23 ივნისს, მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (81 კგ) მოიპოვა.
მაისურაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიელი ანტონიო ესპოზიტო იპონით დაამარცხა.
ლუკამ იქამდე ფრანგ ოუმარ ალფა ჯალოს, პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს და ბრიტანელ სტუარტ მაკვოტის სძლია, ნახევარფინალი კი ბელგიელ მატიას სასესთან წააგო.
სამწუხაროდ, ჩინებული სტარტის შემდეგ წარუმატებლობა განიცადა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელმაც ნახევარფინალი შვედ ტომ მაციასთან, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დათმო.
24 ივნისს, მინსკის ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90
კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავლენ.
შეგახსენებთ, ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.