23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.
ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.
სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.
მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.
აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.
მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.
საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)
საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე
დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი
დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი
მე რატომღაც მგონია ფიზიკურად იყვნენ ჩვენზე ძლიერები. სადღაც მე-60 წუთიდან იგრძნობოდა დაღლა. ამით ისარგებლეს. ალბათ კლასიც ეგ არი. მეორე კიდევ მეც მომწონს შემტევი სტილი, მაგრამ ხანდახან დაცვის გაძლიერაც საჭიროა. დიასამიძე და რულოვიჩი, ორივე გამოკვეთილ თავდამსხმელს თამაშობდნენ. იქნებ ჯობდა (ვერ დავიჯინებ) თავიდან ერთით გვეთამაშა და სამაგიეროდ ნახევარდაცვის გაზლიერების ხარჯზე ენერგია მთელი თამაში გაგვენაწილებია. ამ დროს მე მგონი კობახიძეც ბევრად უკეთესად ითამაშებდა, რომელიც ისე დაიღალა რომ ლაკვეხელიანსაც ვეღარ ეხმარებოდა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე. მოკლედ ფიზიკას ვაბრალებ ამ თამაშის წაგებას, თორე გამოუცდელობის მიუხედავად, ვერ გვაჯობებდნენ.