10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება სამხრეთ კორეასთან მატჩში

AutoSharing Option
5 სექტემბერს სტამბულში საქართველოს და სამხრეთ კორეის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში 4 გოლი გავიდა, მატჩი არც ისე სანახაობრივი იყო. გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების 10-ბალიან სისტემას.

გიორგი მაკარიძე - 5 - მაკარიძეს ამ მატჩში განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია, მის კართან სულ სამი საგოლე მომენტი შეიქმნა და ორი გოლით დასრულდა. პირველი გოლის შემთხვევაში მისი ბრალეულობა საერთოდ არ ყოფილა, თუმცა მეორე გოლის დროს საკმაოდ არადამაჯერებელი იყო. ამავდროულად, შეხვედრის განმავლობაში ორჯერ იყო მომენტი, როდესაც სამხრეთკორეელებმა შორიდან დაარტყეს,
რადგან კარები დატოვებული ჰქონდა და აზიელებს რომ მეტი სიზუსტე გამოეჩინათ, გოლიც გავიდოდა.

ოთარ კაკაბაძე - 4.5 - არც შეტევაში გაუკეთებია განსაკუთრებული არაფერი და არც დაცვაში გაუფუჭებია. მთავარი მინუსი იყო ის, რომ დიდ დროს ატარებდა შეტევაში, როცა იქ მისი საჭიროება არ იყო და ამავდროულად, თანაგუნდელებსაც დიდ დახმარებას ვერ უწევდა.

გურამ კაშია - 4 - ჩვენ ადრეც ვწერდით, მის თამაშში რეგრესი შეინიშნება. მისი პოზიციონირება და ქმედებები არ არის დამაჯერებელი. იმის მიუხედავად, რომ პირველი გოლი თამაშგარე იყო, მისი ქცევა არ იყო იდეალური; მეორე შემთხვევაში კი, მე მგონი, არც კი ფიქრობდა, ჰუანგ უი ჯო თუ გოლს გაგვიტანდა. თუმცა, ამის გარდა, გურამმა რამდენჯერმე დააზღვია თანაგუნდელები და 2-3-ჯერ ძალიან დიდი ხიფათს გადაგვარჩინა.

ჯიმი ტაბიძე - 6 - თანაგუნდელების ფონზე, ჯიმი დაცვაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მეტიც, მარცხენა ფლანგზე ხარაბაძეს ეხმარებოდა და უშუალოდ მხოლოდ ცენტრში არ ირჯებოდა. გამოჩნდა, რომ ტაბიძე ცენტრალურ მცველთა თანრიგში "მეხუთედ" არ უნდა განიხილებოდეს.

ლევან ხარაბაძე - 4 - მარცხენა ფლანგზე დაცვის პრობლემა კიდევ გვაქვს, ახალგაზრდა მცველს ძალიან სუსტი შეხვედრა გამოუვიდა. მისი ფლანგი მეტოქისთვის ადვილი გასაკონტროლებელი იყო და მარტივად ახერხებდნენ ხარაბაძის ჩამოშორებას. რიგ შემთხვევებში შეტევებში მიდიოდა და საკმაოდ არანაყოფიერად, შემდეგ კი, მეტოქის შეტევის დროს დაბრუნებას ვეღარ ასწრებდა. ორივე გოლი მისი ფლანგის ჩავარდნით დაიწყო.

გიორგი აბურჯანია - 5 - "ტვენტეს" ნახევარმცველს რომ ბევრი შესაძლებლობა აქვს, ვიცით. მთელი შეხვედრის განმავლობაში სტაბილურობა აკლდა. იყო რიგი მომენტები, სადაც მისი ქმედებები საკმაოდ დამაჯერებელი იყო და ჰქონდა მცირე ჩავარდნებიც. ვიმედოვნებთ, რომ ის მოუმატებს და ნამდვილად ღირს დანიასთან მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა.

ოთარ კიტეიშვილი - 6 - "შტურმის" ფეხბურთელმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე კარგად იასპარეზა. მეტიც, მას ამ პოზიციაზე თამაში კარგად შეუძლია. მას დამაჯერებელი პირველი ტაიმი გამოუვიდა, თუმცა მეორე ტაიმში ხარვეზები ჰქონდა და ისიც ძირითადად შეტევაში. იყო მომენტი, რომ კარებში დარტყმა თავის თავზე არ უნდა აეღო და პასი უნდა გაეცა. ცენტრში კარგად იჭერდა ბურთს და შეტევებსაც მშვენივრად იწყებდა.

ზურიკო დავითაშვილი - 5.5 - სადებიუტო შეხვედრისთვის ურიგო მატჩი არ ჩაუტარებია. მეტიც, მას რომ მეტი ნდობა ჰქონოდა თანაგუნდელებისგან, უკეთესი იქნებოდა. იყო რიგი მომენტები, როდესაც კარგ პოზიციაზე მყოფს პასი არ მისცეს და არც მისი ფლანგის მცველი სწყალობდა. თუმცა ვერც ვერავის დაადანაშაულებ, რადგან დავითაშვილთან ერთად მოედანზე პირველად გავიდნენ. რაც უნდა შევუქოთ, ეს კარგი პოზიციონირებაა და ამავდროულად, მარჯვენა ფლანგიდან შეტევისთვის კარგი პერსპექტივა გაგვიჩნდა. რა თქმა უნდა, შეცდომები მასაც ჰქონდა, თუმცა მისი თანაგუნდელები გაცილებით მეტს სცოდავდნენ. მიუხედავად ამისა, ზურიკოს გუშინდელ მატჩში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, თუმცა მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.

ვაკო ყაზაიშვილი - 5.5 - იყო ყველაზე კარგი მოედანზეც და იყო, ამავდროულად, ცუდიც, ეს კი მარტივი საქმე არაა. იყო ყველაზე აქტიური შეტევაში, ქმნიდა მომენტებს, თუმცა, ამავდროულად, ტრადიციული სენი სჭირდა - "მხოლოდ მე". შეტევის დასკვნით ფაზაში როცა პასი იყო საჭირო, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და მომენტს აფუჭებდა, თუმცა საგოლე პასი სწორედ მან შეასრულა, ართმევის შემდეგ. 2-3 მომენტში გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. 

ჯანო ანანიძე - 5.5 - ვერ ვუწოდებთ "სპარტაკის" მწვრთნელის გადაწყვეტილებას არასწორს, როდესაც ანანიძეს სათადარიგო ფეხბურთელად იყენებს. მისი ფიზიკური მდგომარეობა სასურველთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო. პირდაპირ რომ ვთქვათ, სირბილი უჭირდა. თუმცა, როდესაც ის მოედნიდან გავიდა, ნაკრები ისე ვეღარ აკონტროლებდა ბურთს, როგორც პირველ ტაიმში. ჯანომ გოლი გაიტანა, თან საკმაოდ ლამაზი და ეს ცოტა სულაც არ არის.

თორნიკე ოქრიაშვილი - 4 - ვლადიმირ ვაისის ექსპერიმენტი ჩავარდა, თორნიკე ოქრიაშვილი ფორვარდად არ გამოდგა. ამდენი ტრავმის შემდეგ თორნიკეს ძალიან მოკლებული აქვს. როდესაც ბურთს მიიღებდა, ყოველთვის იქმნებოდა მოლოდინი, რომ მეტოქის მცველების მოტყუებას შეეცდებოდა, თუმცა ზოგჯერ ამას არ აკეთებდა და ზოგჯერ არც გამოსდიოდა.

ცვლილებები
გიორგი ქვილითაია - მისი უთამაშებლობიდან გამომდინარე, იმაზე კარგად ჩაერთო შეხვედრაში, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გასაგებია ისიც, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია. ქვილითაია ნაკრების უფორვარდობის პერიოდში, ამ პოზიციაზე უკონკურენტოა. საჭიროა მეტი სათამაშო პრაქტიკა. მეორე გოლი საქართველოს ნაკრებთან სწორედ "გენტის" თავდამსხმელმა გაიტანა და წაგებას გადაგვარჩინა.

გიორგი პაპუნაშვილი - ვაისმა მას ათიანზე თამაშის საშუალება მისცა. არ იქნება მართებული საუბარი თამაშის სცენარის შეცვლაზე, ის უბრალოდ მოედანზე არ ჩანდა. ტრავმები მის თამაშზე აისახა. ვიმედოვნებთ, რომ მალე შეძლებს ფორმის აღდგენას.

ვაკო გვილია - პოლონეთის ჩემპიონატი და სანაკრებო ასპარეზობები ნამდვილად სხვადასხვა საფეხბურთო დონეა. გვილიამ მისთვის მიცემულ ნახევარ საათში ვერ წარმოაჩინა ის თამაში, რის გამოც ის დანიასთან ძირითად შემადგენლობას დაიმსახურებდა.

მურთაზ დაუშვილი - დაუშვილის მოედანზე გამოჩენით არსებული სიტუაცია არ შეცვლილა, შეტევების ჩაშლის პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია.

საბა ლობჟანიძე - საბა კლუბში ძალიან კარგი შემტევია, თუმცა ნაკრებში რამდენჯერაც ეძლევა შანსი, განსხვავებულს არაფერს გვთავაზობს. არც ამ შემთხვევაში ყოფილა რაიმე საინტერესო.

ჯაბა კანკავა - კანკავას შემოსვლას არ ჰქონია რაიმე სახის დატვირთვა, დავითაშვილისთვის შური იძია და მეტოქეთა ფეხბურთელს უხეშობით უპასუხა. მეორე გოლი მისი პასის შემდეგ გავიდა.

ვლადიმირ ვაისი - 4.5 - რაც სლოვაკს უნდა შევუქოთ, ეს პირველ ტაიმში მის მიერ წარმოდგენილი შემადგენლობაა. მან პრაგმატულობაზე უარი თქვა და შემტევ ფეხბურთს მეტი შანსი მისცა. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო და მეტოქესაც განსაკუთრებული არაფერი შემოუთავაზებია. ვაისის საწყისი ექსპერიმენტების უმრავლესობამ გაამართლა, თუმცა მეორე ტაიმში მისი ცვლილებები ალოგიკური იყო. შეხვედრის იმ ნაწილში, როდესაც ვმარცხდებოდით, გაუგებარი იყო მოედანზე მურთაზ დაუშვილის და ჯაბა კანკავას გამოჩენა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი, მისი ნაკრებში გამოძახება.

altმიდის თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან? - რეალურად ასეთი სიტუაციაა

altვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

altთამაშგარეები, სათამაშო წუნი, მომენტების განიავება - საქართველოს ნაკრებმა კორეასთან ფრეს მიაღწია [VIDEO]

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაცურად ვინ ადგენს ამ ქულებს დამენახეთ?!რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა,რომ 10 დაიმსახუროს?არა მე არ ვამბობ რომ რომელიმე 10 ქულას იმსახურებდა,მაგრამ კიტეს,რომ 6 დაუწერეთ ბიჭმა თითქმის უშეცდომოდ ითამაშა,რა უნდა გააკეთოს ამ პოზიციის ფეხბურთელმა კიდევ რომ 10მდე ავიდეს? 3 გოლს და 5 საგოლეს ვერ შეძლებს ვერასოდეს.ანუ ჩემი აზრით თქვენი სისტემა 8 ბალიანი უფრო გამოდის.უბრალოთ თქვენ 10მდე ამრგვალებთ.მე +2 მივცემდი თითქმის ყველას.ან კაშიას 4 რა უბედურებაა.ბარემ 0 დაგეწერათ.კაკაბაძე ძალიან მაგარი ბიჭია,თუმცა ესე სუსტად ნაკრებში არ მახსენდება მისი თამაში და უფრო მეტი ქულა აქვს ვიდრე კაშიას.პირად სიმპატიებზე შედგენილი შეფასებებს ჰგავს
0
მაგრამ მერე თამაშები აღარ იქნება წასაყვანი და რაში აიღებთ ფულს?
ddgfdf
22:19 06-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული