11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო" სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა.
მძიმე ფინანსური ვითარების გამო "ტორპედო" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოედანზე ხელახლა ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. თან, "ტორპედოს" ზივზივაძე და დოლიძე ვერ დაეხმარნენ. 20-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რისი მიზეზიც ალბათ, სიცხე იყო - შეხვედრის დასაწყისში ტემპერატურა პლუს 38 გრადუსი იყო.
მიუხედავად ასეთი სერიოზული პრობლემებისა, "ტორპედომ" თამაში მშვიდად დაიწყო, მეტოქეს არაფერსაც არ უთმობდა და გასაქანსაც არ აძლევდა. თამაში ვერ მიმდინარეობდა მაღალ ტემპში, თვალსასეიროც არ გახლდათ და მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა.
მეტოქე სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად (მარცხენა ფლანგიდან ბურთის ცენტრში ჩაკიდებით) და უხიფათოდ უტევდა. პირველი რეალური მომენტი შიმკენტელებს 39-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც იერლანოვმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ბურთი და მეკარე კვასხვაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა და 65-ე წუთზე "ორდაბასიმ" ანგარიში გახსნა - კუთხურისას გამოსვლაზე კვასხვაძე შეცდა და იერლანოვმა თავით გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე კი კვასხვაძემ მალანგუს ძლიერი დარტყმული მოიგერია.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შექმნილ ვითარებაში ეს არ არის ურიგო შედეგი, მოწინააღმდეგე არაა დაუმარცხებელი გუნდი, მაგრამ "ტორპედოს" შეტევა ძალიან უჭირს და განმეორებით შეხვედრაში გოლი გასატანი აქვს.
შიმკენტი. "კაჟიმუკან მუნაიტპასოვი"
ორდაბასი - ტორპედო 1:0
გოლი: იერლანოვი (65)
ორდაბასი: ნეპოგოდოვი, მალანგუ, იერლანოვი, მეჰანოვიჩი (შეტკინი 64), ტოლებეკი (ბაბიდანგა 55), ჟანგილიშბაი (ბისტროვი 75), დიახატე, მალი, დოსმაგამბეტოვი, ფონტანელო, ჟოაო პაულო
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე (კობახიძე 68), ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76)
კახა ჩხეტიანი ჟურნალისტს: რუსულად რატომ არ ვსაუბრობ? - იმიტომ, რომ ჩემი ენა უძველესი და ლამაზია!
კახა ცხადაძე: "ტორპედოსთან" პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ
კახა ჩხეტიანი: შანსი გვაქვს - არავისი არ მეშინია, ხომ არ მომკლავენ