დღეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარის გუნდს ეთამაშება. ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, გულშემატკივრები გამარჯვებას ელოდებიან.
ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც იმავე განწყობით არიან. ჩვენს გუნდს გიბრალტართან 2 შეხვედრა აქვს აქამდე გამართული. ქვევით მოკლედ გავიხსენებთ ამ მატჩების შესახებ.
პირველად საქართველოს ნაკრები გიბრალტარის გუნდს 2014 წლის 14 ოქტომბერს შეხვდა. თამაში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გაიმართა.
მატჩს პორტუგალიამ, კერძოდ კი, ქალაქ სან ჟუან და ვანდამ უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლდათ. ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, გოლი ნიკოლოზ გელაშვილმა გაიტანა. მე-20 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმაც გამოიჩინა თავი. ხოლო საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე ჯაბა კანკავას მიერ გატანილი ბურთის შემდეგ დაფიქსირდა - 3:0. სხვათა შორის, იმ შესარჩევ ციკლში ეს ჩვენი ნაკრების პირველი გამარჯვება იყო.
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც მაშინ ითამაშეს, დღეს ჩვენს ნაკრებში ლორია, გრიგალავა, კანაკავა, კვირკველია და პაპუნაშვილი არიან. სხვათა შორის, გია გრიგალავა არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც განვილი ორივე შეხვედრა გიბრალტართან შეუცვლელად ჩაატარა და ახლაც გამოძახებულია ეროვნულ ნაკრებში. გიბრალტარის გუნდში ასეთი სამია - ჯოზეფ ჩიპოლინა, ლი კასკიარო და ლიამ ოუქერი.
მეორე მატჩი კი თბილისში გაიმართა 2015 წლის 8 ოქტომბერს. ამჯერად ნაკრებს უკვე კახაბერ ცხადაძე წვრთნიდა. მატჩში დუბლი მათე ვაწაძემ შეასრულა, სტუმართა კარი 30-ე და 45-ე წუთებზე დალაშქრა. 35 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა კაკაბაძის მოპოვებული პენალტი აქცია გოლად. ხოლო შეხვედრის 87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა საკუთარი ნახევრიდან წაიღო ბურთი და მე-4 გოლი გაუტანა გიბრალტარს. მეტი გოლი აღარ გასულა და ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 4:0.
აღნიშნულ შესარჩევ ციკლში, გიბრალტარის გარდა, მხოლოდ შოტლანდიას მოვუგეთ და ჯგუფში მე-5 ადგილი დავიკავეთ. იმედია, დღევანდელი მატჩი წინა შეხვედრებისგან განსხვავებული შედეგით არ დამთავრება და როგორც მაშინ, ამ ციკლშიც პირველ მოგებას გიბრალტარის ნაკრებთან ვიზეიმებთ.
საქართველო VS გიბრალტარი - უნდა მოვიგოთ, თუმცა სიურპრიზებს ვუფრთხილდეთ
ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ