სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს.
შოთა ბაჩოშვილი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა რუმინელი მოწინააღმდეგე, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაიევი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი შესძინა მერაბ სამადაშვილმა (- 55 კგ), მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდაველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე იპონით გამარჯვება იზეიმა იტალიელ ემილიანო ლატანზისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი