მასწავლებლები "წითელი არმიით" - რას წარმოადგენს "ჩიხურას" მეტოქე "აბერდინი"

AutoSharing Option
"აბერდინი" შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ აბერდინში 1903 წელს დაარსებული კლუბია.

საფეხბურთო კლუბი "აბერდინი" 3 სხვადასხვა კლუბის გაერთიანების შედეგად შეიქმნა - "აბერდინი", "ვიქტორია იუნაიტედი" და "ორიონი".

"აბერდინი" ამავე სახელმწოდების ქალაქის გუნდი გახლავთ. აბერდინში დაახლოებით 200 000 ადამიანი ცხოვრობს და ის შოტლანდიაში სიდიდით მესამე ქალაქია გლაზგოსა და ედინბურგის შემდეგ.

აბერდინის თანამედროვე ტერიტორიაზე მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წლის წინ ცხოვრობდა. დაახლოებით, ჩ.წ. 2000 წლით თარიღდება აბერდინშირში აღმოჩენილი ქვის წრეები. ჩ.წ. მე-4 საუკუნეში აბერდინის ტერიტორიაზე კელტები დასახლდნენ.

ისტორიულად ქალაქი ძალიან საინტერესოა და დამთვალიერებელს
უამრავი საინტერესო ადგილის პოვნა შეუძლია.

Sportall.Ge

ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობა "პითოდრის" სტადიონი გახლავთ, რომელიც, დაახლოებით, 20 000 ადამიანზეა გათვლილი. "პითოდრი" 1899 წელს ააშენეს და ის იყო პირველი სტადიონი, რომელსაც სათადარიგო ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ზონა ჰქონდა.

Sportall.Ge

"აბერდინს" რამდენიმე მეტსახელი აქვს. პირველი ესაა The Dons, ანუ მასწავლებლები, რომელიც დაკავშირებულია საუნივერსიტეტო ქალაქთან. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ეს მეტსახელი მდინარე დონის გამო ჰქვიათ.

"აბერდინის" ფანკლუბის სახელი კი "წითელი არმია" გახლავთ, რაც კლუბის ფერებიდან გამომდინარეობს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეები "აბერდინს" ცხვრებს ეძახიან, ხოლო "აბერდინის" ფანებს - Sheep Shaggers-ს, რაც ნიშნავს ადამიანებს, რომლებსაც ცხვრებთან სექსი აქვთ.

მიღწევები

ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ საფეხბურთო შედეგებს, "აბერდინი" შოტლანდიის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. უკანასკნელად 1984-85 წლების სეზონში და ამ შედეგით არის Old Firm-ის მიღმა მყოფი ბოლო გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

მოგეხსენებათ, Old Firm-ი გლაზგოური დერბის სახელწოდებაა, რომელშიც ერთმანეთს "სელტიკი" და "რეინჯერსი" უპირისპირდებიან.

"აბერდინმა" 4 ჩემპიონობიდან 3 მაშინ მოიგო, როცა კლუბს სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. გარდა ამისა, ფერგიუსონის ხელმძღვანელობით კლუბმა ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო 1983 წელს და ევროპის სუპერთასიც იმავე წელს. უკანასკნელი ტიტული, რომელიც "აბერდინმა" მოიპოვა, შოტლანდიის ლიგის თასია და ის გუნდმა 2013-14 წლების სეზონში მოიგო.

Sportall.Ge

რაც შეეხება ბოლო შედეგებს ევროთასებზე. "აბერდინი" მხოლოდ ევროპა ლიგის საკვალიფიაკაციო ეტაპზე ასპარეზობს და დიდი წარმატებებით არ გამოირჩევა. პირველად და უკანასკნელად ევროპა ლიგაზე (უეფას თასზე) გუნდი 2007 წელს იყო და ჯგუფში მადრიდის "ატლეტიკო", "პანათინაიკოსი", "კოპეჰაგენი" და მოსკოვის "ლოკომოტივი" ჰყავდათ.

"აბერდინმა" მხოლოდ "კოპენჰაგენის" დამარცხება შეძლო, თუმცა ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ევროპა ლიგაზე საუკეთესო შედეგი მესამე სკვალიფიკაციო ეტაპი იყო, რომელშიც 2017 წელს კვიპროსულ "აპოლონთან" დამარცხდა. შარშან კი, "აბერდინმა" "ბარნლისთან" დათმო ორმატჩიანი დაპირისპირება.

წლევანდელ ევროპა ლიგაზე, "ჩიხურას" მსგავსად, ორივე შეხვედრა 2:1 მოუგო ფინურს "როპსს". "როპსი" დაახლოებით იგივე დონის გუნდია, რაც "ფოლა ეში" იყო.

ფეხბურთელები და სატრანსფერო ფასები

"ტრანსფერმარკეტის" მონაცემებით, "აბერდინის" შემადგენლობაში 26 ფეხბურთელი ირიცხება და მათი საშუალო ასაკი 25.7 წელი გახლავთ. 26-დან 15 ფეხბურთელი უცხოელია. მათი საერთო სატრანსფერო ფასი 11, 75 მილიონი ევროა.

"აბერდინის" ფეხბურთელებიდან 4 ეროვნული ნაკრების წევრი არის. ყველაზე გამოცდილი ნაიელ მაქგინია, რომელსაც ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში 54 თამაში აქვს ჩატარებული. 22 წლის სკოტ მაქქენა შოტლანდიის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდში უკვე 12 შეხვედრა ჩაატარა.

"ბარნლიდან" ახალმოსულ 24 რაიან ჰეჯსს უელსის ნაკრების 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 25 წლის მაიკლ დევლინი შოტლანდიის ნაკრებში იყო გამოძახებული, მაგრამ არ უთამაშია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი დერეკ მაქქაინსი გახლავთ.

მეკარეები
  • ჯო ლუისი (კაპ) 500 000 ევრო
  • ტომას ჩერნი (ჩეხ) 350 000
  • დენი როჯერსი 250 000
მცველები
  • სკოტ მაქქენა 1 250 000
  • მაიკლ დევლინი 600 000
  • ეშ ტეილორი 400 000
  • გრეგ ლეი 400 000
  • ენდი კონსაიდინი 400 000
  • შეი ლოგანი 500 000
  • ქრეიგ ბრაისონი 1 000 000 (ტრავმა)
  • ფუნსო ოიო (ბელ/ნიგ) 1 000 000
  • ლუის ფერგიუსონი 550 000
  • შტეფან გლისონი 300 000

თავდამსხმელები და გარემარბები
  • ნაიელ მაქგინი 600 000
  • ჯონ გალაჰერი 200 000
  • კონორ მაქლენანი 150 000
  • რაიან ჰეჯსი 250 000
  • ჯეიმს უილსონი 1 500 000
  • სტივი მეი 500 000
  • ქართის მეინი 400 000
  • სემ ქოსგროუი 250 000
  • სკოტ რაითი 200 000
  • ბრიუს ანდერსონი 200 000

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ "აბერდინს" გუნდში 6 ცენტრფორვარდი ჰყავს და არც ის არის ძნელი გამოსაცნობი, თუ რა ტიპის ფეხბურთს ანიჭებენ შოტლანდიელები უპირატესობას.

როგორც ვხედავთ, გუნდის ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი 23 წლის თავდამსხმელი ჯეიმს უილსონი გახლავთ. უილსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და 2014 წელს, "წითლების" რიგებში ჩატარებულ პრემიერლიგის პირველ შეხვედრაში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. თუმცა მას შემდეგ "მანჩესტერის" რიგებში სულ 2 გოლი გაიტანა. რამდენიმე გუნდში განათხოვრების მერე კი, ბოლოს "აბერდინში" აღმოჩნდა. ციდან ვარსკვლავებს ვერც შოტლანდიაში წყვეტს და გასული წლის სეზონის 24 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. არც "როპსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში გამოუჩენია თავი და მხოლოდ 8 წუთი ითამაშა - კარიერაში აშკარა რეგრესი აქვს.

Sportall.Ge

მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი სკოტ მაქქენა გახლავთ. აი, 190 სმ მცველს კი აშკარა პროგრესი აქვს კარიერაში. "აბერდინის" აღზრდილი 22 წლის ფეხბურთელი შოტლანდიის ნაკრების ძირითად ცენტრალურ მცველად იქცა და თავისი კლუბის დაცვის ლიდერია.

Sportall.Ge

1 000 000 მილიონ ევროდ შეფასებული ბრაისონი ტრავმირებულია, ხოლო იმავე ფასის მქონე ფუნსო ოიო 14 ივლისს შეუერთდა გუნდს ლიგა ორის "სქანთორფ იუნაიტედიდან" 140 000 ევროს სანაცვლოდ. ოიო "პსვ ეინდჰოვენის" აღზრდილია და ძირითად გუნდშიც აქვს შეხვედრები ჩატარებული.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს, გამოსარჩევი გახლავთ 188 სმ ცენტრალური თავდამსხმელი სემ ქროსგროუი, რომელიც გასულ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო პრემიერშიფში 17 გატანილი გოლით და "როპსის" წინააღმდეგაც ორივე მატჩში გამოიჩინა თავი.

ასევე, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ და "ჩიხურას" ფეხბურთელებმა, ლუის ფერგიუსონია. 19 წლის ფერგიუსონი ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს და "აბერდინის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მას სკოტ ბრაუნის სტილი აქვს, თუმცა უფრო ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას განაპირა მცველები, შეი ლოგანი და ენდრიუ კონსაიდინი იმსახურებენ. ისინი "აბერდინში" შეტევის მნიშვნელოვან რგოლს წარმოდგენენ, როგორც გარემარბები - ჯონ გალაჰერი და სკოტ რაითი.

მოლოდინი

რას შეიძლება მოველოდეთ "ჩიხურასა" და "აბერდინის" შეხვედრიდან? ერთი შეხედვით, "აბერდინი" უფრო ძლიერი გუნდია. სატრანსფერო ღირებულებითაც ბევრად აღემატება "ჩიხურას", თუმცა საჩხერულ კლუბს "აბერდინზე" უფრო ძვირად ღირებული გუნდებიც გაუგდია ევროპა ლიგიდან.

"როპსი" "ფოლა ეშის" დონის გუნდია, "ტრანსფერმარკეტზე" სხვაობა მხოლოდ 70 000 ევროს შეადგენს.

მოგეხსენებათ, რომ "ჩიხურამ" და "აბერდინმა" მეტოქეები მსგავსი ანგარიშით დაამარცხეს, როგორც სახლში, ისე გასვლაზე. მართალია, "აბერდინს" უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა "როპსსთან", ვიდრე "ჩიხურას" "ფოლასთან", თუმცა ეს თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარეობდა.

"ფოლა" მეორე ნომრად ეთამაშებოდა საჩხერელებს, ხოლო "ჩიხურა" ძლიერ გუნდებთან წარმატებას სწორედ მეორე ნომრად თამაშით, რაციონალური, პრაგმატული ფეხბურთით აღწევს და სოსო ფრუიძის ფეხბურთელებს არც შეტევა ავიწყდებათ.

განსაკუთრებული ყურადღება "ჩიხურას" ფეხბურთელებს მეტოქის ფლანგური შეტევების დროს მართებთ. "აბერდინი" ტიპურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს, ხისტად, ბევრი სირბილითა და ბევრი ჩაწოდებით. ხოლო "ჩიხურას" უპირატესობა ტექნიკური ფეხბურთი და კომბინაციური თამაშია.

სოსო ფრუიძის გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მეტოქეების მოტყუება, კარგი პასის გაკეთება და ტექნიკურად თამაში შეუძლიათ, რითიც განებივრებული "აბერდინი" ნამდვილად არ არის.

ამ შეხვედრებში მთავარი მომენტების გამოყენება იქნება და "ჩიხურას" საგოლე მომენტები აუცილებლად ექნება. სადაც "როპსმა" "აბერდინს" ორი გოლი გაუტანა, რატომ არ შეუძლია "ჩიხურას" მეტის გატანა?!

ორივე შეხვედრა დაძაბული იქნება და ფავორიტები ბევრჯერ დამარცხებულან, "ჩიხურას" კი, "აბერდინზე" უფრო ძლიერ გუნდებთანაც მოუგია.

შეხვედრის თარიღი

ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თბილისში 25 ივლისს გაიმართება. "დინამო არენაზე" თამაში 20:45 საათზე დაიწყება.

წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, "ჩიხურას" გულშემატკივრების გვერდში დგომა ახლა განსაკუთრებულად სჭირდება. როცა გუნდი ქვეყნის სახელით ევროთასზე გადის და ისეთ კლუბს ხვდება, რომლის ტრიბუნებიც აუცილებლად გავსებული იქნება, გულშემატკივრებმაც საკუთარი ვალი უნდა მოვიხადოთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს. გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი აქვთ ფანებს და თუ ქართველი გულშემატკივარი შოტლანდიელების "წითელ არმიასთან" დამარცხდება, "ჩიხურას" მოგება ძალიან გაუჭირდება.

ბილეთების შეძენა "დინამო არენის" სალაროებში შეგიძლია. ბილეთის ფასი 2 და 5 ლარია.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათი თამაში 90 წუთი გააფთრებული ბრძოლა,ფიზიკური ზეწოლა და ფლანგური ჩაწოდებებია.ცდილობენ ყველა სიტუაციიდან დარტყმას,ურტყამენ მთელი ძალით და თუ კარში წავიდა,მტრისას.ეგ არის,რომ ტექნიკასთან საკმაოდ მოკრძალებით არიან და ვერც კარში ურტყამენ დიდი სიზუსტით.ასე რომ მთავარი იქნება ფლანგების ჩაკეტვა,საჯარიმოში ცენტრალური მცველების მაქსიმალური მობილიზება და ფიზიკური გამძლეობა.ტანმაღალი და ჯანიანი ცენტრალური მცველი,მისწრება იქნებოდა ჩვენთვის.
სოსო
14:34 23-07-2019
0

სიახლეები პოპულარული