ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა

AutoSharing Option
იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე იქნა მიღებული.

იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

"2014
წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს "ალავერდის" კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელია. ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის; კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები და კისრულები. მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია", - აცხადებენ სამინისტროში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამხელა ტრადიციების ქვეყანა როგორ წუმპეში ვართ ჩავარდნილი, ყეყეჩი ძიუდოისტების და მათი არაფრის მაქნისი ფედერაციის გამო თავი გვეჭრება მსოფლიოს მაშტაბით.
toma
12:13 29-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული