კვარტეტი თბილისელებსა და რეგიონებზე თანაბრად გადანაწილდა: ორი თბილისური კლუბია: "შევარდენი" და "ლიდერი", რაიონებიდან კი ოთხეულში გორის "ლომჭაბუკი" და თელავის "პატარა კახი" მოხვდნენ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ "დარაიონება" ცოტა პირობითია, რადგან შემადგენლობები საქართველოს პირველი და მეორე დონის ჩემპიონატების მიხედვით განისაზღვრება, შედეგად კი, ვინ სად მოხვდება, წინასწარ არავინ იცის. ანუ სავსებით შესაძლებელია, ამა თუ იმ რაიონის გუნდში
ადრინდელებისგან განსხვავებით, როცა ყოველ ტურში ორ-ორი წრის შეხვედრები იმართებოდა, ბოლო ტურში ერთბაშად სამი წრის პაექრობები ჩატარდა.
აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე "შევარდენის" "ჩამოგდება" ვერც ახლა შეძლო ვერავინ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში გურამ მოდებაძის შეგირდებს შედარებით გაუჭირდათ და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მათთან განსაკუთრებით მოინდომა თბილისის "ოლიმპმა", რომელსაც იმ მომენტში შანსი თითქმის გადაწურული ჰქონდა, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ 3:4 დათმო.
"შევარდენმა" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ თელაველებსაც ასეთივე ანგარიშით მოუგო, ქარელის "დურმიშხანს" კი 6:1 აჯობა.
"პატარა კახი" თავიდანვე ლიდერთა შორის იყო და ამან უშველა, თორემ ბოლო ტურში სამიდან ორი შეხვედრა წააგეს: ერთნაირი ანგარიშით, 3:4 დათმეს "შევარდენთანაც" და გორის "ვიპ ძიუდოსთანაც", რომელმაც ამ გამარჯვების მიუხედავად, სწორედ ამ ტურში დაკარგა ოთხეულში მოხვედრის შანსი. კახელებმა ამჯერად მხოლოდ ხაშურის "სამურაის" მოუგეს - 4:3, თუმცა საბოლოო ცხრილში მაინც მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ.
ანზორ თენაძის გაწვრთნილმა "ვიპ-ძიუდომ" თელაველებთან გამარჯვების შემდეგ ზეპრინციპული პაექრობა დათმო უშუალო კონკურენტ "ლიდერთან" - 3:4. თუმცა ამას კიდევ მოეძებნება რაღაც გამართლება: ალექსანდრე მამუკიშვილის გუნდი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ მოულოდნელი გახლდათ გორელთა წაგება "დურმიშხანთან": 2:5. არადა, შემადგენლობაც უფრო სოლიდური გორელებს ჰყავდათ.
"ლიდერმა" ლიდერის შესაფერისად იბრძოლა და სამივე შეხვედრა მოიგო: "სამურაისთან" - 5:2, გორელთა ორივე კლუბს - "ვიპ ძიუდოს" და "ლომჭაბუკს" კი ერთნაირი ანგარიშით, 4:3 აჯობა. მათ ლიდერად ახალგაზრდა თორნიკე ნაგლიაშვილი (66) მოგვევლინა, ვინც სამივე შეხვედრაში იმარჯვა, მეტოქეთა შორის კი ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა გიუნაშვილიც ჰყავდა. ნაგლიაშვილმა ძალიან ტექნიკურად იჭიდავა და ბლომად ილეთები გააკეთა.
ქართლოს პავლიაშვილის ნავარჯიშებმა "ლომჭაბუკმა" ბოლო ტურში მხოლოდ "ლიდერთან" დათმო ზემოხსენებული პაექრობა, მანამდე კი "ოლიმპს" 6:1, ხოლო "დურმიშხანს" 5:2 მოუგო. გორელთა შემადგენლობაში გამოდის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), ვინც სამივე პირადი შეხვედრა მოიგო.
საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ღირსება ფინანსური მოტივაციაა - ცალკეული სპორტსმენები გვარიან პრემიებს იღებენ, ხოლო ვინც მეტ პირად ორთაბრძოლას მოიგებს, მისი ჰონორარი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სატურნირო პრაქტიკა სათადარიგო ფალავნებისთვის, ვინც ვერ ხვდება ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, და ახალგაზრდების გამოცდა.
ამ მხრივ ყოველი ტური გამორჩეული იყო და გამონაკლისი არც ეს ბოლო ყოფილა. მაგალითად, ზემოთ ჭრიკიშვილი, გიუნაშვილი და ნაგლიაშვილი ვახსენეთ, მაგრამ იჭიდავეს ევროპის პრიზიორმა ლევან მატიაშვილმა, ონისე ბუღაძემ, გუგა კიბორძალიძემ (სამივე - +100), რობინზონ ბეგლარაშვილმა, ჯაბა პაპინაშვილმა, ირაკლი კუპატაძემ (60), თამაზ კირაკოზაშვილმა, კობა მჭედლიშვილმა (ორივე - 81), ხოლო ბეგლარაშვილი, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (81) და მესამეპრიზიორი გელა ზაალიშვილი (+100), ფაქტობრივად, თანატოლთა ევროპირველობიდან გადმოერთნენ აქ - ერთი კვირის წინ იჭიდავეს ის შეჯიბრება და მედლებიც მოიპოვეს.
უმეტესობამ გაამართლა იმედები, თუმცა ზოგს ჩავარდნაც ჰქონდა, მაგრამ ახალმა თაობამ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.
რაც შეეხება ფინალურ ეტაპს, მისი გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არაა. სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება, საბოლოო დასტური კი საერთაშორისო კალენდარზეა დამოკიდებული.
ახალგაზრდებს ჯერ კიდევ ელოდებათ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები: 20 და 23-წლამდელებში ჩასატარებელია მსოფლიოს ჩემპიონატები, უფროსები "დიდი პრიზისა" თუ "მუზარადის" შეჯიბრებებშიც გამოვლენ, ხოლო მათაც და ახალგაზრდებსაც ევროპის საკლუბო ტურნირებიც ელოდებათ. სავარაუდოდ, ჩვენები წლეულსაც ძირითადად ქართულ კლუბებში იქნებიან კონცენტრირებულნი, თუმცა არაა გამორიცხული, ვინმე უცხოურ კლუბშიც გამოვიდეს.
ასეა თუ ისე, ფედერაცია ცდილობს, კალენდარში ისეთი ფანჯარა იპოვოს, ადგილობრივმა ფალავნებმა შიდა ჩემპიონატში მონაწილეობა შეძლონ, რაც მის პრესტიჟს დიდად წაადგება.
საკლუბო ჩემპიონატი
მ წ
1. შევარდენი 33 16
2. პატარა კახი 27 22
3. ლიდერი 27 22
4. ლომჭაბუკი 26 23
5. ვიპ ძიუდო 24 25
6. დურმიშხანი 21 28
7. სამურაი 20 29
8. ოლიმპი 18 31
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"