"შერიფთან" მატჩის წინ "საბურთალოს" ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა - მეტოქის თამაში გაშიფრულია

AutoSharing Option
“საბურთალო” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ტირასპოლში "შერიფს" დაუპირისპირდება. მატჩისადმი ინტერესი დიდია და მოლდოვაში გამგზავრების წინ კლუბის საიტმა ფეხბურთელების კომენტარები გამოაქვეყნა.

ლაზარე კუპატაძე: “10 ივლისი ჩვენი კლუბის ცხოვრებაში ისტორიული დღეა – პირველად ვითამაშებთ ევროტურნირებზე. დიდი მოლოდინით ვემზადებით მოახლოებული მატჩისთვის. გუნდში საბრძოლო განწყობაა.
რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას – დავბრუნდი სახლში, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. “საბურთალო” ჩემი ოჯახია. აქ ბევრი სასიამოვნო და დაუვიწყარი დრო მაქვს გატარებული. მჯერა, მომავალში “საბურთალოსთან” ერთად წარმატებებს კიდევ მივაღწევ”.

დაჩი ცნობილაძე: “რუსთავთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, ყველა
“შერიფთან” მატჩზე ვფიქრობთ. ვემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის. გავაანალიზეთ მეტოქის თამაში, ვნახეთ სუსტი და ძლიერი მხარეები. გუნდი მზად არის ისტორიული შეხვედრის ჩასატარებლად, წარმატების მისაღწევად კი ბოლომდე ვიბრძოლებთ. ევროპაში ჩვენთვის პირველი სერიოზული გამოცდაა, ვეცდებით კარგად წარმოვაჩინოთ თავი”.

გიორგი გაბედავა: “შერიფი” ძლიერი და უფრო გამოცდილი გუნდია, მაგრამ ისეთიც არაა, რომელთანაც შანსი არ გვექნება. ამას გარდა, მეტოქის რამდენიმე თამაში ვნახეთ. აქვთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დიდი ხანია, რაც ტირასპოლურ გუნდს ჩემპიონატში კონკურენტი არ ჰყავს. ძალიან სწრაფი და მოძრავი გუნდია.
რაც მთავარია, “საბურთალოშიც” კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქესავით ევროთასებზე გამოსვლის გამოცდილება არ გაგავაჩნია, შეთამაშებული გუნდი ვართ და საბრძოლო განწყობით მივემგზავრებით ტირასპოლში”.

გაგი მარგველაშვილი:
“ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, “შერიფს” ბევრი ლეგიონერი ჰყავს და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. მათი სიძლიერე შარშანაც გამოჩნდა, როდესაც მოლდოველები ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდნენ.
ვერ ვიტყვი, რომ პირველ მატჩში თანაბარი შანსები გაგვაჩნია, რადგან გასვლაზე ვთამაშობთ და უპირატესობა ტირასპოლელებს აქვთ. თანაც, ეს გუნდი სახლში თამაშებს თითქმის არ აგებს. მოახლოებული შეხვედრა “საბურთალოსთვის” ისტორიულია. სასურველი შედეგის მისაღწევად, ფეხბურთელები ძალებს არ დავიშურებთ”.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ქართველებო! ბოლომდე იბრძოლეთ ბიჭებო, დაუძლეველი ბარიერი არარსებობს! წარმატებები თქვენ და ყველა ქართულ კლუბს! უფალი გფარავდეთ!
ბათუმი
14:14 09-07-2019
0
საქართველოს ჩემპიონატის დონე ამ ეტაპზე საკმაოდ წამოიწია წინა წლებთან შედარებით..საბურთალო კი ამ ჩემპიონატის ერთ ერთი საუკეთესო გუნდია,ამიტომ იგი შერიფის კი არა უფრო ძლიერი გუნდის ბარიერსაც დაძლევს
ბეგო
10:16 09-07-2019
1

სიახლეები პოპულარული