ტოჩინოშინის კაკურიუსთან ბრძოლის შედეგები და დღევანდელი გამოწვევები

AutoSharing Option
19 სექტემბერი ტოჩინოშინისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოდგა. მან თავის კარიერაში კაკურიუს 25 შეხვედრიდან მესამე ბრძოლა მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ სუმოისტს შორის წლევანდელ დაპირისპირებაში ურთიერთშეხვედრების ბალანსი 2:2-ზეა.

ლევანმა კაკურიუს დამარცხებით დაამტკიცა, რომ ის ჩამოსაწერი სუმოისტი არ არის და მას კვლავ ძალუძს ნოემბერში იმპერატორის თასისთვის ბრძოლა.


რატომ არ ესროლეს კაკურიუს წითელი ბალიშები?
წითელ ბალიშებს დოჰიოზე გულშემატკივარი მაშინ ისვრის, როცა იოკოძუნა მარცხდება მასზე სუსტ მეტოქესთან. შეიძლება ბალიშები იმ შემთხვევაშიც ისროლონ, თუ მიმდინარე ბაშოზე
გამორჩეული სუმოისტი დამარცხდება. ბალიშების გადაყრა კი სირცხვილს წარმოადგენს.

იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ტოჩინოშინი უკვე ოძეკია, რაც სიტყვა-სიტყვით, როგორც "ჩემპიონი", ასე ითარგმნება, ხოლო მის მიერ იოკოძუნას (დიდი ჩემპიონის) დამარცხება იაპონელებისთვის მოსალოდნელი ფაქტი გამოდგა და ბალიშებიც არ უსვრიათ.

ბალიშების სროლის კონკრეტული წესი არ არსებობს, თუმცა, როცა იოკოძუნა ოძეკზე დაბალი რანგის სუმოისტთან მარცხდება, გულშემატკივრები სირცხვილის ნიშნად ბალიშებს ისვრიან, მაგრამ როცა ოძეკი ამარცხებს იოკოძუნას, ამაში სასირცხვილო არაფერია, რადგან ოძეკი ძლიერი სუმოისტია და როგორც უკვე გითხარით, "ჩემპიონია".

რა შედეგი მოჰყვა გუშინდელ ორთაბრძოლას?
ტოჩინოშინის მიერ ძალიან ეფექტურად კაკურიუს დამარცხებას მხოლოდ და მხოლოდ 9 კენშო მოჰყვა, როცა მიტაკეუმს ტოჩინოშინის დამარცხებისთვის 12 კენშო ერგო. ქართველ ფალავანს ამ ბაშოზე სულ 49 კენშო დაუგროვდა (ერთი კენშო 1407 ლარს უდრის). ფინანსურად ნაკლები სარგებელი ალბათ იმითაც არის გამოწვეული, რომ ამ ბაშოზე ტოჩინოშინს, არასტაბილურობიდან გამომდინარე, ნაკლები რაოდენობის სპონსორები ჰყავს. ლევანი გამომუშავებული კენშოებით მერვე ადგილზეა.

გადაეცემა თუ არა ამისთვის ტოჩინოშინს კინბოშის ვარსკვლავი? - არა, რადგან ამ ვარსკვლავს ძირითადად რიგითი მაეგაშირები იღებენ, რომლებიც იოკოძუნას ამარცხებენ. ქართველი სეკიტორი ოძეკია და შესაბამისად, არ ერგება. სუმოისტს, რომელიც კინბოშს იღებს, მთელი მისი კარიერის განმავლობაში ხელფასის რაოდენობა ეზრდება.

თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ ამ ბრძოლისთვის ტოჩინოშინს ერგოს: კანტო-შო (მებრძოლი სულის პრიზი) ან გინო-შო (ტექნიკური ასპარეზობის პრიზი).

რა ხდება დღეს?
ტოჩინოშინს 7 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. როგორც იცით, ის კადობანშია ჩაყენებული და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ესაჭიროება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს. ქართველმა ფალავანმა ამისთვის დარჩენილი 4 ბრძოლიდან ერთი უნდა მოიგოს.

ის დღეს იოკოძუნა ჰაკუჰოს უპირისპირდება, რომელთანაც 26 ბრძოლა აქვს გამართული და 25 ბრძოლაში დამარცხებულია. მათი ურთიერთდაპირისპირება 2008 წლიდან იწყება და ლევანმა წელს გატეხა მასთან ნავსი.

ტოჩინოშინი მასთან ბოლოს 2017 წელს დამარცხდა. ბოლოს ისინი კი ნაცუ ბაშოს მეთორმეტე საშეჯიბრო დღეს დაუპირისპირდნენ და ქართველმა ფალავანმა ის დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

ამ ბაშოზე გორგაძე ორ იოკოძუნას უკვე შეხვდა, კისენასოტოსთან დამარცხდა და კაკურიოსთან გაიმარჯვა. ვიმედოვნებთ, დღეს ტოჩინოშინი ოძეკობას გაინაღდებს და წელს ურთიერთშეხვედრების ბალანსში ჰაკუჰოს გაასწრებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი სტატიაა, ბევრი რამ განმარტა.
მერაბი
12:10 20-09-2018
0
მადლობა სტატიისთვის
levo
10:29 20-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული