ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ძიუდოს მორიგი ახალი დარბაზი გაიხსნა, ამჯერად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, რაც დიდი შენაძენია ამ სოფლის ახალგაზრდობისთვის. ეს კეთილმოწყობილი დარბაზი გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ააშენა, ტატამები კი საქართველოს ძიუდომ ფედერაციამ გადასცა.

გახსნის ცერემონიალს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ამავე კომიტეტის წევრი, პარლამენტარი და ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

ეს დარბაზი ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნებზეა გათვლილი და უფრო სავარჯიშო ტიპისაა, თუმცა კეთილმოწყობილია და ჭაბუკების უმცროს ასაკში
საქართველოს ჩემპიონატისა თუ ასაკობრივი შეჯიბრებების ჩატარებაცაა განზრახული: აქვს ტრიბუნები, გასახდელი, საშხაპე, სველი წერტილები და სხვა აუცილებელი დამხმარე პუნქტები, რაც აუცილებელია ტურნირების სამასპინძლოდ.

სართიჭალა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უკვე იქცა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ცენტრად. ჯერ-ჯერობით - ასაკობრივ გუნდებში, სადაც სოფელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ჰყავს, სულ მალე კი ისინი ეროვნულ ნაკრებშიც დაიმკვიდრებენ ადგილს. მისასალმებელია, ახლა ძიუდოც თუ ისეთ სიმაღლეებს მიაღწევს.

ამასობაში საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ვინც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზნად ინფრასტრუქტურის განვითარება და მასობრიობის გაზრდა დაისახა, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს: უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განზრახულია 8 ახალი დარბაზის გახსნა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

ფედერაციამ საკუთარი სახსრებით ბოლო დღეებში უკვე გახსნა ორი ახალი დარბაზი - ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში და სოფელ გელათში ქუთაისთან. ამათ წინ უსწრებდა ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში ახალი დარბაზის გახსნა, რომელიც იქაურებმა კეთილმოაწყვეს, ფედერაციამ კი ტატამები გადასცა. სამშაბათს გარდაბნის კიდევ ერთ სოფელში - ნორიოში ხსნიან ახალ დარბაზს, მერე კი რიგში გურჯაანია, სულ კი, როგორც გითხარით, მალე 8 ახალი ბაზა გაიხსნება.

დასასრულ, ფედერაციის კიდევ ერთ დიდ ღონისძიებაზე, რომელიც 14 ოქტომბერს ყვარელშია დაგეგმილი: გაიმართება საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის - "ოქროს ლიგის" ფინალი, რომელშიც 4 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, მას ფესტივალის სახე მიეცემა, რომელიც სპორტულის გარდა, კულტურულ- შემეცნებით ღონისძიებებსაც მოიცავს, ამაში კი ტრადიციულ კახურ რთველს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.

საკმარისია აღინიშნოს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟებულია 1000-მდე სტუმარი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი დარბაზი იქნებ აგვიშენოთ თბილისის მახლობლად შინდისში, ჩვენც ხომ გვყავს საქართველოს ისტორიაში პირველი ჩემპიონი, ევროპის ახალგაზდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული-ძიუდოში ( 1995წელი)-დავით ჯავახიშვილი. ჭიდაობა სამბოში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში-მიხეილ მეზურნიშვილი. მერწმუნეთ ჩვენი რეგიონი გაამართლებს.ნაკრები ღირსეულ შევსებას მიიღებს.
ჯ ი ჯ ი
17:17 14-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული