ფოთის "კოლხეთმა" და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

AutoSharing Option
ფოთის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913"-ის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კლუბში არსებულ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. გუნდის წარმომადგენლების თქმით, სასწრაფოდ უნდა გამოინახოს ფინანსური სახსრები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა.

საუბარია 45 ათას ლარზე. საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის დირექტორის, ზაზა ინაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული დავალიანების დაფარვა დღესვე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.

მისივე თქმით,
არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვის ერთ-ერთ ვერსიად ფეხბურთელებისთვის პრემიების დროებით შეჩერება განიხილებოდა, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუნდის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა დარიცხული.

"ამ დროისთვის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა შემოსული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ვალის მთლიანად დასაფარად. ფეხბურთელებთან საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რაც მათ პრემიები ერგებათ, დროებით ამ თანხით დაფარულიყო არსებული დავალიანება, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა. იმედია, დღის ბოლომდე გუნდის ხელმძღვანელობა,  ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გამონახავს ალტერნატიულ გზებს პრობლემის მოსაგვარებლად. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფოთის ,,კოლხეთს"არ დააკლდეს 6 ქულა. ქულების დაკლება გუნდზე ძალიან ცუდად აისახება, რადგან გუნდი მთლიანად უბრუნდება იმ ზონას, სადაც მე-2 ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საშიშროება არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ინაშვილმა.

თავის მხრივ, ფოთის მერი გოჩა კურდღელია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქალაქში მოქმედ კომპანიებთან, რომლებმაც გუნდის დახმარების სურვილი გამოთქვეს. ,,ფოთის "კოლხეთი 1913"-ში არსებობს ფინანსური პრობლემები. ჩვენდა საბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ სპორტული კუთხით წარმატებები გვაქვს და კლუბში განხორციელებულმა ცვლილებებმა გააკეთა ის, რომ დღეს გუნდს აქვს საკმაოდ კარგი შედეგები. რაც შეეხება არსებულ პრობლემას, საუბარია ფეხბურთელების ძველ სახელფასო დავალიანებაზე. ჩავატარეთ დროული მუშაობა ქალაქში არსებულ საწარმოებთან. საბედნიეროდ, არის კომპანიები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. დაიწყო თანხების გადმორიცხვა და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ამ კომპანიების სიას, რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით და ვფიქრობ, არსებული პრობლემა ჩვენ მიერ დროულად იქნება მოგვარებული", - აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი გუნდში არსებული ფინანსური პრობლემის მოგვარების მიზნით ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული