დღეს დილით MLS-ის გათამაშებაში "სან ხოსემ" "ჰიუსტონ დინამო" 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.
გარდა გატანილი გოლებისა, ვაკო მოედანზე საუკეთესო იყო. მწვავე გადაცემები, დრიბლინგები... მოკლედ, აკეთებდა იმას, რასაც მისგან ველოდებით. როგორც ჩანს, "სან ხოსეს" მთავარ მწვრთნელსაც იგივე მოლოდინები აქვს ყაზაიშვილის მიმართ.
შეგახსენებთ, "სან ხოსეს" მთავარი მწვრთნელი არგენტინის ნაკრებისა და "ინტერნაციონალეს" ყოფილი ფეხბურთელი მატიას ალმეიდა გახლავთ.
"მე ვესაუბრე ვაკოს და ეს თამაშის ის დონე იყო, რასაც მისგან ველოდები. მე ვფიქრობ, რომ მას გასულ სეზონში სხვა როლი ჰქონდა, რადგან შარშან სრულიად სხვა სისტემით თამაშობდა გუნდი. კლუბში კონკურენცია არის და მე ვცდილობ, ამისგან საუკეთესო მივიღო", - აღნიშნა ალმეიდამ.
ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა გუნდის კაპიტანმა და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა კრის ვონდოლოვსკიმ, რომელიც MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და წელსაც კლუბში ყველაზე მეტი გოლი მას აქვს გატანილი.
"მე ვფიქრობ, რომ დღეს ვაკო შესანიშნავი იყო. მე ძალიან ვამაყობ მისით. მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენ მსგავსად, კარგი სტარტი არც მას გამოუვიდა. ის უკვე დაიქოქა და როგორც ხედავთ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ვაკო ყოველთვის მონდომებულია და მიხარია, რომ მიიღო ის, რაც დაიმსახურა", - აღნიშნა ვონდოლოვსკიმ.
"იდეალური ის გახლავთ, რომ ფეხბურთელები გადაწყვეტილების მიღებისას სირთულეებს მიქმნიან და სწორედ ეს მინდოდა ვაკოსაგან. ყოველთვის ვეუბნები ფეხბურთელებს, როცა მოგცემთ შანსს, არასდროს გაანიავოთ ის. სალინასმა ტრავმა მიიღო, ვაკომ დაიკავა მისი ადგილი და გამოიყენა კიდეც საკუთარი შანსი", - დაამატა მთავარმა მწვრთნელმა.
თავად ვაკო მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
"ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა როგორ ვგრძნობ თავს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად, მე უკვე გადავლახე სეზონის სტარტზე არსებული სირთულეები."
88-ე წუთზე, როცა ყაზაიშვილი მოედანს ტოვებდა, "ავაია სტედიუმი" ოვაციებით აცილებდა მას: "ვაკო! ვაკო!"
"ეს შესანიშნავი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. მსგავსი მომენტები მოტივაციას მმატებს და მე ვეცდები, ასე გავაგრძელო", - დაამატა ქართველმა.
შემდეგ შეხვედრას "სან ხოსე" სტენფორდში გამართავს, სტადიონზე, სადაც "ლოს ანჟელეს გელექსის" მასპინძლობს ხოლმე. Cali Clasico ყველაზე პრინციპული თამაშია ორივე გუნდისთვის. კალიფორნიული დერბი 84 შეხვედრას ითვლის. აქედან "გელექსის" 41 აქვს მოგებული, "სან ხოსეს" - 27, ხოლო 16 მატჩი ფრედ დამთავრდა.
უკანასკნელ 3 შეხვედრაში მონაწილეობა ვაკო ყაზაიშვილმაც მიიღო და 2 გოლის გატანა მოახერხა. დიდი ალბათობით, ვაკო ამ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება, როგორც გურამ კაშია, რომელსაც უფრო რთული მატჩის ელის, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. "იბრა" სწორედ "ლოს ანჟელეს გელექსის" ღირსებას იცავს.