"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"

AutoSharing Option
ნიკოლოზ შერაზადაშვილმა ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ესპანელი მამაკაცი ძიუდოისტი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

MARCA-მ 22 წლის ნიკოლოზთან ინტერვიუ ჩაწერა.


- როგორ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ჩემპიონი ხართ?
- რთულია იმის გააზრება, რაც გავაკეთე. ორშაბათს, გამარჯვების შემდეგ, ადრე დავწექი, თუმცა ისე ვღელავდი, რომ ვერ დავიძინე. საოცრება იყო, როდესაც ჩემს მედალს ვუყურებდი.

- ბევრი მილოცვა მიიღეთ?
- დიახ, ბევრი, თუმცა ყველა არ მინახავს (ინტერვიუს ჩაწერის მომენტში, მას პოლ გასოლმაც მიულოცა). ჩემი ოჯახი
ჩამოვიდა და მინდა მთელი დრო მათთან გავატარო. საოცარი სანახავი იყო ტრიბუნები, სადაც ქართველი და ესპანელი გულშემატკივრები ერთად მქომაგობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.

- რა გითხრათ ხოაკინ რუისმა (ნიკოლოზის მწვრთნელი) ფინალის წინ?
- ხოაკინი ყოველთვის მესაუბრება. ვიცი, ბევრი რამ მითხრა, თუმცა მხოლოდ ის მახსოვს, რომ მითხრა, მე ერთი ნაბიჯი მაშორებდა ისტორიის შექმნამდე. გამარჯვების შემდეგ კი დავინახე, როგორ ტიროდა. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მან მაკოცა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო. ეს მედალი მას ეკუთვნის იმ თავდადებისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავს ტატამზე და მის გარეთ.

- რა იყო თქვენი მთავარი კოზირი, რითაც ოქრო მოიპოვეთ?
- სიმშვიდის შენარჩუნება. დანებებაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი ოპონენტები მყავდა: ოგოლნიკოვი - ევროპის ჩემპიონი, გონსალესი - ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, ტოტი - რომელიც ყოველთვის მჯობნიდა და სილვა. მე მეტოქეებისგან ვსწავლობ, ვსწავლობ ჩემი შეცდომებისგანაც და იმავე შეცდომას აღარ ვუშვებ. როცა მოვიგე, მხოლოდ დედაჩემს, ჩემს ძმას და ხოაკინის ემოციებს ვუყურებდი.

- რა იგრძენით, როცა კვარცხლბეკზე ახვედით?
- მამაჩემი გამახსენდა და ყველა ადამიანი, ვინც მთელი ეს დრო ჩემ გვერდით იყო. ხოაკინის, ფედერაციის და ჩემი კლუბის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ეს გამარჯვება დიდი შრომის ნაყოფია.

- როდესაც რვა წლის წინ ესპანეთში გადმოხვედით, იფიქრებდით, რომ პირველი ესპანელი მამაკაცი იქნებოდით, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა?
- ვერანაირად. 14 წლის ასაკში მხოლოდ ვოცნებობდი, რომ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი. ჩემი მიზანი ნელ-ნელა განვითარება იყო. პირველ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო ავიღე, 21-წლამდელთა მსოფლიოზე - ვერცხლი და ახლა კი - ოქრო. ამ გზას უნდა გავყვე და უფრო განვვითარდე. გაჩერებას არ ვაპირებ. შემდეგ ჯერზე ყველას მოუნდება ჩემი, როგორც მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება, ეს ზეწოლა ჩემთვის მოტივაციაა.

- რატომ გადაწყვიტეს თქვენმა მშობლებმა საქართველოს დატოვება და ესპანეთში ჩამოსვლა?
- ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის უკეთესი იქნებოდა. ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობდა, ესპანეთი კი ამისთვის საუკეთესოა.

- სამშობლოში დაბრუნებაზე გიფიქრიათ?

- თავიდან ჩემი ძმა ჩემთან ერთად იყო, თუმცა ფეხბურთის თამაშისას ტერფი დაიზიანა, ოპერაცია გაიკეთა და საქართველოში სასწავლებლად დაბრუნდა. მადრიდში დედაჩემი ყოველთვის ჩემთან ერთადაა.

- მას შემდეგ, რაც ესპანეთის მოქალაქეობა მიიღეთ, რომელიმე ქვეყანამ მათი მოქალაქეობა შემოგთავაზათ?
- დიახ, რიოს თამაშების შემდეგ, როცა ახალი ოლიმპიური ციკლი დაიწყო, თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა. საუბარი დიდ თანხაზე იყო, ძალიან დიდზე, თუმცა ის გავაკეთე, რაც უფრო პატიოსნად მიმაჩნდა. მე უკვე ესპანეთის სახელით ვასპარეზობდი და ვამაყობ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ. თავიდან ძალიან განვიცდიდი მოქალაქეობის შეცვლას.

-
თქვენ ესპანეთს პირველი ოქროს მედალი აჩუქეთ. ესპანეთმა რა მოგცათ?
- ყველაფერი, ესპანეთში ყოფნის გარეშე მსოფლიო ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. საქართველოში ძიუდო მაღალ დონეზეა განვითარებული და ხანდახან მეუბნებოდნენ, რა მინდოდა ესპანეთში, თუმცა აქ, ხოაკინის დახმარებით, ბევრს მივაღწიე.

- როგორ იმოქმედებს ეს მედალი ესპანურ ძიუდოზე?

- ეს დიდი მოტივაციაა ყველა ესპანელი ძიუდოისტისთვის, ეროვნული გუნდისთვის. ესპანეთს ეს მედალი სჭირდებოდა, ამ ქვეყანამ ის დაიმსახურა.

- სპორტული კერპი გყავთ?
- ძიუდოში ხოაკინ რუისი, ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური, რომელმაც 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა.

altშერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება

altნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
შენ გაიხარე ნიკოლოზ! გილოცავთ ქართველობა!
soxumeli veterani
18:02 26-09-2018
1
ეხლა ლევანის და 777 ის ნაირები გაჩერდით თუ ხალხი ხართ, ამ ბიჭის შემთხვევაში უადგილოა ეგეთი ლაპარაკი. ღირსეული კაცია და ორივე ერს ღირსეულად წარმოადგენს, ესპანელებიც ბოლო ბოლო ჩვენი ძმები არიან და მორჩა ლაპარაკი. ჯერ ერთი საქართველოს ნაკრებში ვერ მოხვდებოდა ეს ჭრიკიშვილებში და ლიპარტელიანებში ისედაც კარგად იცით როგორი კონკურენციაა ჩვენთან, რა გინდათ რას ერჩით საერთოდ. რაც ქართველ
ქურდებს ესპანეთში ოქრო უძარცვიათ სიამაყეა არაა რო ეხლა ესპანელებში ასე დიდებულად წარმოგვადგენს და ამხელა ოქრო მოუტანა, იცით რა ფასი აქვს მაგ ოქროს ესპანეთისთვის? ნამუსი მოგვწმინდა რომ ხართ უმადურები
ზვიადი
03:03 27-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული