ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზოგიერთ ქვეყანაში საზაფხულო შესვენება უკვე ამოიწურა და ადგილობრივი ჩემპიონატებიც განახლდა. რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ნავსაყუდელი შეიცვალა და ახალ სეზონს ახალი კლუბის რიგებში ხვდება.

წარმოგიდგენთ ლეგიონის უქმეების მიმოხილვას, სადაც რამდენიმე ქართული გოლი და საგოლე გადაცემა ვიხილეთ.

გერმანია
III ბუნდესლიგა. I ტური. "უნტერჰაჰინგი" "კაიზერსლაუტერნს" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა. სტუმართა ერთადერთი გოლი ლუკას ჰუფნაგელმა მატჩის 50-ე წუთზე გაიტანა.


რუსეთი
პრემიერლიგა. II ტური. პრემიერლიგის მეორე ტურში სამი ქართული გოლი ვიხილეთ: ორი მეტოქის, ხოლო 1 საკუთარ კარში.

"უფამ" საკუთარ მოედანზე
"კრასნოდარი" მიიღო და 2:3 დამარცხდა. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, სხვაობა ორამდე მე-40 წუთზე ჯიმი ტაბიძემ თავური დარტმით გაზარდა.

მეორე ტაიმში "კრასნოდარმა" შეუტია და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 87-ეზე კი კვლავ ტაბიძემ, ამჯერად, საკუთარ კარში გაიტანა და "უფამ" მოედანი უქულოდ დატოვა.


სრული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის ბოლო, მე-6 დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო "კრილია სოვეტოვთან" მოგებულ (3:2) შეხვედრაში ტულის "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ, რომელმაც პირველ ტურში ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.

პრემიერლიგის ამ სეზონის ყველაზე "ქართული" კლუბი, წესით, "ლოკომოტივი" უნდა ყოფილიყო, თუმცა 3-მა ჩვენებურმა თავი "რუბინში" მოიყარა.

მეორე ტურში ყაზანურმა კლუბმა მოსკოვის "დინამოს" სძლია. ამჯერადაც თავი ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. გოლის ავტორი ბექა მიქალთაძე გახდა, რომელმაც "რუბინში" სადებიუტო შეხვედრა გამართა. ის მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო და შეხვედრის ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე გაიტანა.

დაპირისპირებაში მონაწილეობა ყაზანელთა დანარჩენმა ორმა ქართველმაც მიიღო - ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის ხვიჩა კვარაცხელიამ 77-ე წუთზე შეცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოედანი ყვითელი ბარათებით დატოვეს.


"როსტოვთან" მატჩში "სპარტაკის" რიგებში 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა ჯანო ანანიძემ. მოსკოველთა რიგებში კი ქართული გვარის და რუსული პასპორტის მქონე ორმა მოთამაშემ იასპარეზა - გიორგი ჯიქიამ და გიორგი მელქაძემ. პირველმა მათგანმა გოლიც გაიტანა.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" 2:1 სძლია "ტამბოვს". საბა კვირკველია მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

შვეიცარია
სუპერლიგა. I ტური. მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა ოთარ კაკაბაძე, რომლის "ლუცერნმაც" "სენტ გალენს" სტუმრად 2:0 სძლია.

საკუთარ მოედანზე "ციურიხი" მოულოდნელად განადგურდა "ლუგანოსთან". მასპინძლებმა 4 უპასუხო გოლი მიიღეს. "ციურიხის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა ლევან ხარაბაძემ.

დანია
სუპერლიგა. II ტური. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "ჰობროსთან" 3 ქულა ბოლო წამებზე დაკარგა - 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ასევე 90 წუთი დაჰყო მოედანზე "რანდერსის" რიგებში საბა ლობჟანიძემ. მისი გუნდი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში "ბრონდბიუს" დაუზავდა (2:2).

პოლონეთი
ექსტრაკლასა. I ტური. სადებიუტო შეხვედრაშივე საგოლე გადაცემით გამოირჩა ვაკო გვილია, რომლის "ლეგიაც" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდა "პოგონთან" - 1:2.

მატჩის პირველი გოლი ქართველი ნახევარმცველის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ სანდრო კულენოვიჩმა 59-ე წუთზე გაიტანა, თუმცა მასპინძლებმა 61-ე და 84-ე წუთებზე გაუშვეს და ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს.


არ შედგა დავით სხირტლაძის დებიუტი "არკას" შემადგენლობაში. ქართველის გუნდი "იაგელონიასთან" 0:3 განადგურდა.

თანამემამულის მსგავსად, 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა "კორონას" შემტევმა ვატო არველაძემ. მისი გუნდი "რაკოვთან" 0:1 დამარცხდა.

შვედეთი
ალსვენსკანი. XVI ტური. შესანიშნავ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც საგოლე გადაცემით დააგვირგვინა. მისმა "გეტებორგმა" კი "ესკილსტუნას" 1:0 აჯობა.


ქართველის გუნდი მე-5 ადგილზეა, ხარაიშვილის ანგარიშზე კი 3 გოლი და 5 საგოლე პასია.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. XVI ტური. აკაკი ხუბუტიას "ვიტებსკი" საკუთარ მოედანზე "მინსკს" დაუზავდა - 1:1. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 17 ქულით მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 4 ქულა აშორებს.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. XIX ტური. უხვგოლიანი და რეზონანსული გამოდგა "ტობოლისა" და "ალმატის" მატჩი, რომელიც 3:5 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათები მიიღეს.

"ტობოლში" გარკვეული პრობლემებია, რის გამოც კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გაზაევმა დატოვა. მედიაში გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, პრემიერლიგის ლიდერიდან ლეგიონერებიც წავიდნენ, მათ შორის, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირიც.

მიუხედავად ბოლო 3 შეხვედრაში მოპოვებული 1 ქულისა, "ტობოლი" 19 ტურის თავზე ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს.

ასევე ორმა ქართველმა ითამაშა მასპინძელთა რიგებში "ტარაზისა" და "ჟეტისუს" შეხვედრაში (2:0). ელგუჯა ლობჯანიძემ მატჩის სტარტზე დაზიანება მიიღო და მე-14 წუთზე შეცვალეს, ლაშა კასრაძემ კი შეუცვლელად იასპარეზა.

აშშ
MLS. 21-ე ტური. მორიგი გოლი მიითვალა ვაკო ყაზაიშვილმა, რომლის "სან ხოსემაც" ამჯერად აუტსაიდერ "ვანკუვერს" სძლია. ქართველი შემტევი ჩვეულებრისამებრ აქტიური იყო და მისი გუნდის მეორე გოლიც დიდწილად მისი დამსახურებით გავიდა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს.


გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხარაიშვილს რატომ არ ათამაშებს ვაისი და არველაძეს რატომ ათამაშებს, მაშინ როცა ეს ჯერ არ დაუმსახურებია? ლობჟანიძე როგორც იქნა დააყენა და ამან ეგრევე გოლიც გაიტანა. ზარანდიაზე აღარ ვამბობ. ყაზაიშვილი საერთოდ რომ არ გამოიძახა, ჯერ თავდამსხმელად რომ ათამაშებდა... რატომაა გუნდში გაუგებარი ხალხი, როცა ასარჩევადაა საქმე შეტევაში?
გადასარევი გიორგი
13:41 22-07-2019
0
კარგი თაობა მოდის, ჯვარი გვეწეროს. მაინც ვერ გავდივართ ჯგუფიდან და ნეტა ვაისმა შანსი მისცეს ახალგაზრდებს, მგონია, რომ თავს არ შეირცხვენენ. მარტო ნახევარმცველები ნახეთ: ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ბერიძე, არაბიძე, კოხრეიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზარანდია, აბურჯანია, ნინუა (ამ დინამოელს ბევრი არ იცნობს, მარა მაგარია), შენგელია, ჰუფნაგელი, ვაჩიბერიძე,ლობჟანიძე, ბუღრიძე, პაპუნაშვილი. კონკურენცია და არჩევანი დიდია...
ლაშა
14:48 22-07-2019
0

სიახლეები პოპულარული