ნაგოია ბაშოს შეჯამება - გაგამარუ, ტოჩინოშინი და მისი მეგობარი მიტაკეუმი

AutoSharing Option
ნაგოია ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, ეს ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული არ გამოდგა და შესაბამისად, არც ქართველი ქომაგის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ტოჩინოშინი

ქართველი ფალავნისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მოიგო ზედიზედ 5 ბრძოლა. ამ პერიოდში ტრავმების გამო ტურნირს გამოეთიშნენ იოკუძუნები - ჰაკუჰო და კაკურიუ. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქართველი ამ ბაშოს წარმატებით დაასრულებდა, თუმცა მეექვსე ორთაბრძოლა ტამავაშისთან საბედისწერო გამოდგა, ქართველმა ბრძოლაც წააგო და მყესიც გაიწყვიტა.

ტოჩინოშინი ამ პერიოდში ლიდერი იყო კენშოების გამომუშავებითაც, მან 61 კენშო (79 849 ლარი) გამოიმუშავა. ქართველი სეკიტორი აკი ბაშოზე სექტემბერში
დაბრუნდება, რომელიც წესით, თვის მეორე კვირაში იწყება.


სექტემბრის ბაშო ლევან გორგაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აუცილებლად ესაჭიროება დადებითი ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, დიდი ალბათობით, ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.

გაგამარუ

თეიმურაზ ჯუღელი ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი სუმოისტია, რომელსაც ტრავმასა და მეტოქესთან გამკლავება ერთდროულად უწევს. სამწუხაროდ, ეს ბაშო მისთვის წარუმატებელი გამოდგა.

გაგამარუმ მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა. მან 7 შეხვედრა მოიგო და 8 ბრძოლა წააგო. ეს იმას ნიშნავს რომ ჯურიო ლიგის მე-9 ნომრობიდან კიდევ დაქვეითდება და შემდეგ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მაკუშიტა დივიზიონისკენ (მესამე ლიგა) გზას გაუხსნის. ამ დროისთვის კი გაგამარუ მეორე ლიგაში რჩება.

მიტაკეუმი
ეს ბაშო წარმატებული გამოდგა 25 წლის იაპონელი სუმოისტისთვის. მიტაკეუმმა თავის კარიერაში პირველად მოიგო იმპერატორის თასი და ეს იაპონელი ქომაგისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან ბოლო პერიოდში იაპონელებს მსგავსი წარმატების მიღწევა უჭირდათ და ბაშოს, ძირითადად, მონღოლები იგებდნენ.

მიტაკეუმი სეკივაკეს ტიტულს ატარებს. მისი შემდეგი მიზანი ოძეკის ტიტულის მოპოვებაა და მისი ეროვნულობიდან გამომდინარე, მას მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ. 

მიტაკეუმი და ტოჩინოშინი მეგობრები არიან. ეს იაპონელმაც აღნიშნა გამარჯვების შემდეგ:

"საოცარი გრძნობაა, როცა დავინახე, ჩემი გამარჯვება ამდენ ადამიანს გაუხარდა. როცა ტოჩინოშინი ოძეკი გახდა, ამან მეტი მოტივაცია მომცა. ჩვენ ხშირად ერთად ვვარჯიშობთ და მეგობრები ვართ. მის მაგალითზე მეც მოვიგე იმპერატორის თასი. ვფიქრობ, რომ მეც შემიძლია ოძეკი გავხდე".

იაპონელმა ნაგოია ბაშო 13 გამარჯვებით და 2 მარცხით დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა თემურის ოჯახში - მას ორი დღის წინ გარდაეცვალა დედა:-( გულწრფელი სამძიმარი თემურს და მის ოჯახს.
ჯანო
12:19 23-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული