![](https://sportall.ge/pictures/image31/e115aab862781e61eb1b24fee4abd939.jpg)
ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველ სეკიტორს ბალანსი 11:5-ზე ჰქონდა. ჩვენმა ფალავანმა იაპონელი იორიკირით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა და ტურნირზე დადებითი ბალანსის მიღწევამდე ერთი შეხვედრა აშორებს.
ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე 7 მოგება და 2 მარცხი აქვს.
შეგახსენებთ, ტოჩინოშინი ტრავმით და გამაყუჩებლებით ასპარეზობს. დადებითი ბალანსის მიღწევის შემდეგ არ არის გამორიცხული, უარი თქვას ასპარეზობის გაგრძელებაზე.
რაც შეეხება მეორე ქართველს, გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მეტოქედ ლიგის პირველი ნომერი ჰყავდა და ოკურიდაშის ილეთით დამარცხდა. საერთო ჯამში, თეიმურაზ ჯუღელს 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.
ხვალ ტოჩინოშინს რთული ბრძოლა ელის, მისი მეტოქე ოძეკი გოეიდო იქნება. ლევან გორგაძეს მასთან უარყოფითი ბალანსი - 10:14-ზე აქვს.
რაც შეეხება გაგამარუს, ის ლიგის მესამე ნომერს, აზამარიუს დაუპირისპირდება. ბალანსი 4:3-ზეა ქართველის სასარგებლოდ.