ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი მარიამ კარელიძე (40) პირველივე შეხვედრაში წმინდად დამარცხდა აზერბაიჯანელ აიშან იუსუფოვასთან, თუმცა ფინალში ვერც ის გავიდა და ჩვენებურიც დაემშვიდობა შეჯიბრებას.
თამარ ხოჯაშვილი (52) რუს ანასტასია სიდელნიკოვასთან დამარცხდა ასევე წმინდად, თუმცა საბოლოოდ სანუგეშოში რუსი გადავიდა...
* * *
დღეს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭები ჩაებმებიან, სხვებთან ერთად კი 5 ქართველი მოზარდიც იასპარეზებს. გია კვინიკაძის კიდევ ერთი ქუთაისელი მოსწავლე - დიმიტრი სალდაძე (50) პირველივე შეხვედრას იმ თურქ დოგან კარასთან გამართავს, ვისთანაც ევროპის პირველობაზე ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
პირველ შეხვედრას ქობულეთელი ევროპის მესამეპრიზიორი თორნიკე ქათამაძეც (58) თურქთან გამართავს, ოღონდ არა ტოლგა აქუიზთან, ვისაც ევროპის პირველობაზე აჯობა, არამედ - სავიტ აკართან.
კიდევ ერთი ქუთაისელი - ბაგრატ გაგნიძე (69) ამ გუნდში ახალი კადრია, ევროპირველობაზე არ უჭიდავია. მისი პირველი მეტოქე სომეხი დავიდ გევორგიანია.
დაბოლოს, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი, თბილისელი დავით ქოჩქიანი (85), საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება შეჯიბრებაში ბელორუს ალეჰ მატორნისთან.
შეგახსენებთ, რომ ხვალ დანარჩენ წონებში ჩვენგან ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი ჩემპიონი, გორელი გიორგი გეგელაშვილი (46), ევროპის ამბროლაურელი ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე (54), გორელი გიორგი ელბაქიძე (63), ქარელელი ლაშა ბაირამოვი (76) და თეთრიწყაროელი სოლომონ მანაშვილი (100) იჭიდავებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"