჩკინი, ბახტაძე (2).
უფრო დრამატული გამოდგა "ცეცხლოვანი ჯვაროსნებისა" და "ყინულის რაინდების" პაექრობა.
პირველ პერიოდში "რაინდები" სმეტანინის (გიგაურის პასი) გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შენგელიამ (კოსიცკი) და კოსიცკიმ (ნადირაშვილი) პირველ შესვენებამდე წინ გაიყვანეს "ჯვაროსნები". ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 3:3. დამატებით მეოთხე პერიოდში "ჯვაროსნებს" გამარჯვება კოსიცკის გოლმა მოუტანა.
"ყინულის რაინდები" - "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" 4:5 (1:2, 2:2, 1:0, 0:1). გოლები: "რაინდები" - სმეტანინი, ბუცხრიკიძე, არჩვაძე, ხორბალაძე. "ჯვაროსნები" - შენგელია (2), კოსიცკი (2), ცაგარეიშვილი.
ასპარეზობის მეორე დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. ეტყობა, ბაკურიანელებმა ძალების აღდგენა უკეთ მოასწრეს და "ყინულის რაინდებს" დიდი ანგარიშით - 11:1 (5:1, 1:0, 5:0) მოუგეს. გოლები: "მიმინო" - ოგანეზიანი (3), ჯეირანაშვილი (3), გეფერიძე (3), გოგიჩაშვილი, ღონღაძე, "რაინდები" - ხორბალაძე.
მეორე ეტაპს, როგორც აღვნიშნეთ, იანვარში იზმირი (თურქეთი) უმასპინძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"