მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში: ზვიად პატარიძის ოქროს დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
ტამპერეში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ბერძნულ-რომაულად მოასპარეზე ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა, თუმცა ისიც ოქროსი - მძიმე წონაში ჩემპიონი ზვიად პატარიძე გახდა.

ქუთაისელი ტალანტი კვლავაც შეუჩერებელია და ასაკობრივ შეჯიბრებებში უკვე მეხუთე სეზონია, ოფიციალური ტურნირი არ წაუგია, შედეგად კი ზედიზედ მესამედ გახდა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი.

ამ ასაკში ასევე სამჯერ ევროპის ჩემპიონიცაა, ამას კი წინ ჭაბუკებში მოპოვებული წარმატებები უსწრებდა, სადაც ორჯერ მსოფლიოს და ერთხელ ევროპის ჩემპიონობა მოასწრო. თან ეს ყველაფერი ზედიზედ, სეზონის ჩაუგდებლად გააკეთა. მის ასეთ წარმატებას მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული
ფედერაციაც გამოეხმაურა და თავის საიტზე ხაზგასმით აღნიშნა ქუთაისელი ფალავანის წარმატებები.

2013 წლიდან მოყოლებული, თანატოლებში პატარიძეს არ წაუგია ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. მხოლოდ წლეულს წააგო ერთი პაექრობა და ისიც ასაკით უფროსებთან - 23-წლიანთა ევროპაზე მესამეზე გავიდა. ასევე მესამე იყო ყაზახეთშიც, ბოლატ ტურლიხანოვის მემორიალზეც, მაგრამ ის საერთაშორისო ტურნირი იყო და არა პირველხარისხოვანი შეჯიბრება. თანაც - უფროსებში ტარდებოდა. თუმცა უკვე უფროსებში გამარჯვებებსაც გაუგო გემო - შარშან საკლუბოზე გაიმარჯვა, წლეულს კი კიევში მოიგო საერთაშორისო ტურნირი.

სუსტი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ
ზვიად პატარიძეს ვერ აჩერებენ და ეს ტამპერეშიც დადასტურდა, სადაც ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო წმინდად, ანუ ვადამდე, იმათგან პირველი კი სულაც 17 წამში დაასრულა! ეს იყო მისი მეორე პაექრობა ამ ტურნირზე, რომელიც რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეისთან გამართა, პირველში კი 47 წამში გააცამტვერა იაპონელი იცუკი შოჯი. ბერეის ჩვენებურმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშიც მოუგო, თუმცა რუმინელმა გვარიანად აწვალა - "მხოლოდ" 7:1 და სრული საჭიდაო დრო!

შესაძლოა, პატარიძემ ახლა იმიტომაც მოინდომა ასე ძალიან, ისე კი, ტამპერეში ეს ორი საწყისი შეხვედრა ერთნაირი სცენარით ჩაატარა - ჯერ დაბლა ჩაიყვანა მეტოქეები, იქ კი ზედიზედ ორ-სამჯერ დაატრიალა (ვისთანაც რამდენი დასჭირდა). ოღონდ რუმინელი, უბრალოდ, ჩააგდო ჩოქბჯენში, იაპონელი კი დგომიდან გადააგდო. მეოთხედფინალში ირანელი ამინ მოჰამადზამან მირზაზადე და ნახევარფინალში რუსი გიორგი გაჯინოვი ძირითადად წრიდან გაყვანით "იმსხვერპლა". განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ირანელთან მოგებას სრული დრო, 6 წუთი მოანდომა და 4:1 აჯობა, რუსი კი ასევე ვადამდე 9:0 გაანადგურა (აღსანიშნავია, რომ გაჯინოვი ევროპის წლევანდელ პირველობის ფინალშიც დაამარცხა და მაშინაც წმინდად მოუგო, 8:0).

ორივე მეტოქე უკმაყოფილებას გამოხატავდა წრიდან გასვლისას, თუმცა ვის ედავებოდნენ, ჩემთვის გაუგებარია - ისინი გაურბოდნენ პატარიძეს და არ აძლევდნენ ილეთზე შესვლის მცდელობას, თორემ ეს არ იყო კლასიკური მიწოლა წრიდან გასაყვანად. აკი არც მსაჯებს გამოუთქვამთ რამე პრეტენზია ჩვენებურის მისამართით, თორემ მათ სასჯელს ვინ დაასწრებდა და აკი მოგვიანებით ფინალში ამისთვის დასაჯეს კიდეც! თანაც რუსი ფიზიკურადაც მოღალა და დაჩაგრა - მას ეს უკვე მეორე წუთზე დაეტყო, როცა ტომარასავით ჩავარდა დაბლა, სადაც პატარიძემ ჩვეულ სტილში დაითრია ბრუნებზე...

ეს წონა კლასიკური ნიმუშია, ძიუდოს მსგავსად, ჭიდაობაშიც რაოდენ საჭიროა განთესვა - როცა ბადის ერთ მხარეს, ჩვენებურისკენ მოხვდნენ რუსი, ირანელი (ამ ბიჭმა შარშან მსოფლიოზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა), სომეხი, ამერიკელი ფალავნები, მეორე ნახევარში ძლიერი ქვეყნებიდან აზერბაიჯანი და უკრაინა იყვნენ გამოსარჩევნი. იმათაც არ ჰყავთ სტაბილური მძიმეწონოსნები და ფინალში იმ მხარიდან ყირგიზი რომან კიმი გავიდა.

ფინალი და დაკარგული ქულები
ამ გვარის კაცი რამდენადაა ყირგიზი, ვერ გეტყვით, მაგრამ წყვილში ფავორიტი კი ნამდვილად ქართველი იყო, რომელმაც მართლაც იოლად მოიგო იმის მიუხედავად, რომ სწორედ აქ დაკარგა პირველი ქულები - 2:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიმი მისთვის ილეთის გამკეთებელი არ ჩანდა და, თითქოს, არც თავად ჰქონდა ამის იმედი, ისე უნდილად ჭიდაობდა, მხოლოდ მხრებით ჯიკაობდა. ერთადერთხელ სცადა ვითომ ილეთზე წასვლა, როცა წელში შესვლა მოინდომა და მაშინაც ფრთაგაშლილი ქორივით წავიდა - ყველაფრიდან ეტყობოდა, რომ, უბრალოდ, ვალი მოიხადა და გააკეთა შესვლა შესვლისთვის, ანუ ილეთის იმიტაცია ჰქონდა.

პატარიძემ ახლაც უფრო ძალისმიერ სტილში იჭიდავა და საქმე პირველივე პერიოდში მოიმთავრა, როცა შესვენებაზე 5:1 ანგარიშით გულდამშვიდებული წავიდა. ვერ ვიტყვი, რომ წრიდან გაგდებაზე მეცადინეობდა, მაგრამ ამ ხუთიდან სამი ქულა სწორედ ასე მოიპოვა. თუმცა აქაც ის მომენტი იყო, რომ დაშინებული ყირგიზი უფრო თვითონ გარბოდა უკან, ოღონდ კი ამისთვის ხელების მხრებში შეტანის და "ჯვარის შეკვრის" საშუალება არ მიეცა. პატარიძე აშკარად მხოლოდ მეხუთე ქულაზე მიაწვა, როცა დიდი მცდელობის მიუხედავად, "ჯვარზე" ვერ შეეკრა. მანამ ერთხელ კი მოახერხა ეს და დაბლაც ჩააგდო, მაგრამ წრის გარეთაც გავიდნენ და მსაჯმა დატრიალება აღარ დააცალა.

პერიოდის ბოლოს იყო ის ეპიზოდი, როცა ჩვენებურმა მთელ ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა: ისევ დიდხანს ცდილობდა ხელების შეკვრას, მაგრამ მეტოქე გაურბოდა და ბოლოს ამან წრიდან გააგდო, მაგრამ მსაჯმა არათუ გაყვანად არ ჩაუთვალა, მიწოლისთვის აქეთ დასაჯეს ორი ქულით, რადგან მანამდეც გააფრთხილეს ამაზე. მეორე პერიოდი პატარიძემ უფრო ტაქტიკურად წარმართა და ისევ წრიდან გაყვანით მხოლოდ ერთი ქულა შემატა მონაგარს, თუმცა არც დაუკარგავს და საქმე მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

იხილეთ ვიდეო
პატარიძის დაჯილდოების დროს საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს
Sportall.Ge

ჩემპიონი გუნდის დაცემა
სამწუხაროდ, პატარიძის გარდა, ამ ჩემპიონატიდან თავმოსაწონებელი ბევრიც არაფერი გვაქვს! ჩვენი სხვა ფალავნებიდან სანუგეშო წრეში მხოლოდ ორი გადავიდა - ნუგზარ წურწუმია (55) და თემურ ჭკუასელიძე (84), სხვები კი ადრევე დამარცხდნენ და გამოვარდნენ.

ეს ყველაფერი მით უფრო საწყენია იმ ფონზე, რომ წლეულს სოსო ჯაბიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ფანტასტიკური შედეგი დადო - რვავე წონაში მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოსთან შედარებით, ევროპის პირველობაზე არც ისე ძლიერი შეჯიბრებაა. თანაც, საჭიროა ორ-ორი შემადგენლობის მომზადება, თორემ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ორი დიდი ტურნირის ჭიდაობა რომ შეუძლებელია, კიდევ ერთხელ დავინახეთ. ამას ერთეულები კი შეძლებენ, მაგრამ მასობრივად ყველა - ვერა.

დაახლოებით ასე დაემართა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს - ევროპაზე ხუთი მედალი ჰქონდათ, აქ კი თითო ვერცხლსა და ბრინჯაოს დასჯერდნენ. თან, ბრინჯაოს მომპოვებელს - ივერიკო ჯულაყიძეს (66) ევროპაზე არ უჭიდავია.

გასაგებია, რომ დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვყავს ორ-ორი შემადგენლობის გაყვანის ფუფუნება, მაგრამ, ალბათ, თავად სისტემაშიცაა რაღაც შესაცვლელი, რომ სათანადო რეზერვი გაიზარდოს.

წაგებული დასაწყისი
ჩემპიონატის დასაწყისი სულ მთლად კოშმარული გამოდგა, რადგან იმ დღეს მოჭიდვე კვარტეტიდან ყველა ნაადრევად გამოვარდა: რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე (60), ბექა მამუკაშვილი (74) და გიორგი ბარბაქაძე (96). ამათგან მხოლოდ სილაგავამ მოიგო ერთი შეხვედრა, დანარჩენებმა კი პირველივე ორთაბრძოლა დათმეს.

გუშინ გიორგი კურტანიძემაც (66) ერთ პაექრობაში იმარჯვა, თუმცა სანუგეშოში გადასვლის შანსი არც მას მიეცა.

განსაკუთრებით დასანანი იყო ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ წურწუმიას წაგება, თუმცა სანუგეშოში მასაც მეტი მართებდა. ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებდა, მერე კი იოლად გაუმკლავდა ინდოელ ვიჯაი ვიჯაის - 5:3. აი, სწორედ ამის შემდეგ იყო ის დასანანი მარცხი თურქთა მომავალ ჩემპიონ კარემ კამალთან, რომელიც ევროპის წლევანდელი ტრიუმფატორია. ეს შეხვედრა 6:6 დამთავრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება თურქს დარჩა. წურწუმიას მაინც რჩებოდა შანსი, ზედიზედ მესამე მსოფლიოზე მოეპოვებინა მედალი (შარშან მესამე იყო, შარშანწინ - მეორე), თუმცა სანუგეშოში მოლდოველ სერგეი ჟეპანთან დამარცხდა: 2:10.

ჭკუასელიძეც ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანია და პირველ წრეში უნგრელ ბოტონდ კისმონის დაუმთავრა ვადამდე საქმე: 11:0. ისიც მეორე წრეში დამარცხდა - რუსთა ევროპის ჩემპიონსა და ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ალექსანდრ კომაროვთან 2:10 დათმო. სანუგეშოშიც თითო მოგება-წაგება მოასწრო: კორეელ ჯუნიეოპ პარკთან 12:4 მოგებას რუმინელ ნიკუ სამუელ ოჯოგთან 4:10 წაგება მიაყოლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გილოცავთ, ზვიად, ძალიან გავიხარეთ ბორჯომელებმა. ვამაყობთ და მომავალ წარმატებებს გისურვებთ
იზა
11 სექტემბერი 2017 11:37
0
გაიხარე შვილო.მოშენდი და ბედნიერი დაბერდი.შენისთანები ამრავლოს ქვეყანაში უფალმა.დიდება შენ ,პატარა საქართველოს დიდო შვილო.
ნინი
29 აგვისტო 2017 11:57
0
აუცილებელია ზვიადისთვის დიდებში ჭიდაობა. უნდა მოამზადონ მომავალი სეზონისთვის. რას ფიქრობენ არ ვიცი მგონი ისევ ბავშვი ჰგონიათ.
nika
09 აგვისტო 2017 10:03
0
ქართველო ბიზნესმენებო დაუდექით გვერდში საქართველოში ყველაზე წარმატებულ სპორტის სახეობას ჭიდაობას!
lelo
07 აგვისტო 2017 12:38
0
მერე ჩემს ბარტყუნია ბურტყუნიებს რომ შეუთხელდეთ ლოყები)
ბიზნესმენი ლელო-ს
07 აგვისტო 2017 14:24
0
მსოფლიო ჩემპიონატი ჩავაგდეთ. როგორც თავისუფლებში ისე ბერძნულ-რომაულში. ზვიადის დიდი მადლობა მთელი საქართველოს სახელით! მეშინია კვირკველიას ფეხზე დაყენებული ჭიდაობა გეგეშიძემ არ ჩაძიროს! ძალიან ძლიერი თაობა მოდის და მათ ძალიან ბევრი მოფერება და მოფრთხილება ჭირდებათ. თქვენი იმედი გვაქვს ქართველო ლომებო თქვებ ბევრჯერ მეტი შეგიძლიათ!!!!!!!
zaza
07 აგვისტო 2017 12:31
0
ზვიად პატარიძე რომ გააღვიძო და ლეიბზე შეაგდო ისედაც გადაუვლის ყველას. დანარჩენებს და მთლიანად ნაკრებს დაეტყო ზაზა სილაგაძის წასვლა. ფედერაციაში მაგარი ხალხი მოვიდა, ეტყობა ეხერხებათ კადრების შერჩევა. ჯერ სადა ვართ. სანამ სპორტი პოლიტიკისგან არ გაიმიჯნება მანამდე არაფერი გვეშველება.
გიო
07 აგვისტო 2017 11:11
1
ზვიადი ყველა ქართველის სიამაყე!!! აუცილებელია მისი დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ის უალტერნატივოა!!! ზვიად დიდი მადლობა ჩვენი გახარებისთვის.
gurami
07 აგვისტო 2017 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული