წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ

AutoSharing Option
კატარში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ძიუდოისტებმა მოახერხეს და ისტორიული შედეგები დააფიქსირეს.

ზოგადად, გულშემატკივრები მიჩვეულები ვართ, რომ ძიუდოისტები ყოველთვის ახერხებენ ჩვენს გახარებას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა სახის ტურნირებზე ქართული ჰიმნისა და დროშის ყველაზე მაღლა აწევას, თუმცა ის, რაც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ვიხილეთ, სხვა დანარჩენებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სპორტსმენებმა იბრძოლეს, ისტორიული შედეგები დააფიქსირეს და საკუთარ სამშობლოში კიდევ ერთხელ დაბრუნდებიან თავაწეულები.

- 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა იმედისმომცემმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალიშვილმა მოახერხა და
სადებიუტო მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საჭიდაო დღის ბოლოს გიორგის პირადმა მწვრთნელმა, ლექსო ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "დიდი სპორტის დასაწყისი" და ეს ასეცაა, სარდალიშვილის პოტენციალიდან გამომდინარე, არცთუ უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ დიდ ფორუმებზე გიორგი ბევრჯერ გაგვახარებს.

- 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ამომავალი მზის ქვეყნის ვარსკვლავთან, ჰიფუმი აბესთან დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება მეოთხედფინალში გაიმართა, რის შემდეგაც ჩვენებურმა ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, ფინალურ ბლოკში გავიდა, სადაც მონღოლ იახში იონდერპერენლეისთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

როდესაც საუბარია ლაშა შავდათუაშვილზე, არგამართლებაზე ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა მაინც უნდა ითქვას, 3 სხვადასხვა სინჯის ოლიმპიადის ქართველ მედალოსანს მეორე წრეშივე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო ერგუნა და დამარცხდა...

შეუძლებელია გადმოსცე ის ემოცია, რასაც ტატო გრიგალაშვილის ჭიდაობის ყურება გგვრის, აწ უკვე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ტატამზე ჩვეული დინჯი ხასიათით გამოვიდა, მეტოქეები ერთი მეორის მიყოლებით დაამარცხა და კვარცხლბეკზე უმაღლესი საფეხურიც დაისაკუთრა. გასული წლის ფინალისგან განსხვავებით, სადაც ბელგიელმა მატიას კასემ ჩვენებურს ოქროს მედლისთვის დიდი ბრძოლა გაუჩაღა, აქ მარტივად დამარცხდა და ტატოს კიმონოზეც წითელი არშიით კიდევ 1 წლით დავტკბებით, თუმცა წინ პარიზის ოლიმპიადაა და არცთუ უსაფუძვლოდ, ვფიქრობთ, რომ წითელი ოქროსფერით ჩანაცვლდება...
გრიგალაშვილი თავის წონით კატეგორიაში ოლიმპიური ტრიუმფის მთავარი ფავორიტია. ზოგადად, როდესაც შემტევი სტილის ძიუდოისტი ხარ, ხშირად მეტოქეები ახერხებენ და კონტრილეთით გამარჯვებას ან შედეგიან გდებას იწერენ აქტივში, თუმცა გრიგალაშვილი "დაღვინდა" და უმეტესად ასრულებს ილეთებს, რომლებიც მოწინააღმდეგის დაცვას ანეიტრალებს... პირადად მე ამ წონაში ასეთი ძლიერი ძიუდოისტი არ მეგულება.

Sportall.Ge


- 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მოახერხეს და ბადის სხვადასხვა მხრიდან მეტოქეები ერთი-მეორის მიყოლებით დაამარცხეს, ფინალში? ფინალში ლუკამ იმარჯვა, თუმცა როგორც ლაშამ განაცხადა, მადლობა ღმერთს ქართული ფინალი იყო და დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. მახსოვს, გასულ წელს ტაშკენტში ყველაფერი ზუსტად ასეთი სცენარით განვითარდა, მაგრამ ნახევარფინალში ორივე ჩვენებური დამარცხდა და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ, დოჰა 2023-ისთვის კი მიზნად ჩემპიონობა დაისახეს და საქართველოსთვის ორივე გამარჯვებულია. ორივე ძიუდოისტის ასეთი ჭიდაობა გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ 90 კილოგრამი მართლაც "ჩვენი წონაა"...

Sportall.Ge

ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო, მეხუთე საჭიდაო დღეს უკვე ისტორიული მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში წინ ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი უნდა გამოსულიყვნენ... სამწუხაროდ, ძიუდოისტებს არ გამოუვიდათ მედლის აღება, განსაკუთრებით დასანანია ილიას მარცხი ბრინჯაოს მედლისთვის (კოცოევთან წააგო)...

აი ბოლო დღეს კი გურამ თუშიშვილმა ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი გულშემატკივრებს დასწყვიტა გული... ყველამ კარგად იცის, რომ თუ თუშიშვილი კარგ ფორმაშია, მისი შემჩერებელი ნაკლებად მოიძებნება და ეს ასეც იყო. სოციალურ ქსელში ბევრ კომენტარს წავაწყდი, სადაც იწერებოდა, რომ მის ნაცვლად გელა ზაალიშვილი უნდა წაეყვანათ, გელას მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ამ წონაში გურამი შეუდარებელია, რაც გუნდურ შეჯიბრშიც გამოჩნდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში იაპონელ ტაცურო საიტოსთან დამარცხდა და რომ არა ის შეცდომა, კიდევ ერთხელ ვიხილავდით თუშიშვილი-რინერის ჯახს, ქართველი მძიმეწონოსანის ფორმის გათვალისწინებით კი გამორიცხულს არაფერს ჩავთვლიდით. ამ ყველაფერს ვამბობთ იმის და მიუხედავად, რომ ფრანგი ლეგენდა მსოფლიოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა. პირადად ჩემთვის, ძიუდო შეტევასთან და ლამაზ გდებებთანაა ასოცირებული, თუშიშვილი კი იმის ნათელი მაგალითია.

Sportall.Ge

რაც შეეხებათ ქალ ძიუდოისტებს, ინდივიდუალურად შედეგს ვერ მიაღწიეს, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში ბრწყინვალე გამოსვლა გვაჩუქეს. ეთერ ლიპარტელიანმა, ეთერ ასკილაშვილმა და სოფიო სომხიშვილმა შესანიშნავი საჭიდაო დღე ჩაატარეს და ბრინჯაოს მედალშიც ლომის წვლილი ჩადეს, განსაკუთრებით ქართულ-მონღოლურ დაპირისპირებაში, სადაც სამივე მათგანმა იმარჯვა.

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოვა და ჩვენი ქვეყნის სახელის დაცვას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შეეცდება. ამისთვის გოგო-ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ბევრიც გვანერვიულეს, თუმცა ზღაპრის ბოლო კეთილია და ჩვენ მესამე ადგილი დავიკავეთ, დავამარცხეთ ზემოხსნებული მონღოლეთი, უძლიერესი ბრაზილია, უზბეკეთი, გერმანია... და ეს ყველაფერი ქართული ხასიათითა და ენით აღუწერელი შრომით მოხდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი ჩვენს ქვეყანაზე განაცხადა, რომ "ჩემპიონთა ქარხანა" ვართ.

კატარი 2023-ი ქართული ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით აუცილებლად ჩაიწერება, ჩვენმა კაცმა ძიუდოისტებმა მოახერხეს და იაპონიის ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში მედლებით აჯობეს, გამოვიყენებ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სიტყვებს და ისე დავასრულებ დღევანდელ წერილს: "საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე"! თქვენით, ქართველი ძიუდოისტებით დღეს საქართველო კიდევ ერთხელ ამაყობს. და ბოლოს, გეტყვით, რომ ძიუდოს განახლებულ რეიტინგში საუკეთესო ხუთეულში 4 ქართველია, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია:

1. ტატო გრიგალაშვილი - 10346 ქულა

2. ლუკა მაისურაძე - 7050 ქულა

3. დენის ვიერუ - 6985 ქულა

4. ილია სულამანიძე - 6783

5. ლაშა შავდათუაშვილი - 6496

ეს კი ვიდეოა, თუ რამდენს ნიშნავდა გუნდური მესამე ადგილი საქართველოსთვის. ეს არის ყველაზე ნამდვილი ემოცია, თუ რაოდენ შეუძლია სპორტს გაგაბედნიეროს.


მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავთ ყველას და დიდ წარმატებებს გისურვებთ! გაიხარეთ და იბედნიერეთ რომ ახარებთ ქართველ ერს თქვენი გამარჯვებებით. ყველას გვესმის, რომ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და მარად ჩემპიონი ვერ იქნები, მაგრამ რასაც თქვენ ახერხებთ ეს დიდი გმირობაა - უნდა ვაღიაროთ ყველამ! გოგოების გამოსვლაც დიდი იმედის მომცემია, პროგრესი აშკარად სახეზეა. ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ სამომავლოდ!
ქართველი
16 მაისი 2023 09:56
0
კარგი შედეგია, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ გურამ თუშიშვილმა პირად პირველობაში ვერ მოიპოვა გამარჯვება. არა და ძალიან მაგრად იყო მომზადებული, პირდაპირ საჩემპიონოდ! რაც დაამტკიცა გუნდურში გამოსვლებით. მისთვის რეალური მეტოქე იყო მხოლოდ ინალ ტასოევი, რომელსაც მე მსოფლიო ჩემპიონად ვთვლი! ასევე ძალიან დიდი უკმარისობის გრძნობა დამრჩა, როცა ვარლამმა ისეთ ფალავანთან წააგო რომელიც ძიუდოს გაგებაში არ იყო. მართალია ჯანიანი ბჭი იყო, მაგრამ ძიუდო აბა რა არის თუ არა ძალია ფანდით დამარცხება! რაც შეეხება ილია სულამანიძეს მე მისგან მხოლოდ ოქროს ველოდი. ასე რომ იმის 50% გავანაღდეთ რისი რეალური შესაძლებლობაც იყო!
aburjga
16 მაისი 2023 09:36
2
მართლა დიდი მადლობა. დიდი ხანი არაა რაც კატარში ვცხოვრობ და უკვე ნოსტალგია მაქვს და ამ დროს ასეთი ამბავი. სიმაღლეში მაქვს მომატებული 10-15 სმ. :)
Lasha
16 მაისი 2023 07:29
1
1989 წლის შემდეგ ერთ ჩემპიონატში ასეთი დიდი წარმატება ჩვენი ძიუდოისტების არ მახსოვს...ლეგენდარული კობა კურტანიძის და ამირან ტოტიკაშვილის ჩემპიონობის შემდეგ.. რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვებები ოლიმპიადის წინ...ამაზე დიდ შედეგს ოლიმპიადაზე ვლოდები..მჯერა ჩვენი ოქროს ბიჭების და გოგონების..მათი დიდოსტატობის..შრომისმოყვარეობის..მონდომების..ქართველობის და უამრავი პოზიტიური თვისებების და უნარების...ყველას დიდი მადლობა ამ დიდი სიხარულისთვის რაც მოგვანიჭეს..უამრავი სიკეთე და ბედნეირი მათ ამისთვის..ვულოცავ ყველას...ვულოცავ ლაშა გუჯეჯიანს..და ყველა მის თანამოაზრეს..ვისაც კი წვლილი აქვს ამ დიდ გამარჯვებაში..
bujanga
15 მაისი 2023 22:34
0
გილოცავთ და წარმატებები...
ქუთათური
15 მაისი 2023 21:14
0
ამ ჩემპიონატის აღმოჩენაა, რომ გვყავს სრულყოფილი გუნდი, რომელიც იმედია მედალს შემატებს ოლიმპიადაზე ქვეყნის დელეგაციას. ბრწყინვალეა მთელი გუნდი, განსაკუთრებით კი ეთერ ასკილაშვილმა გამახარა, რადგან ახალგაზრდაა და დიდი ხნით დაიხურა ამ წონის პრობლემა ნაკრებში. ასევე აღარაა სომხიშვილი ისეთი, რომ ამბობდნენ "გინდ გყოლია და გინდ არაო". დღეს მთელმა ფედერაციამ უნდა იმუშაოს ხარვეზებზე, ეს კი პირველ რიგში ილიას სუსტი გამძლეობაა, ეს თუ გასწორდა პარიზში მას ფინალში ვხედავ და საერთოდ პარიზში ისე უნდა გამოიყურებოდეს საქართველოს ნაკრები, როგორც იაპონელები ტოკიოს ოლიმპიადაზე.
ჟორა გაბრიჭიძე
15 მაისი 2023 20:34
1
მომავალი დეპუტატები
გიო პაპა
15 მაისი 2023 18:18
22
კიდევ ერთი მედალი ილია სულამანიძის სახით წაგვართვეს და ეს ფაქტია ერთი 100% ვაზარი არ ჩათვალეს და მერე საერთოდ გაუუქმეს. ესე იცის სპონსორად რომ სოკარი გყავს. მადლობა ყველას ამ დიდი სიხარულისათვის
GG
15 მაისი 2023 14:22
1
ყველასტან ბოდიში მაგრამ რაც ახალმა სახემ მონღოლეთტან გააკეთა 3-2ზე პირველ ორთაბრძოლაში თან დამატებით კიდე რამდენი წუთი იყო გმირობაზე მეტი დანარჩენებს გამოცდილება ქონდათ და ეტყობოდათ კიდეც ეს მგონი პირველი შემთხვევაა რომ სრული ნაკრები გვყავდა გოგონებში და 0-1 ანგარიშიტ არ დავიწყეტ მსოგლიოს ოქრო და პლიუს ოლიმპიადაზე გუნდურის საგზური აქედან მივმართავ მთავრობას და ბიზნესს 2024 წელი არ არის დაკავებული მარა მომდევნოები კი 10 მილიონი დოლარი ჯდება მსოფლიო წესით ბიზნესიც უნდა ჩადგეს რიგში რომ მთავრობას შეეხიდო ასეთი შანსის გაშვება როგორ შეიძლება და ბოლოს რა ეტყობოდა მთელი კვირას იმ დარბაზში ცვეულებრივი მაყურებლები რომ იყვნენ? ყველა დარბაზში მსხდომი იყო ქვეყნის დელეგაცია რაის ყატარი ჩვენთან ფინალებზე მაინც ტევა არ იქნება და კიდე ერთხელ ვამმობ ამ შანსის ხელიდან გაშვება მითუმეტეს ამ ისტორიული მსოფლიოს შემდეგ იქნება დანაშაული
ნოდო
15 მაისი 2023 12:01
1
დიდი მადლობა გიორგი, თქვენის ნებართვით მოგპარავთ
ბარაბანა Is Back
15 მაისი 2023 11:56
3

სიახლეები პოპულარული