ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვაკო გვილიას "ლეგია" გიბრალტარში ნულოვან ფრეს დასჯერდა ადგილობრივ "ევროპასთან". ნამატჩევს თვითკრიტიკული განცხადება ქართველმა ლეგიონერმა გააკეთა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
"ეს არ არის კარგი შედეგი. ჩვენ არ შეიძლება ასე ვითამაშოთ. ამ მატჩის გაანალიზება და შემდეგის რაც შეიძლება კარგად ჩატარება გვმართებს.
როგორ იმოქმედა ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა ჩვენს თამაშზე? ცუდად ვითამაშეთ და მოედნის გამო თავს ვერ ვიმართლებთ. არ გვეშინია, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავალთ. უბრალოდ, უნდა გავიმარჯვოთ.
კონცენტრირება, გაცილებით უკეთ ასპარეზობა და მოგებაა საჭირო. სეზონის პირველი მატჩები ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ უკეთ ვითამაშებთ", - ციტირებს გვილიას კლუბის საიტი.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 18 ივლისს ვარშავაში ჩატარდება, 21 ივლისს კი ჩემპიონატის პირველ ტურში "ლეგია" შჩეცინის "პოგონს" უმასპინძლებს.