ამჟამად, ლიგაში კანადელთა საერთო რაოდენობა 49.7 პროცენტს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს სოლიდური მაჩვენებელია და ეჭვი არავის ეპარება ამ ქვეყნის წარმომადგენელთა უპირატესობაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
თვალში საცემია NHL-ში კანადელთა რაოდენობის შემცირება. გასულ წელს, მათი "წილი" 51.8 პროცენტი იყო, შარშანწინ - 53.4 პროცენტი.
გამოდის, რომ ყოველ ერთ წელიწადში კანადელთა რაოდენობა ლიგაში ერთნახევარი-ორი პროცენტით მცირდება. 1980 წელს, ლიგაში მათი წარმომადგენლობა 82.1 პროცენტს შეადგენდა.
ამასთან, კანადელებს ავიწროებენ
ჩრდილოამერიკულ ლიგაში კანადელებს ავიწროებენ ევროპელები, პირველ რიგში კი შვედები. მათი დიასპორა NHL-ში მესამეა სიდიდით - 9.1 პროცენტი. გასულ წელს, ეს რიცხვი 7.6-ს შეადგენდა.
მეოთხე ადგილზე არიან რუსები, რომლებმაც გაიმყარეს პოზიციები ოკეანის გაღმა - 4.5 პროცენტი (შარშან იყო 3.1). შემდეგ მოდიან ჩეხები - 4.2, ფინელები - 3.2, სლოვაკები - 1.1, შვეიცარიელები და გერმანელები - 0.9.
არის ეკზოტიკაც. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველ ხორვატს, რომელმაც შარშან გააფორმა კონტრაქტი, დაემატა ერთი ჰოლანდიელი - დანიელ სპრონგი. ის "პიტსბურგში" თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"