ეროვნული ლიგა. XX ტურის წინ: დასუსტებული "ტორპედო" ბათუმს ეწვევა

AutoSharing Option
ფოტო: Facebook.com/FcTorpedoKutaisi

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მომდევნო ტური აიღებს სტარტს.

ლოკომოტივი-საბურთალო
ძალიან კარგ ფორმაში მყოფი თბილისის "ლოკომოტივი", რომელსაც 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, გათამაშების ლიდერ "საბურთალოს" მიიღებს.

მასპინძლებს ოთარ კობახიძე დააკლდებათ, რომელმაც "რუსთავთან" (1:1) მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია, "საბურთალოს" კი ამ მხრივ დანაკლისი არ აქვს.

გასულ ტურში "ლოკომოტივი" მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოვიდა, რამაც რუს დეპუტატებში პროტესტი გამოიწვია. მათ ქართული კლუბის დასასჯელად უეფას მიმართეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მათი მოწოდება არაფრად ჩააგდო.

სავარაუდოდ, ახალ კლუბში დებიუტი ექნება სტუმართა თავდამსხმელ გიორგი გაბედავას, რომელიც ბათუმის "დინამოსთან" მატჩში (0:0) განაცხადში არ ყოფილა.

ეს კლუბები ამ სეზონში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ორივე შემთხვევაში მოქმედ ჩემპიონებს დარჩათ.

თბილისის "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" მატჩი 25 ივნისს, 19:30 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-ტორპედო
ქუთაისის "ტორპედოს" დასუსტებისა და რთული პერიოდის მიუხედავად, ეს მატჩი, ალბათ, მაინც ტურის ცენტრალურ შეხვედრად უნდა მივიჩნიოთ.

ბათუმის "დინამო" გასულ ტურში თბილისს ეწვია და "საბურთალოს" ნულოვანი ფრე ეთამაშა, ეს გუნდი კი საკუთარ მოედანზე, გულშემატკივრების თვალწინ, უფრო შედეგიან და ლამაზ თამაშს აჩვენებს.

"დინამოს" უბრუნდება ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერია და გასული შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.

ქუთაისის "ტორპედოს" ასეთი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა კახა ჩხეტიანის გუნდს ბევრად სერიოზული პრობლემები აქვს - მამუკა კობახიძისა და ოლექსანდრ აზაცკის შემდეგ კლუბი მერაბ გიგაურმაც დატოვა. საუბარი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზეა.

აღსანიშნავია, რომ კობახიძე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. მან "საბურთალოსთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ისევე, როგორც "ლოკომოტივის" შემთხვევაში, რუსმა დეპუტატმა ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმის გამო უეფას "ტორპედოს" დასჯის მოთხოვნითაც მიმართა, თუმცა ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილი დარჩა.

მიმდინარე სეზონში ეს კლუბები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ.

ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 25 ივნისს, 21:30 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

ჩიხურა-დილა
რამდენიმე ტურის წინ თითქოს "ჩიხურა" ევროტურნირების ზონაში მოხვედრისთვის იბრძოდა, თუმცა ბოლო 5 ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულის შემდეგ გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

გასულ ტურში სოსო ფრუიძის გუნდი თბილისის "დინამოს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. საჩხერელები ცუდ ფორმაში არიან, არადა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე თვეზე ნაკლები რჩება.

კარგი შედეგებით ვერც "დილა" დაიკვეხნის, გორელებმა გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" დამარცხების შემდეგღა მოახერხეს გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა, თუმცა არც ისე შორს.

ეს კლუბები ამ სეზონში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, საიდანაც გამარჯვება ერთხელ "დილას" დარჩა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურასა" და გორის "დილას" დაპირისპირება 26 ივნისს, 18:00 საათზე, საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურა" აქამდე ყველა შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავდა.

სიონი-დინამო(თბ)
ბოლნისის "სიონს" გასულ ტურში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია კი სჭირდება, თუმცა რთული მეტოქე ჰყავს.

გასულ ტურში თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდებმა ქუთაისის "ტორპედოსგან" 7 უპასუხო გოლი გაუშვეს, მანამდე კი "საბურთალოსთან" 1:2 დამარცხდნენ.

თბილისის "დინამო" კი ძალიან კარგ ფორმაშია, დედაქალაქელებს ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვთ და ლიდერ "საბურთალოს" 4 ქულითღა ჩამორჩებიან.

ეს კლუბები ამ სეზონში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ თითო-თითო გამარჯვება აქვთ.

ბოლნისის "სიონისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 27 ივნისს, 18:00 საათზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რუსთავი-ვიტ ჯორჯია
ეროვნული ლიგის მე-19 ტური აუტსაიდერების შეხვედრით სრულდება. მე-9 და მე-10 პოზიციაზე მყოფი გუნდები გადარჩენისთვის იბრძვიან.

"რუსთავმა" ბოლო ორ ტურში კარგი მატჩები ჩაატარა, 4 ქულა მოიპოვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ვარლამ კილასონიას გუნდმა "დილა" პაატა კიტეიშვილის და ნიკოლაი ყიფიანის გოლებით დაამარცხა, "ლოკომოტივთან" კი თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა.

საკადრო პრობლემების მქონე "ვიტ ჯორჯია" კი პირიქით - ორივე შეხვედრაში დამარცხდა და 14 ქულით უკანასკნელ პოზიციას იკავებს.

ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში სულ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ გამარჯვება რუსთაველ ფეხბურთელებს დარჩათ.

"რუსთავისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება 27 ივნისს, 21:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული