საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.
როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.
"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.
11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.