მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: ქართული კვარტეტი, პარიზი და კლასიკა

AutoSharing Option
დღეს, 21 აგვისტოს, პარიზში "ბერსის" განთქმულ დარბაზში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა გუნდები გამოვლენ, ქალებში კი მონაწილე არ გვეყოლება. მსოფლიოს ჩემპიონატი 21-27 აგვისტოს გაიმართება.

ტურნირში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან, დღეს კი ოთხ წონაში - 71, 75, 85 და 98-ში გაიმართება შეჯიბრებები.

ასპარეზობა თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება, გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

მშვიდი ცხოვრება არ იქნება
ევროპისა და ოლიმპიადის მესამეპრიზიორ შმაგი ბოლქვაძეს უმაღლესი რანგის შეჯიბრებებზე დებიუტი ექნება 71 კილოგრამში, მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს
- ისლამური თამაშების გამარჯვებული, ირანელი მოჰამადალი აბდელჰამიდ გერაე.

ჩვენებურს არც მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ელოდება "მშვიდი ცხოვრება", სადაც მისი სავარაუდო მეტოქე შვედთა ევროპის პრიზიორ ზაქარიას კნუტ ტალროტის, ფრანგ ევრიკ ნიკოგოსიანის, ალჟირელ ტარეკ აზიზ ბენაისას და უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვის კვარტეტში უმჯობესი იქნება. თუმცა ამათში ყველაზე საშიში მაინც ირანელი გვგონია.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი: ბადის ამავე მხარესაა აზერბაიჯანელთა ოლიმპიური პრიზიორი, ისლამიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, სპეციალისტთა მიერ ამ ტურნირის მთავარ ფავორიტად შერაცხილი აზერბაიჯანელი რასულ ჩუნაევი და გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ფრენკ სტაბლერი.

ყველა წულუკიძის ბადეში
75 კილოგრამში ბოლქვაძის თანარაიონელი, ხულოელი მინდია წულუკიძე იჭიდავებს, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე ჩაებმება ჩემპიონატში, პირველ შეხვედრას კი ინდოელ გურპრეეტ სინგჰთან გამართავს.

ამათში გამარჯვებულს მეორე ეტაპზე ამერიკელ მეისონ მენვილს და შვედ მანფრედ ედსბერგს შორის მოგებული შეხვდება, ისე კი წილისყრამ დიდად არც წულუკიძეს გაუმართლა: ირანელთა მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი საეიდ მორად აბდვალი, სერბთა ევროპის ფინალისტი ვიქტორ ნემესი, ბელორუსთა დაღესტნელი ევროპის მესამეპრიზიორი ყაზბეგ კილოუ და სხვები - ყველანი მის მხარეს მოხვდნენ.

ჩაკვეტაძის წინააღმდეგ
85 კილოგრამში ევროპის შარშანდელი ფინალისტი, თბილისელი რობერტ კობლიაშვილი ბადეში რუსთა ქართული წარმოშობის ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან მოხვდა, თუმცა მას ნახევარფინალამდე არ ხვდება, პირველ პაექრობას კი ავსტრიელ ამერ ჰრუსტანოვიჩთან ჩაატარებს.

წარმატების შემთხვევაში ჩვენებური პოლონელი თადეუშ მიხალიკის და სერბი ნიკოლაი დობრევის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ოღონდ არ იყოს ჩხუბი...
დაბოლოს, 98 კილოგრამი, სადაც აბაშელი რევაზ ნადარეიშვილი საკვალიფიკაციოში ისვენებს და საქმეში 1-16-ფინალიდან ჩაებმება, თუმცა გვარიანი ჯაფა კი ელოდება - ჩეხთა ნატურალიზებულ დაღესტნელ არტურ ომაროვს ხვდება.

შემდეგ ეტაპზე გასვლისას ამერიკელი ტრეის განგელო ჰანცოკი ან თურქი ფატიჰ ბასკოი ეყოლება, რაც სულაც არაა ბედის საჩუქარი, მაგრამ ამის შემდეგ გაცილებით ძნელი ბადე ელოდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის მასზე დაბოღმილი სომეხთა ევროპის სამგზის, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი არტურ ალექსანიანიცაა.

შეგახსენებთ, რომ ნადარეიშვილმა მას ამ ზაფხულს თბილისში, კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე მოუგო, ის შეხვედრა კი ჩხუბში გადაიზარდა, სადაც ძმა და მამა აქტიურობდნენ. თავად სპორტსმენი ფიცარნაგიდან ჩამოხტა, რისთვისაც დისკვალიფიკაცია მისცეს და საერთოდ მოხსნეს შეჯიბრებიდან.

ვიქონიოთ იმედი, რომ ალექსანიანს პირველივე წრეში ირანელი აზიის წლევანდელი ჩემპიონი საიედმუსტაფა საიედგანბარ სალეჰიზადეჰი დაამუხრუჭებს. ნადარეიშვილი ამათ უკვე მესამე წრეში, მეოთხედფინალში ხვდება, თუმცა იქამდე მისასვლელადაც დიდი ბრძოლები ელოდება.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული