თბილისის გრან პრი. I დღე: მედლისთვის 6 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
30 მარტს თბილისის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა.

ფინალურ სტადიაზე ერთბაშად 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. 60 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება, სადაც ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდება.

ამირან პაპინაშვილმა (60) თავიდან ბელგიელი ჟორან შილდერმანსი ორი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი პაპინაშვილი ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადიას შეხვდა, რომელსაც იპონით სძლია. ნახევარფინალში ჩვენებური რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მონგუშს შეხვდა და დამატებით დროში მოუგო.

რაც შეეხება ჩხვიმიანს, პირველ შეხვედრაში მან რუსი ეგორ ცვეტკოვი იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ უზბეკ დონიორ სულტანბაევს იპონით
მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადას შეხვდა და ვაზარით მოუგო.

ბრინჯაოსთვის კი ლაშა ჩადუნელი და თემურ ნოზაძე იჭიდავებენ.

ლაშა ჩადუნელმა ჯერ ყაზახ ბაუჰრზან ზაიუნტაიევს სძლია იპონით, შემდეგ ებრაელ დანიელ ბენ დავითს მოუგო ვაზარით. მეოთხედფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მონგუშთან იპონით დამარცხდა. ჩადუნელი რეპეშაჟში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადიას შეხვდა და ვაზარით მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩადუნელი აზერბაიჯანელ ორუჟ ვალიზადას დაუპირისპირდება.

თემურ ნოზაძემ პირველ დაპირისპირებაში დამატებით დროში ჰოლანდიელ ბას კოფიჟბერგს სძლია, შემდეგ კი ყაზახი რუსტამ იბრაევი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ნოზაძე აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადასთან ვაზარით დამარცხდა. ქართველი რეპეშაჟში ყაზახ დონირ სულტანბაევს შეხვდა და იპონით სძლია. ბრინჯაოს შეხვედრაში ნოზაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მონგუშს დაუპირისპირდება.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში ბრაზილიელ დენიელ კერგნინს შეხვდება. მარგველაშვილმა სტარტზე უნგრელი ჟოლტ გორჯანასცი დააიპონა, მერე ებრაელ იარინ მენაგედს ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლაშა გიუნაშვილს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ლაშა გიუნაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკ შახრამ ახადოვს დაუპირისპირდება. გიუნაშვილმა თავიდან ჯერ ბრაზილიელ მაიკლ მარსელინოს მოუგო იპონით, შემდეგ ყაზახ კაირათ აგიბაევს ასევე იპონით სძლია. მეოთხედფინალში გიუნაშვილმა ფრან დანიელ ჟინს იპონით სძლია.

რაც შეეხება სხვებს, ნიკო ჭიკაიძემ (66) სტარტზე კვიპროსელ კრისტოს სკორომონიუს მოუგო იპონით, შემდეგ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე სერგეი ოლენიკი ვაზარით დაამარცხა. მესამე შეხვედრაში კი ირანელ ალირეზა ხოჟასტეხთან იპონით წააგო. ჭიკაიძე რეპეშაჟში უზბეკ შახრამ ახადოვს შეხვდა და იპონით დამარცხდა.

სწორედ ახადოვმა მოუგო პირველივე შეხვედრა ქართველ ზვიად ხუბულურს (66), რომელიც ვაზარით დამარცხდა.

რაც შეეხებათ ქალებს, სულ 5-მა სპორტსმენმა იჭიდავა: მარი მახარაშვილმა, ლია როგავამ, ნატალია ყიფშიძემ (სამივე 48), მარიამ ჯანაშვილმა (52) და ეთერ ლიპარტელიანმა (57). აქედან მხოლოდ ჯანაშვილმა და ლიპარტელიანმა შეძლეს პირველი შეხვედრის მოგება, შემდეგ კი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალები არ ვარგანან
dato
15:12 30-03-2018
0

სიახლეები პოპულარული