ფოტო: fcdinamo.ge
ანდორულ "ენგორდანთან" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ერთი დღით ადრე თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.
"მოთამაშეები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ყველა კარგ მდგომარეობაშია. მეტოქისადმი ძალიან დიდი პატივისცემით ვართ განმსჭვალული და ჯერ შემდგომ მეტოქეზე არ ვფიქრობთ.
ვეცდებით, გოლი არ გავუშვათ. საპასუხო მატჩშიც იგივე სურვილი გვაქვს. თუმცა, მთავარი ჯერჯერობით პირველი შეხვედრაა.
თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა. ვერ გეტყვით, ვინ გავა მოედანზე, ამას ხვალ ვნახავთ.
ხვალინდელი შეხვედრა ყველაზე მთავარია, საპასუხო მატჩზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.
მეტოქე კარგი განწყობით ჩამოდის, რადგან წინა მოწინააღმდეგეს სძლია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ გუნდს ეთამაშებიან, როგორიც თბილისის "დინამოა", - განაცხადა ვისენტემ.
თბილისის "დინამოსა" და "ენგორდანის" დაპირისპირება 11 ივლისს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს.