"საბურთალო" ზაგრებშიც უშანსოდ დამარცხდა და ევროპა ლიგაზე "არარატს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "საბურთალო" ზაგრებში "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა.

თბილისში ზაგრების "დინამოს" მოგებამ ფაქტობრივად გამოავლინა ამ წყვილში გამარჯვებული, მით უმეტეს, ობიექტურად, მეტოქე საქართველოს ჩემპიონზე გაცილებით ძლიერია და მოპოვებულ ფორას არ დათმობდა. ხორვატთა მწვრთნელი ნენად ბიელიცა თავიდანვე თავდაჯერებული იყო, გუშინ კი განაცხადა, რომ 20 კარგი ფეხბურთელი ჰყავს და არც  იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. "საბურთალო" ოდენ სასწაულის იმედად გახლდათ, ხოლო რადგან იმედი ბოლოს კვდება, ჩვენც ოდენ ამ ილუზიური იმედის იმედად ვიყავით.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების
გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "დინამო" კვლავ მარცხენა ფლანგიდან უტევდა, 50-ე წუთზე კი ლეშკოვიჩმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ოდნავ ააცილა კარს. "საბურთალო" თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და 77-ე წუთზე ორსიჩისგან გოლიც გაუშვა.

დარჩენილ დროში გაბედავამ ვერ გამოიყენა შანსი. გოიაკმა ბურთი ძელს გაარტყა, მერე პეტკოვიჩმა ოლმოს პასით მეორედ დალაშქრა კუპატაძის კარი, ბოლოს ოლმომაც გაიტანა და 0:3.

მოკლედ, "დინამომ" თამაში სასურველი სცენარით წარმართა და ამოცანა პრაგმატულად, მშვიდად შეასრულა.

"საბურთალო" ევროპა ლიგაზე გადაერთვება და "არარატს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ერევანში 8 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო კი - 15 აგვისტოს თბილისში.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო 3:0
გოლები: 1:0 ორსიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 ოლმო (90+4)

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი (მეიერი 85), გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი (ოლმო 75), ორსიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63)

საბურთალო: კუპატაძე, მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე (ჯინჯოლავა 69), ალთუნაშვილი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61), როლოვიჩი, გაბედავა


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
საერთოდ ჰყავთ ფიზ მომზადების მწვრთნელი? სისირცხვილია 20წლის ბიჭები 90 წუთი ვერ დარბიან, სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ, დაანებეთ შვილებო ფეხბურთს თავი თუ ვარჯიში არ გინდათ, ს პ ო რ ტ ი არის თ ა ვ დ ა დ ე ბ ა და უამრავი შრომა, ამას ალბათ ჩვენს კლუბებში არავინ არ ასწავლის ამ ბიჭებს, მოკლედ კატასტროფაა
დათო
00:08 31-07-2019
6
ხორვატების ეკონომიკა აქ არაფერ შუაშია მთავარია მათი მენტალობა და აღზრდის მეთოდები ნებისმიერი ხირვატის მენტალობა არის სრულიად განსხვავებული ვიდრე ქართველის თორე რა ხორვატების ეკონომიკა უფრო ძლიერია ვიდრე გერმანიის თუ საფრანგეთის გადახედეთ სათამაშო სახეობებს და ნახავთ რა ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დებენ ბეჭებზე ხორვატები და სერბები.ასე რო ყბადაღებული ეკონომიკა მხოლოდ ჩვენი უსუსურობის გასასამათლებელი საბუთია და მეტი არაფერი შენი არაპროფესიონალიზმი რო გადაფარო.და კიდე სისტემა სპორტული აღზრდის ჩვენთან მთლიანად მოშლილია მიგდებულია და თვითდინებაზეა მიშვებული სახელმწიფოს მიერ არავითარი ვალდებულებები ფედერაციებს არ ეკისრებათ მიდის ფულის ფლანგვა და ჯიბეების გასქელება მეტი არაფელი.ერთეული წესიერი პროფესიონალი ადამიანების იმედადა დღეს ქართული სპორტი.და სანამ ეგრე იქნბა შედეგიც შესაბამისი გვექნება.
zaza
08:25 31-07-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული